დღევანდელ რეალობაში მარკეტინგის საქმე მხოლოდ მომხმარებლების დარწმუნება აღარ არის. სულ უფრო ხშირად, მას საკუთარი ღირებულების დამტკიცებაც უწევს კომპანიის შიგნით. მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგის როლი ბიზნესისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ბევრ ორგანიზაციაში ეს მიმართულება სათანადოდ არ არის შეფასებული.
რატომ უჭირს მარკეტინგს საკუთარი ღირებულების დამტკიცება?
პრობლემა რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული.
უპირველესად, ბევრ თანამშრომელს, მათ შორის ხელმძღვანელებსაც, ბოლომდე არ ესმით, რას აკეთებს მარკეტინგი. ისინი ხედავენ რეკლამებს, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებსა და სარეკლამო კამპანიებს, თუმცა ვერ ხედავენ იმ კვლევას, ანალიზსა და სტრატეგიულ მუშაობას, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას.
მეორე გამოწვევაა შედეგების გაზომვა. თანამედროვე მომხმარებლის გზა იმდენად მრავალფეროვანი გახდა, რომ გაყიდვების პირდაპირ დაკავშირება კონკრეტულ მარკეტინგულ აქტივობასთან ხშირად რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბრენდის გრძელვადიან განვითარებას ეხება.
გარდა ამისა, სხვადასხვა კომპანიაში მარკეტინგის ფუნქცია ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ზოგან ის მხოლოდ კომუნიკაციაზეა პასუხისმგებელი, ზოგან კი გაყიდვებს, მომხმარებლის გამოცდილებასა და ციფრულ ტრანსფორმაციასაც მოიცავს. ეს გაურკვევლობა მარკეტინგის რეალური როლის აღქმას კიდევ უფრო ართულებს.
რატომ არის ეს პრობლემა მნიშვნელოვანი?
თუ კომპანიაში მარკეტინგის ღირებულება სათანადოდ არ ესმით, ეს გავლენას ახდენს არა მხოლოდ გუნდის რეპუტაციაზე, არამედ ბიუჯეტზე, პასუხისმგებლობებზე, სტრატეგიულ როლსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მის მონაწილეობაზეც. სხვა სიტყვებით, მარკეტინგის გავლენა მხოლოდ მომხმარებლებზე არ არის დამოკიდებული, მნიშვნელოვანია, რამდენად ენდობა და აფასებს მას საკუთარი ორგანიზაციაც.
როგორ შეუძლია მარკეტინგს სიტუაციის შეცვლა?
პირველ რიგში, მარკეტინგის მიზნები და პასუხისმგებლობები კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან (CEO) მკაფიოდ უნდა იყოს შეთანხმებული. ორგანიზაციის ზრდასთან ერთად ეს როლი პერიოდულად უნდა გადაიხედოს.
ასევე მნიშვნელოვანია ფინანსურ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა. ფინანსური დირექტორი (CFO) ერთ-ერთი მთავარი ადამიანია, რომელიც ხელმძღვანელობას ბიზნესის შედეგებზე ესაუბრება, ამიტომ მარკეტინგმა თავისი ეფექტიანობა ფინანსური მაჩვენებლებითაც უნდა წარმოაჩინოს.
საუბარი ბიზნესის ენაზე
არამარკეტერებისთვის ისეთი მეტრიკები, როგორიცაა impressions, reach ან clicks, ხშირად არაფრისმთქმელია. გაცილებით დამაჯერებელია იმის ჩვენება, როგორ აისახა მარკეტინგი შემოსავალზე, გაყიდვების პროცესსა თუ ახალი მომხმარებლების მოზიდვაზე. რაც უფრო მეტად შეძლებს მარკეტინგი ბიზნესის ენაზე საუბარს, მით უფრო გაიზრდება მისი გავლენა ორგანიზაციაში.
სხვა გუნდებთან თანამშრომლობა
მარკეტინგი პროექტებში მხოლოდ შესრულების ეტაპზე არ უნდა ერთვებოდეს. თუ ის ადრეული ეტაპიდანვე იმუშავებს ფინანსებთან, გაყიდვებთან, IT-თან, HR-თან და სხვა გუნდებთან, უკეთ შეძლებს საკუთარი ანალიტიკური და სტრატეგიული შესაძლებლობების წარმოჩენას. ასეთი თანამშრომლობა მარკეტინგს არა მხოლოდ სერვისის მიმწოდებლად, არამედ ბიზნესის განვითარების პარტნიორად წარმოაჩენს.
მარკეტინგი, როგორც სტრატეგიული ფუნქცია
მარკეტინგმა მეტი დრო უნდა დაუთმოს მომხმარებლის, კონკურენტებისა და ბაზრის სიღრმისეულ კვლევას. სწორედ ეს ინფორმაცია შეიძლება გახდეს კომპანიის სტრატეგიული გადაწყვეტილებების საფუძველი – იქნება ეს ახალი ბაზრების შერჩევა, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა თუ ბრენდის პოზიციონირება. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ციფრებში გამოხატული, არამედ ე.წ. ხარისხობრივი კვლევებიც, რომლებიც პირდაპირ პასუხობს კითხვას, რას ფიქრობენ და რას გრძნობენ მომხმარებლები.
პროფესიის მნიშვნელობის გაძლიერება
ბოლო რეკომენდაცია მარკეტინგის პროფესიის აღქმას ეხება. თანამედროვე მარკეტინგი ანალიტიკას, ხელოვნურ ინტელექტს, ფინანსებს, კვლევებსა და სტრატეგიულ აზროვნებას აერთიანებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ორგანიზაციებმა ეს მიმართულება ისეთივე პროფესიულ დისციპლინად აღიქვან, როგორიც ფინანსები ან HR-ია.
განსაკუთრებით AI-ს ეპოქაში, როცა ბევრს ჰგონია, რომ „მარკეტინგი ყველას შეუძლია“, პროფესიული ცოდნის, უწყვეტი სწავლებისა და სპეციალიზაციის მნიშვნელობის წარმოჩენა მარკეტინგის ავტორიტეტის გასაძლიერებლად ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
წყარო: marketingdive













