in

როგორი იყო Young Lions 2025-ის მსოფლიო კონკურსი? – მარკეტერის კატეგორიის გუნდი გამოცდილებას გვიზიარებს

სულ ცოტა ხნის წინ, კანის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. საფრანგეთის ქალაქ კანში, მთელი მსოფლიოს კრეატორებთან ერთად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იბრძოდა პირველობისთვის. საქართველო არც წელს წამოსულა ჯილდოს გარეშე – დიზაინის გუნდმა ვერცხლის ჯილდო მოიპოვა. საქართველოს ნაკრები ადგილობრივი კონკურსის 6 კატეგორიის გამარჯვებული გუნდისგან შედგებოდა. მათ შორის, იყო მარკეტერის კატეგორიის გუნდი, ქეთო შურღაიასა და ანკა ნაცვლიშვილის შემადგენლობით. მარკეტერთან ინტერვიუში ისინი გიამბობენ, თუ როგორი იყო კანის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამოცდილება წელს.

M: რა გზა აირჩიეთ ბრიფის გადაწყვეტისთვის და ამ გადმოსახედიდან, რას გააკეთებდით სხვანაირად?

ქეთო შურღაია: წელს საკმაოდ საინტერესო ბრიფი მივიღეთ – ბრაილის ინსტიტუტისგან, რომლებიც მხედველობა დაქვეითებულ ადამიანებს ეხმარებიან ისეთი უნარ-ჩვევების შესწავლაში, რომელიც მათ სრულფასოვან ცხოვრებაში შეუწყობთ ხელს. თემა ძალიან ავთენტური და გასაგები იყო, ემოციაც მაშინვე წამოღო, რაც ყოველთვის კარგის ნიშანია.

ანკა ნაცვლიშვილი: ბრიფი ეხებოდა მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებს, რომელთაც უჭირთ ამ მდგომარეობის აღიარება და შესაბამისად – ადაპტირება არსებულ სიტუაციასთან. ბრიფის გადაწყვეტის საკმაოდ უცნაური გზა ავირჩიეთ, გადავწყვიტეთ საქართველოსთვის მაქსიმალურად ემოციური საკითხი აგვერჩია და ოკუპაციის თემა ადამიანების დასახმარებლად გამოგვეყენებინა.

მხედველობის და სახლის (სამშობლოს) დაკარგვის ტკივილები ერთმანეთს დავაკავშირეთ ორივე შემთხვევაში, ადამიანს რთული ტრანსფორმაცია და ახალ სამყაროსთან შეგუება უწევს. ხშირად კარგავს კავშირს საკუთარ წარსულთან. ისევე როგორც ადამიანები, იცვლება ჩვენი დაკარგული ტერიტორიებიც, დროთა განმავლობაში სახეს იცვლის ის ქუჩები, ხმები, ადგილები, რომელსაც ხუთი თითივით ვიცნობდით.

აფხაზეთთან კავშირის აღდგენა დაქვეითებული მხედველობის მქონე ადამიანებისთვის შესაძლოა ყოფილიყო ძლიერი მოტივაცია, რომ დაეწყოთ ადაპტაციაზე მუშაობა. ამისათვის, საბას აპლიკაციაში შევქმნიდით აუდიოჩანაწერებს – აფხაზეთის თანამედროვე ხმები. ადამიანების ისტორიები, ქუჩის, ზღვის ხმები, რაც წლებია არ მოგვისმენია. ამ გზით, ადამიანის ორ უდიდეს ტრაგედიას ვაერთიანებდით და ორივესთვის შვების მოპოვებას ვცდილობდით. ამიტომაც დავარქვით კამპანიას – See you again, Apkhazia. გადაწყვეტა საინტერესო იმიტომაც იყო, რომ ოკუპაციის საკითხი გლობალურია და ტრანსფორმაციის ტკივილს მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი განიცდის.

რაც შეეხება იმას, თუ რას შევცვლიდით – ალბათ ბრიფის ინტერპრეტაციას ისევ ისე დავტოვებდით, თუმცა დროის სიმცირის გამო ამ პრობლემის გადაჭრის სტრატეგიას უფრო დავხვეწდით.

M: რით განსხვავდება საერთაშორისო კანზე ასპარეზობა ადგილობრივისგან, რას გაითვალისწინებდით მომდევნო წლისთვის და სხვა მონაწილეებსაც ურჩევდით?

