22
Nov
2017

„ჩვენ გთავაზობთ ატლასივით მომსახურებას!“ – მარკეტინგული სერვისების კომპანია „ბროწეული“

22 Nov 2017

Startauperi
Startauperi


„ნდობას, ჩვენს სფეროში, იმსახურებ ან პირადი კონტაქტებით, ან შესრულებული პროექტების ბექგრაუნდით. ჩვენ მეორე ვარიანტზე დავდეთ ფსონი!“ – სააგენტო „ბროწეულის“ გუნდი.

მარკეტინგული სერვისების კომპანია „ბროწეული“ ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში 2017 წლის ივნისიდან გამოჩნდა და როგორც მისი თანადამფუძნებელი, ლინდა კიკოლაშვილი მარკეტერთან ინტერვიუში აღნიშნავს, ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს მიუხედავად, 5 თვიანი ფუნქციონირების მანძილზე, კომპანიამ მოლოდინს გადააჭარბა: „ალბათ, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ბიზნესი თავიდანვე გკარნახობს, რომ სწორ სვლებს აკეთებ. ჩვენ ყველა რესურსს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ შევქმნათ ევროპული პროდუქტი ქართული ხასიათით“.

M: იდეა როდის გაგიჩნდათ, რომ სააგენტო დაგეფუძნებინათ?​
მე და გიორგი ახვერდაშვილს, ბროწეულის თანადამფუძნებელს, იდეა გაგვიჩნდა სწორედ მაშინ, როდესაც მივხვდით, რომ ჩვენ მზად ვიყავით ამ გამოწვევისთვის. ყველა სირთულის გათვალისწინებით, შევეჭიდეთ ძალიან სპეციფიკურ სფეროს, ვინაიდან ჩვენთვის მარკეტინგი არის ხელოვნებისა და ბიზნესის ნაზავი და საკმაოდ რთულია ამ ორის ერთმანეთში არევა. წარმატებული კამპანია არ იზომება მხოლოდ გამოხმაურებით, ერთ-ერთი მთავარია ის ციფრები, რისი მოლოდინიც კლიენტებს აქვთ. შესაბამისად, ამ ლოგიკით, ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ისეთი კომპანია, რომელიც ამ რთულ მისიას აიღებდა საკუთარ თავზე. M: რა სერვისებს სთავაზობთ კლიენტებს?
კომპანიას აქვს 6 ძირითადი სერვისი, ესენია: მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა (მედია, რადიო დაგეგმარება), სრული პროდაქშენი, ღონისძიებების ორგანიზება, ციფრული მარკეტინგის სრული სპექტრი, ინდივიდუალური ტრენინგების ორგანიზება გაყიდვებისა და მარკეტინგული კომუნიკაციის თემით, აუდიო ჩაწერები და გახმოვანება.

M: სახელწოდებას რა კონცეფცია აქვს, როგორ შეარჩიეთ?
მე და გიორგი ახვერდაშვილი ვისხედით და ვფიქრობდით, რა სახელი უნდა შეგვერჩია კომპანიისთვის, რომელიც აკეთებს არაერთ სერვისს, ქმნის ხარისხიან პროდუქტს და აქვს ჯანსაღი ხედვა – გიორგიმ იხუმრა, „ბროწეულივით“ სასარგებლო კომპანია გამოვაო და სწორედ აქედან დაიბადა კომპანიის სახელწოდებაც.

M: როგორ აპირებთ არსებულ ბაზარზე პოზიციონირებას, რა იქნება თქვენი განმასხვავებელი ნიშანი/უპირატესობა სხვა სარეკლამო სააგენტოებთან მიმართებაში?​
მოგეხსენებათ, აღნიშნული ბაზარი საკმაოდ გადატვირთულია, საქართველოსთვის საკმაოდ ბევრი მსხვილი თუ საშუალო სააგენტო არსებობს, რაც დიდ კონკურენციას იწვევს, თუმცა ჩვენ გვინდა, დავიკავოთ საკუთარი ნიშა. შესაბამისად, დამკვეთს შევთავაზეთ მომსახურების სრული სპექტრი, ჩვენ შეგვიძლია დავგეგმოთ კამპანია, ვმართოთ მისი პროცესები, შევასრულოთ საკუთარი ძალებითა და ტექნიკური მხარდაჭერით ყველა ის სერვისი, რომელიც სჭირდება კომპანიას წარმატების მისაღწევად.

M: ვინ იქნება თქვენი სერვისის ერთ-ერთი ნაწილის, ინდივიდუალური ტრენინგების სამიზნე აუდიტორია?
ამ ეტაპზე ვმართავთ მხოლოდ კერძო დაკვეთებზე, საშუალო და მსხვილი კომპანიების თანამშრომლებისთვის, თუმცა სამომავლოდ, გვინდა, გავაკეთოთ სასწავლო კურსი, სადაც ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იქნება მარკეტინგის სფეროთი დაინტერესებული და ექნება სურვილი, იცოდეს, როგორ გაყიდოს პროდუქტი ან როგორ მართოს საკუთარი ბიზნესი, მიიღებს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ დავალებებს.

განხილვა