in

როგორ შეღება Warner Bros.-ის კამპანიამ მსოფლიო ვარდისფრად?

სამყარო რომ ვარდისფერი გახდა, ეს შემთხვევითი ამბავი რომ არ არის და Barbie-ის ფილმის ირგვლივ დატრიალებული კამპანიის ნაწილია, დღეს ყველამ იცის. ზუსტად ამისთვის მუშაობდნენ ერთად Warner Bros., Mattel და Barbie მათ კინო, ბრენდი, ფერი თუ სახელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოუდგენლად პოპულარული გახადეს. ამ ყველაფრის სათავე კი ის არის, რომ ჩვენთვის საყვარელი თოჯინა ბარბილენდს ტოვებს და რეალურ სამყაროში იწყებს ცხოვრებას… ასე მაყურებლებს აუხდინეს ბავშვობის ოცნება, ატეხილი აჟიოტაჟით კი სრულიად ახალ სეგმენტზეც გავიდნენ.

ჯერ ერთი თვეც არ გასულა ბარბის ფილმის გამოშვებიდან და მან უკვე მსოფლიო რეკორდები მოხსნა! არსებული ცნობებით, ფილმის ბილეთებიდან შემოსულმა თანხამ პრემიერიდან 4 დღეში 400 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს კი არაფერზე მეტყველებს, მარკეტინგის გუნდის საოცარი მუშაობის გარდა. 

Warnes Bros.-ის, Mattel-ისა და Barbie-ის თითქმის უსასრულო ვარდისფერი კამპანიის წყალობით, ყველა ვარდისფერ ვაგონს შეუერთდა, ამაზე სოციალური მედიის პოსტებიც მოწმობს, ვარდისფერ, ბრჭყვიალა სამოსსა თუ აქსესუარებში გამოწყობილი ადამიანებით. მთავარი კი ის არის, რომ ტრენდი ბრენდებმაც აიტაცეს და ათასობით ადამიანი მიიზიდეს ბარბის სამყაროს რეკლამებით, ვიდეოებით, პროდუქტებითა თუ ფუნქციებით. საინტერესოა ისიც, რომ ბრენდებიდან ზოგიერთი Warner Bros.-თან და Mattel-თან Barbie the Movie-ის პოპულარიზაციისთვის აქტიურად მუშაობდა…

თუმცა, არავინ აკეთებდა იმაზე მეტს Barbie-ის რეკლამირებისთვის, ვიდრე თავად მისი მარკეტინგული გუნდი. ისეთმა ბრენდებმაც კი, რომლებიც ბარბის სამიზნე სეგმენტისგან შორს არიან, Barbieland-ში საკუთარი ადგილის პოვნა მოახერხეს. მაგალითად, Xbox Barbie DreamHouse-ის თამაშს გვთავაზობს, რომელშიც ბარბისა და კენის ვიზუალების გამოყენებასაც შეძლებთ. ამას მოჰყვება თოჯინის კლასიკური 1956 წლის Chevrolet Corvette EV, რომელიც, რაღა თქმა უნდა, ვარდისფერშია შეღებილი და კენის 2022 წლის Hummer EV Pickup ვიდეოთამაშში Forza Horizon 5. ფილმის პრემიერის აღსანიშნად Warner Bros.-მა და Fangirl Fantasy-მ Barbie Boat Cruise-საც კი უმასპინძლეს.

არსებული სეგმენტის მიღმა გასვლაც არ იკმარეს და ბარბის მარკეტინგული გუნდის სამიზნე კვების ინდუსტრიაც გახდა — ჩვენ ვხვდებით ბარბის თემატიკით შთაგონებულ ნაყინებსა და იოგურტებს, Burger King-ის რესტორანი ბარბის სახლადაც კი იქცა. ხოლო, როცა გუგლში Barbie the Movie-ის მოძებნით, ეკრანი ვარდისფერი გახდება და ვარდისფერი ვარსკვლავებიც დაიწყებს ციმციმს… იდეა კი მარტივია, მაგრამ შთაბეჭდილებას ნამდვილად ტოვებს…