ანკა ნაცვლიშვილი: საქართველოში მიღებული ბრიფები ყოველთვის უფრო ახლოსაა ჩვენთან, უფრო რელევანტურია. კანის ბრიფები უფრო გლობალურია და ხშირად გვიჭირს ზუსტად ამ რელევანტურობის, კავშირის პოვნა. ამასთან ერთად, საერთოდ განსხვავებული ტექნიკური მოთხოვნებია. მაგალითად, სხვანაირი მასალების გაგზავნა გიწევს, 3 დღის ნაცვლად, კანში მხოლოდ 24 საათი გაქვს. ასევე, იქ სავალდებულოა, რომ ბრიფზე კონკრეტული სივრციდან იმუშაო. ეს, რა თქმა უნდა, გაცილებით დიდი დისკომფორტია.

მომდევნო წლის მონაწილეებს აუცილებლად ვურჩევდი კანის ვადებში ეცადონ ბრიფების ამოხსნა, გადახედონ გამარჯვებულ ნამუშევრებს და მაქსიმალურად დასვან კითხვები.

ქეთო შურღაია: საერთაშორისო კონკურსი რამდენადაც მეტ შესაძლებლობას გაძლევს – იფიქრო გლობალურ თემებზე, იმდენად ართულებს საკითხს – დარჩე რელევანტური შენს ბრენდთან და ქვეყანასთან და ამასთანავე, იყო რელევანტური მსოფლიოსთან. ამიტომ, კანში ეს ყოველთვისაა ხოლმე გამოწვევა და ყოველთვის არსებობს კითხვა: გავაკეთოთ რამე ძალიან ლოკალური და დავდოთ ფსონი გაიგებს, შეიგრძნობს, გაითავისებს თუ არა ჟიური ამას, თუ გავაკეთოთ ის, რაც ყველასთვის რელევანტური იქნება – ანუ არავისთვის.

წელს, კიდევ უფრო მეტად შევიგრძენით რა ცოტა დროა 24 საათი. რადგან თემა თავიდანვე ძალიან მოგვეწონა და დიდი მოტივაციით ვმუშაობდით ბრიფზე, თითქოს, კიდევ უფრო შემცირდა დრო და მართლა წამში გაირბინა. ამიტომ, მომავალი წლისთვის ზუსტად ვიცი, რამდენად ცოტა დროა 24 საათი და ამას ვურჩევდი სხვა მონაწილეებსაც, ერთხელ მაინც – კონკურსამდე, ცადონ და გაიარონ ეს პროცესი, რათა თავადაც მიხვდნენ დროის სიმცირეს.

M: რა იყო წელს ყველაზე დასამახსოვრებელი?

ანკა ნაცვლიშვილი: ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია იყო. ძალიან საინტერესოა ის მკაფიო განსხვავება ადამიანებს შორის, აზროვნების, მუშაობის სტილის მიხედვით თუ ა.შ.

ქეთო შურღაია: ის ნამუშევრები, რომელიც კანის საერთაშორისო ფესტივალზე იყო წარმოდგენილი, მართლა ერთმანეთზე უკეთესები და ამ ნამუშევრების ყურებისას მუდმივი კითხვა: „ეს მე რატომ ვერ მოვიფიქრე?!“ ამიტომ, მაგ იდეით დატვირთული ვიყავი, რომ სიმარტივეა ყველაფრის ამოსავალი და უსათუოდ შესაძლებელია, შეიქმნას ჩვენთან ისეთი ნამუშევრები, რომლებიც კანის დიდ სცენას დაიმსახურებენ.

წელს, Young Lions Georgia-ს მხარდამჭერები არიან: თიბისი, aPeople, adjarabetarena, Cellfie Mobile, PSP და Mini by GT Motors.


კანის ლომები მსოფლიოს ყველაზე დიდი და პრესტიჟული კრეატიული ფესტივალია, რომელიც უკვე 70 წელზე მეტია ტარდება ქალაქ კანში. საქართველომ 2015 წელს მიიღო წარმომადგენლობის უფლება.

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

„Talkpal AI-ში მოსვლა ჩემთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აღმოჩნდა“ – ნანა კაიდარაშვილი