in

როგორი მარკეტინგული სტრატეგიით გავუმკლავდებით გლობალურ დათბობას?

კლიმატის ცვლილების შესახებ რიტორიკა არ წყდება და, სიმართლე რომ ვთქვათ, არაფერი გვაძლევს ამის შეჩერების მიზეზს, თუნდაც კუნძულ როდოსის ხანძრებზე რომ დავფიქრდეთ…. უკვე იმასაც ამბობენ, რომ გლობალური დათბობის ეპოქა დასრულდა და გლობალური მოხარშვის ხანა დადგა… სუნთქვა შეუძლებელია, სიცხე კი აუტანელი. ასეთი ენა იმიტომ შეარჩიეს, რომ მსოფლიოს საჭირო ქმედებისკენ უბიძგონ. თუმცა საპირისპირო შედეგს ხომ არ გვაძლევს ეს? თუ ფსიქოლოგებს დავუჯერებთ, მენტალურ ჯანმრთელობაზე ნამდვილად აქვს გავლენა და ამას ეკოშფოთვასაც კი უწოდებენ. 

კონკრეტულ მდგომარეობას American Psychiatric Association ასე განმარტავს: ბუნებრივი კატასტროფის ქრონიკული შიში, რომელსაც კლიმატური ცვლილების გავლენაზე დაკვირვება თუ წუხილი წარმოშობს ჩვენსა და მომავალ თაობებზე. მიუხედავად ამისა, მაინც ეჭვობენ, რომ მეცნიერული დასკვნები და ამინდის ექსტრემალური სიახლეები გადაჭარბებულია, რათა ჩვენი ყურადღება მიიპყრონ და ჩვენივე ქმედებების შეცვლისკენ გვიბიძგონ. 

შიშის დანერგვა კი იმას მოგვცემს შედეგად, რომ ადამიანები ნაკლებად მგრძნობიარეები გახდებიან მსგავსი თემების მიმართ. ამგვარი მაგალითები წარსულშიც მოიძებნება, თუნდაც მწეველებისთვის შექმნილ საგანმანათლებლო კამპანიებში. კონსენსუსი შედგა, რომ შიში საუკეთესო ტაქტიკა იყო — დაავადებული ფილტვები, კიბო და სხვა შემზარავი ფოტოები… თუმცა საბოლოოდ ასეთი რეალობა მივიღეთ: მწეველთა უმეტესობამ უკვე იცის, რომ მოწევა მავნებელია, 2/3-ს თავის დანებებაც სურს, თუმცა მიზეზები, რომლის გამოც ამას ვერ ახერხებენ, ბევრად კომპლექსურია. შედეგად, კომუნიკაციაც რთულდება… 

ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, შემზარავი ფოტოებისა და შიშის დანერგვის ნაცვლად, დროა, უკვე მსგავსი კამპანიის ავტორებმა მედიას იმ პერსპექტივის შენარჩუნებისკენ უბიძგონ, რომელიც ამინდის სიახლეებთან გამკლავებით იმედს გაუჩენს კაცობრიობას. ამის მაგალითი 90-იანებიდანაც შეგვიძლია ავიღოთ, კონკრეტულად კი Health Education Board of Scotland-დან — მათი მიდგომა ფრაზაში მოწევა კლავს კი არ გამოიხატებოდა, არამედ ფრაზით: დაფიქრდი ამაზე. დიახ, ისინი უფრო მეტად სოციალურ შედეგებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, იქნებოდა ეს სიგარეტის სუნის ქონა თუ სხვა რამ… ასე კი თინეიჯერთა 90% საკუთარ ჯანმრთელობაზე დააფიქრეს. 

ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე დროა, გლობალურ დათბობაზე საუბრისას მარკეტერებმა შიშის ტონი შეამსუბუქონ…

კლოდ მონეს ნამუშევრების შთაგონებით ვიდეოთამაში შექმნეს

ბათუმის სანაპიროზე გაიხსნა სელფის ახალი კონცეფციის მომსახურების სივრცეები