27 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისში, ეგნატე ნინოშვილის №8-ში, „ფაბრიკის“ საკონფერენციო სივრცეში გაიმართება Marketing isn’t working – ღონისძიება იმის შესახებ, თუ რატომ არ მუშაობს მარკეტინგი პრაქტიკაში და რა დგას რეალურად ამ სიტყვების მიღმა, რა გამოწვევებია დღეს ამ სფეროში და რას უნდა ითვალისწინებდნენ ბიზნესის, განათლების, დასაქმებისა და ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალები. შეხვედრას გამომცემლობა „პალიტრა L“ და Marketing Architect Studio-ს დამფუძნებელი დავით ჩქოტუა აწყობენ.
ღონისძიებას დაესწრება სხვადასხვა ინდუსტრიის 150-მდე წარმომადგენელი – ბიზნესის დამფუძნებლები, მარკეტინგის ხელმძღვანელები, კრეატიულ სააგენტოებში დასაქმებულები და დამოუკიდებელი ექსპერტები. მათ გააერთიანებს მარკეტინგის გარშემო ყველაზე პრაქტიკული კითხვები: რაზე ვლაპარაკობთ, როცა მარკეტინგზე ვლაპარაკობთ ხოლმე? რა სჭირდება ბიზნესს მარკეტინგისგან და პირიქით? რა უნდა გავითვალისწინოთ მარკეტინგის მართვის პროცესში? რას ვეძებთ „კარგ მარკეტერში“ და რატომ არ არის კარგი გუნდი ყოველთვის საკმარისი ბიზნესშედეგისთვის?
პანელურ დისკუსიებში ბიზნესის, ბრენდინგის, ტექნოლოგიების, განათლებისა და ადამიანური რესურსების სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა კუთხიდან განიხილავენ მთავარ კითხვას – „რატომ არ მუშაობს მარკეტინგი?“ ღონისძიების მიზანია, უფრო ნათელი გახადოს ბაზარზე არსებული პრობლემები, გამოწვევები და საჭიროებები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება დავით ჩქოტუას წიგნის – „მარკეტინგი არ მუშაობს“ – პრეზენტაციაც. წიგნი მკითხველს რეალურ ქეისებსა და ისტორიებზე დაყრდნობით აცნობს ბიზნესისა და მარკეტინგის ურთიერთკავშირს, არსებულ პრობლემებს და საუბრობს გადაჭრის რეალურ გზებზე. წიგნის მიზანია, დაეხმაროს ბიზნესის მფლობელებს მარკეტინგის სწორად დაგეგმვასა და ყოველდღიურ მართვაში, დარგის პროფესიონალებსა და ამ სფეროში კარიერით დაინტერესებულ ადამიანებს კი – იპოვონ საერთო ენა ბიზნესთან და დანერგონ შედეგზე ორიენტირებული მარკეტინგული სისტემები. ეს არ არის კარგი პოსტების ან რეკლამების შექმნის სახელმძღვანელო; ეს არის მცდელობა, ბიზნესს საკუთარი კომერციული გზა მთლიანობაში დაანახოს.
ღონისძიებაზე დაიშვებიან სტუმრები სპეციალური მოწვევით. დამატებით, პირველ 50 მკითხველს, რომელიც მოვა ავტორის წიგნით ან ადგილზე შეიძენს მას, ექნება ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა.
ღონისძიების პროგრამა
19:30–20:00 – Welcome drink / Networking.
20:00–20:05 – დავით ჩქოტუა: მისალმება და წიგნის წარდგენა.
20:05–20:15 – თამთა ჯაფარაშვილი, წიგნის წინასიტყვაობის ავტორი და გამომცემლობა „Mova“-ს დამფუძნებელი: „რაზე ვლაპარაკობთ, როცა მარკეტინგზე ვლაპარაკობთ ხოლმე“.
20:15–20:25 – ელე ბიბილეიშვილი, „Hapttic“-ის დამფუძნებელი: „ხმაური vs თანამედროვე ტექნოლოგიები“.
20:25–20:35 – გიგი კურტანიძე, „AdMagica“-ს დამფუძნებელი: „AI გვინდა vs რეალური გამოყენება მარკეტინგში“.
20:35–20:50 – მარი დემურაშვილი, „Piplia“-ს დამფუძნებელი და ნატალია სარალიძე, TBC HR ბიზნეს პარტნიორინგის და განვითარების მიმართულების ლიდი: „კაი მარკეტერს ხომ არ იცნობ?“
20:50–21:20 – პანელური დისკუსია „რატომ არ მუშაობს მარკეტინგი?“
მონაწილეები: ნინო ენუქიძე (BTU-ს რექტორი), შოთა ჩინჩალაძე (ბრენდის სტრატეგი, წიგნის ავტორი), კოკა ქამუშაძე (Playmakers-ის დამფუძნებელი), ელენკა კოხრეიძე (Tegeta Holding – მარკეტინგის მთავარი ოფიცერი).
21:20–21:30 – დავით ჩქოტუა: ღონისძიების დახურვა, მადლობა გულშემატკივრებს.
[პარტნიორის კონტენტი]