ბუნებრივია, ამ ტრენდებს არც აქსესუარები ჩამორჩება. Superga-მ ბარბისთან თანამშრომლობით სპორტული ფეხსაცმელების კოლექცია ჩაუშვა, რომელიც სწორედ თოჯინის ვარდისფრითაა შთაგონებული. NYX Cosmetics-მა კი მაკიაჟის სპეციალური კოლექცია შემოგვთავაზა, რითაც იმ ადამიანებს სცემენ პატივს, რომლებიც ბავშვობაში თავიანთ Barbie-ის თოჯინებს მაკიაჟებს უკეთებდნენ — პრიალა ტუჩსაცხი და კრემი, ფერადი პალიტრა და დასაკეცი ტელეფონი, რომელიც რეალურად პორტატიული სარკეა:

წარმოიდგენდით? ბარბი ბურჯ ხალიფაზეც კი ვიხილეთ. დუბაის სოციალური მედია სააგენტო Eye Studio-მ უზარმაზარი ბარბის აუგმენტური რეალობის ვიდეო დაპოსტა, რომელიც ყუთიდან გამოდის და ბურჯ-ხალიფას გვერდით ჩერდება… 

Warner Bros. და Mattel-მა ბარბის საკულტო Malibu DreamHouse-იც განაახლეს — ფილმის გამოსვლამდე 1 თვით ადრე Airbnb-მა კიდევ უფრო ვარდისფერი და ბრჭყვიალა ბარბის სახლი შემოგვთავაზა. სახლის კონცეფცია Barbieის ნარატივსაც გასცდა და კენის პერსონალურ სტილსა თუ ინტერესებს ასახავდა.

ყველაფერი კი 2022 წლის დეკემბერში დაიწყო, როცა ბარბის პირველი თიზერი გამოვიდა — 2001: კოსმოსური ოდისეით შთაგონებული, მინიმალისტური პატარა ვიდეო. მართალია, ტრილერში ვარდისფერი ასე მკვეთრად გამოხატული არ იყო, მაგრამ ბოლოს ბარბის სახელი ნეონის ვარდისფერში გვაჩვენეს, რითაც თითქმის უსასრულო ბარბის მოგზაურობაზეც მიგვითითეს. 

უკვე 2023 წლის აპრილში კი Barbie-მ იმ მსახიობების პოსტერები გამოაქვეყნა, რომლებიც მის გმირებს წარმოადგენდნენ. პოსტერები გიგანტურ ბარბის ლოგოსა და ბრჭყვიალა ვარდისფერ ფონზე იყო მოთავსებული, რაც ნამდვილად ჰგავდა Mattel-ის ხელწერას. მალე მაყურებლებმა ისიც შეამჩნიეს, რომ თითოეულ პოსტერს პატარა სლოგანი ახლდა, რომელიც კინოში პერსონაჟის როლზე მიუთითებდათ. ეს Barbie Selfie Generator-ის გამოშვებამდე მოხდა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ნებისმიერი სურათის ბარბის ფილმის პოსტერად გადაქცევისთვის იყენებს. გენერატორმა საზოგადოებას ბარბის მიბაძვის შანსი მისცა, რამაც ფილმი პრემიერამდე თოჯინაზე პოპულარულიც კი გახადა.

ფაქტია, საითაც არ უნდა გაიხედოთ, Barbie ყველგან შეგხვდებათ… ასე კი, მარკეტერები კრეატიული სამყაროს მრავალფეროვან შესაძლებლობებს გვაჩვენებენ და ვარდისფერი ტრენდის ნაწილადაც გვაქცევენ.

როგორ გააუმჯობესებს თიბისის მომხმარებლების გამოცდილებას დიზაინ სისტემა

NASA მთელ კოსმოსურ კონტენტს ერთ ციფრულ ბაზაში აერთიანებს — მასზე წვდომა ყველას ექნება