in

მარკეტინგის ამინდია და გარეთ სეირნობის გარდა ყველაფრის, რისიც გაგიხარდება – ნინო კვაჭანტირაძე

„…დღეისთვის სულ ეს იყო ძვირფასო მაყურებლებო. რაც შეეხება ამინდის პროგნოზს, ხვალიდან ჩვენს სახლებსა და ვირტუალურ დედამიწაზე გაგრძელდება სიტყვათა უხვი წვიმა, შფოთვის ქარი და ინტენსიური მარკეტინგული ამინდი“

BOG
BOG

დღე #1

სავალდებულო არაა, მაგრამ დისტანციურ მუშაობაზე გადავედით. შევთანხმდით, რომ სახლიდან არ გავიდეთ აუცილებლობის გარეშე. ერთმანეთს ვაიმედებთ, საკუთარ თავსაც. ორიოდე კვირაში გადაივლის ეს ყველაფერი და გავაგრძელებთ ისევ.

დღე #5

აქტიური მიმოწერები, ხუმრობები და მსჯელობა მსოფლიო სტატისტიკებზე. ცოტა არ მჯერა ეს ყველაფერი, თითქოს გაურკვეველ ფილმში მოვხვდიო, უბრალო დამკვირვებელივით.

დღე #7

1 თვით საგანგებო მდგომარეობა? ალბათ მალე მოხსნიან, ზედმეტი სიფრთხილე არავის აწყენს. არაუშავს, დისტანციურადაც მშვენივრად ვმუშაობთ უკვე და არ დაიქცევა ქვეყანა ასე ორიოდე კვირის დაპაუზებით.

დღე #10

აღარ შემიძლია! ეს რა უბედურებაა, როგორ იქცევა ხალხი, ან სახელმწიფო, ან საერთოდ რა ხდება! საშინლად ნერვებს მიშლის ყველა წვრილმანი. ასე მგონია, სხეული აღარ მემორჩილება და უცებ 90 წლის გავხდი.

დღე #14

მოდი არ შევიმჩნევ რაც ხდება, ერთი ოთახი საძინებელი იყოს, მეორე ვითომ სამსახურია. სამზარეულოში გასვლა ვითომ გარეთ, კაფეში სიარულია. ძველებურად გავაგრძელებ მუშაობასაც, ყავის შესვენებასაც. ვითომ არაფერი მომხდარა და მალე ჩაივლის. ყველაფერს ხომ გონებით ვმართავთ, ჰოდა დავაიგნორებ ყველაფერს და რეალურადაც ასე იქნება. ფეხით სიარული მენატრება. რა სიამოვნებით გავივლიდი ათიოდე კილომეტრს…

დღე #19

აზრი არ აქვს. არაფერსაც არ აქვს აზრი. ყველაფერი დაიკეტა, ყველაფერი უარესობისკენ მიდის. ვერც მე შევცვლი რამეს, ვერც ათასი კაციც რომ შევიკრიბოთ. ყველაფრის კეთება სრული უაზრობაა. ეს ონლაინ ზარები და ფაციფუციც ამოვიდა ყელში – ერთსა და იმავეზე ლაპარაკი უსასრულოდ. წყალსაც წაუღია ყველაფერი.

დღე #24

კარგი, ყველაფერი ცუდადაა. არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს იქნება ასე. კიბატონო. ნერვები არ მყოფნის, მაგრამ თან შემიძლია რამე სასარგებლო ვაკეთო ჩემი თავისთვის. მინიმუმ რისი გაკეთება შემიძლია? ხო ვიცი, ორიოდე დღე დავაძალებ თავს და მერე ისევ მესიამოვნება კუნთების ტკივილიც, ვარჯიშის პროცესიც. მოდი ხვალიდან არა, დღესვე დავიწყებ. აი მოვძებნი ყველაზე მეტად რომელი საშინაო ვარჯიშები მომეწონება.

დღე #სათვალავიამერია

გუშინ აივნიდან ვუყურებდი უკაცრიელ ქუჩას წვიმაში და ათას რამეზე ვფიქრობდი, ათას პრობლემაზე. უცებ მადლიერებამ შემიპყრო. საინტერესო დროში ვცხოვრობთ. ათასი რამის გაკეთება შემიძლია ამწამსვე!

არ შეგეშინდეთ, დღიურის წერა და გაზიარება არ დამიწყია. უბრალოდ ჩანაწერებს გადავავლე თვალი და ძალიან მოკლედ ამოვიწერე. ასე თვალნათლივ და სახელმძღვანელოსავით დალაგებულად არასდროს დამინახავს (არც საკუთარ თავზე შემინიშნავს) გლოვის 5 სტადიის გავლა: უარყოფა > მრისხანება > ვაჭრობა > დეპრესია > მიღება.

თვეზე მეტი გავიდა უკვე, დასაწყისი და დასასრული კი ყველაფერს აქვს, მაგრამ აწმყოში იცხოვრეთო ხშირად გვარიგებენ ფსიქოლოგები. ჰოდა, აწმყოში ბიზნესებს უჭირთ, კრიზისი და გაურკვევლობა დაატყდა უმეტესობას თავს, წინ უარესი პროგნოზებია. მაგრამ აქაც ჯუნგლების კანონი მოქმედებს – ვინც პირველი მოვა გონს და მიუხედავად დამტვრეული, გადატყავებული სხეულისა, მოძრაობას დაიწყებს (ან საუკეთესო შემთხვევაში არც შეწყვეტს), ის პირველი გააღწევს სამშვიდობოს და მას მეტი შეხვდება.

