in

“მე” საკუთარი თავის გადასარჩენად – საშა კაცმანი

COVID-19-ის პანდემიას, მსოფლიოში, შიშის, უიმედობისა და დეპრესიის „ვირუსიც“ მოჰყვა. მის გავრცელებაში, ნებით თუ უნებლიეთ, უამრავი ადამიანია ჩართული. გამონაკლისი, სამწუხაროდ, არც საქართველოა. კორონავირუსი რომ დამარცხდება და ეს დღე შორს არ არის, საფიქრალია, როგორები ვიქნებით? როგორი იქნება ჩვენი მენტალური და ემოციური ჯანმრთელობა, კრიზისის შემდეგ?! ეს არის „მარკეტერისპოდკასტის ახალი ეპიზოდის თემაც. ვსაუბრობთ ვირუსის გავლენაზე ჩვენ ცხოვრებაზე, მომავალზე, საკუთარ მისიის და აზრის პოვნაზე ცხოვრებაში. გადაცემის სტუმარია საკონსულტაციო კომპანია Katsman&Friends-ის დამფუძნებელი და დირექტორი საშა კაცმანი.

კორონავირუსს ვუყურებ, როგორც უნიკალურ გამოცდილებას. ჩვენ გვაქვს ისეთ მოვლენასთან საქმე, რომელიც არ ვიცით, რა არის. მსოფლიო, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გაჩერებულა. ახლა პირველი შემთხვევაა, როცა 4 მილიარდი ადამიანი [ოფიციალური რიცხვი] დაჯდა სახლში. ვცდილობ, ამას შევხედო, როგორც გამოცდილებას და რას მომიტანს ეს გამოცდილება. არ ვამბობ, რომ ჭეშმარიტებაა, ეს არის მხოლოდ ჩემი დამოკიდებულება.

„განა მე არ ვღელავ და არ ვშფოთავ, რა იქნება? არც ის ვიცი, ვირუსი რომ მორჩება, რამდენ ხანს გასტანს ეკონომიკური კრიზისი, ქვეყანა recovering (აღდგენა)-ს როდის გააკეთებს . . . ერთადერთი, რასაც მე ვცდილობ, არის რომ ეს კონტექსტი, ჩემი სახლში ყოფნა, გამოვიყენო იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, ვისაც თუნდაც ჩემი დაკავებულობიდან გამომდინარე, ვერ ვხედავდი. [ვცდილობ], დავაკვირდე მათ, ჩემს თავს, [იმას თუ], როგორ ვიქცევი ამ ადამიანებთან ურთიერთობაში. [ვცდილობ], მათთან ერთად, ისეთი გამოცდილებები შევქმნა, რომლებზეც [აქამდე] არც მიფიქრია, რომ მათთან ერთად შემექმნა. ვაკვირდები ჩემს შვილებს, მათ ქცევებს, მათ რეაქციებს. განა მე წარმოდგენა არ მაქვს ჩემს შვილებზე? რა თქმა უნდა, კი და მე ამას გარკვეულ შაბლონებს ვეძახი. ახლა მაქვს არჩევანი, მივყვე ამ შაბლონს, ან შევეცადო, ჩემს შვილებში დავინახო ის, რაც არ ვიცი. ამიტომ, დიდ დროს ვხარჯავ საკუთარ თავთან, ვმუშაობ ჩემს თავზე, რომ მეტად მივიღო, მეტად შევიცნო და მეტად ვიფიქრო მომავალზე, როგორი ცხოვრება მინდა, ეს კრიზისი რომ მორჩება.

„რადგან ქუჩაში ვერ გავდივარ, სახლში რომ დავდივარ, ვაკვირდები, რას ვგრძნობ ამ დროს. ან ვცდილობ, საჭმელი ნელა ვჭამო, რომ ბოლომდე შევიგრძნო ის. საკმარისია თვალები დახუჭო, თუნდაც ნაცნობი საჭმელი ჭამო, დააკვირდე რა გემო, რა ფაქტურა აქვს, ცხელია თუ – ცივი. უამრავი რაღაც არსებობს და ვცდილობ, სხვადასხვა კუთხიდან დავაკვირდე ნივთებს, რომელიც ნაცნობია, მაგრამ რაღაც ისეთი დეტალები აღმოვაჩინო მათში, რაც აქამდე არ შემიმჩნევია. ანუ მე, რეალურად, სულაც არ ვგრძნობ თავს ცუდად სახლში. ამ კონტექსტით ვხედავ მილიონ შესაძლებლობას, ბევრი დაკვირვება გავაკეთო საკუთარ თავზე, ნივთებზე, იმ ადამიანებზე, ვინც მიყვარს და ვაფასებ. ჩემს ცხოვრებაში უამრავი შესაძლებლობაა, განსაკუთრებით ფიქრი მომავალზე. ოღონდ აქ „ფიქრი მომავალზე“ არის ფიქრი გზაზე და არა ფიქრი დანიშნულების წერტილზე. დანიშნულების წერტილი გვჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ ვიცოდეთ, საით ვიაროთ, დანარჩენი უბრალოდ გზაა. და ამ გზაზე დააკვირდით ყველა მომენტს, რადგან რეალურად ცხოვრება მომენტებშია, ამ წამებშია და არა – მიღწევებში, დანიშნულების წერტილებში“ – ამბობს საშა კაცმანი. 

ყველა ეპიზოდის მოსასმენად ეწვიეთ ვებგვერდს podcast.ge

ბილ გეითსი გვირჩევს, როგორ ვადაპტირდეთ სამყაროსთან, კარანტინის დასრულების შემდეგ

Zoom-მა, ხელოვანების მხარდასაჭერად, მათი ილუსტრაციები გამოფინა