პირველი სპონტანური და ლოგიკური ტალღა რაც წამოვიდა, ქველმოქმედება იყო. ვისაც შეეძლო და არ შეეძლო, ყველამ დაიწყო სოციალური აქტივობები, თანხის ან პროდუქტის გაღება. ახლა ეს ტალღაც შესუსტდა ნელ-ნელა. მერე? ახლა რა ვქნათ?

აწმყოში ერთი კარგი რაღაც გვაქვს – ფიქრის დრო, ინტელექტუალურად მუშაობის დრო. ჩვენ გონებას მეტი სივრცე და გასაქანი მიეცა. რთულად ჟღერს, ნევროზი გვებრძვის, მაგრამ მოლოდინის რეჟიმი შეგვიძლია შემოქმედებად ვაქციოთ.

ვითომ ყველაზე ლოგიკური მოსაზრება რაც ხშირად გვესმის, არის – დაგვაპაუზეს, თანხები აღარ შემოდის, წინ ნათელი წერტილიც კი არ მოჩანს – მოდი შევწყვიტოთ მოძრაობა, ჩავსანგრდეთ და გაუნძრევლად დაველოდოთ ქარიშხლის გადავლას.
ნურას უკაცრავად. ასეთ დროს პირიქით, გულზე ხელის დაკრეფის ნაცვლად, გაცილებით უფრო აქტიურად უნდა ვიზრუნოთ ბიზნესზე. არც ის რიტორიკა გამოდგება, რომ რა დროს ბიზნესია და ადამიანების სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია ამ წუთას. დამახინჯებული ლოგიკის ნაყოფია ამის მტკიცება. ფიზიკურად ცოცხლად ყოფნის მნიშვნელოვნება სრულიად არ გამორიცხავს საქმის კეთების სურვილს.

კომპანიებს, შესაბამისად მარკეტერებსაც, დიდი ფუფუნება არ აქვთ თავი „მიუშვან“ და ემოციებს აყვნენ. შფოთვა და დეპრესია? არასამუშაო საათებში თუ შეიძლება! სამუშაო დროს კეთილი ინებე, დაჯექი და მომავლის დაგეგმვა დაიწყე, კრიზისი გაიაზრე, ჰიპოთეტური შესაძლებლობები დაინახე, ბრენდზე იფიქრე. გავა ეს თვეც, შემდეგი თვეებიც აუცილებლად გავა და ისევ ნაჩქარვად მოგვიწევს ჩავეწეროთ საქმის ფერხულში.

როგორ ცივსისხლიანადაც არ უნდა ჟღერდეს – რა კარგი დროა, ყოველთვის ნაჩქარევად გაკეთებულ პროდუქტებს და ოფერებს ჩავუსხდეთ, დავხვეწოთ. საუკეთესო დროა სტრატეგიებზე ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ, ისეთ ნიუანსებს ჩავუღრმავდეთ, რომლისთვისაც აქამდე არ გვეცალა, დრო არ გვყოფნიდა და მარად ძააალიან გვეჩქარებოდა ქმედებაზე გადასვლა. ახლა კარგი დრო და ექსტრაორდინარული მოცემულობაა კრეატივისთვის, სარეკლამოებისა და შემოქმედებითი ადამიანებისთვის. სრულიად გამორჩეული და აქამდე აზრად რომ არ მოგვივიდოდა ისეთი თემები, ისეთი ემოციები გაიხსნა და ამოვიდა ზედაპირზე. თითქოს უკვე ერთფეროვნებაში გადასულ კრეატიულ ინდუსტრიას ისეთი ჟანგბადი გადაესხა თავს, რომ ვერც წარმოიდგენდა.

სინამდვილეში, ყველაზე რთული ის არის, რომ სიბრაზის, გაოგნების, გარინდების მდგომარეობას დავაღწიოთ როგორმე თავი, უკან მოვიტოვოთ გლოვის სტადიები და შემოქმედების/მოქმედების შთაგონება შემოვუშვათ გონებაში. მარკეტინგის ინდუსტრია წინა ფრონტზე ხვდება ხოლმე ხშირად, ჰოდა ახლაც მგონია, რომ პირველი დააღწევს თავს დაბნეულობის ქაოსს და ისეთი ენერგიით დაეხმარება ბიზნესს, როგორც არასდროს.

მოდი ვილაპარაკოთ.

მოდი მოვიფიქროთ.

ადრე თუ ხუთი რაღაცის მოფიქრება გვჭირდებოდა, ახლა გართულდა მოცემულობა – ხუთასი მოგვიწევს. მაგრამ შესაძლებელია. ფიზიკურად კი ჩაგვკეტეს, მაგრამ გონება არსად წაუღიათ. ავიღოთ ეს ცუდი მოცემულობა და ჩვენით დავგეგმოთ თავის დაღწევის გზები.

მოდი ნურაფერს დაველოდებით.


ნინო კვაჭანტირაძე

ახალი Facebook Gaming – ცალკე სოციალური ქსელი გეიმერებისთვის

არ მისცე გაურკვევლობას შენი პარალიზების საშუალება! – HBR