„მარკეტერების აზრით, ბიზნესები არ აფასებენ სტრატეგიული მარკეტინგის უნარების მნიშვნელობას” – წერს პოპულარული მარკეტინგული გამოცემა Marketingweek. 3500-ზე მეტი გამოკითხულიდან დაახლოებით 64% თვლის, რომ კომპანიები ვერ იაზრებენ მარკეტინგული სტრატეგიის მნიშვნელობას.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ მოქმედებს სტრატეგიის უგულებელყოფა ბიზნესზე და რატომ არის ის შეუფასებელი ინსტრუმენტი ბიზნესის მომავლის ჩამოსაყალიბებლად.
ბუნებრივია, მეწარმეები, პირველ რიგში, თავიანთ დროს, ძალისხმევასა და რესურსებს დებენ პროდუქტის ან მომსახურების სრულყოფისთვის. მათ სჯერათ, რომ თუ ეს ორი საკმარისად კარგია, მომხმარებელი სულ ეყოლებათ, თუმცა სწორედ მარკეტინგს მიაქვს ეს პროდუქტი სწორ აუდიტორიამდე და ეხმარება ადამიანებს გაიგონ მისი ღირებულება. პირდაპირ რომ გითხრათ, მარკეტინგის გარეშე თქვენი სამიზნე მომხმარებლები ვერც კი გაიგებენ თქვენი არსებობის შესახებ.
მარკეტინგი უფრო მეტია, ვიდრე რეკლამა
გავრცელებული მცდარი მოსაზრებაა, რომ მარკეტინგი არის რეკლამების გაშვება ან სოციალურ მედიაში მიმზიდველი პოსტების შექმნა. რეალურად, ეს არის აუდიტორიის გაგება, ურთიერთობების დამყარება, ბრენდის ნდობის შექმნა და თანმიმდევრული შეტყობინებების მიწოდება. ეფექტური მარკეტინგი მოიცავს ბაზრის სიღრმისეულ კვლევას, პოზიციონირებას, ბრენდირებას, კონტენტსტრატეგიას და სხვა.
ბიზნესი განსაზღვრული მარკეტინგული სტრატეგიის გარეშე ჰგავს ავტომობილს, რომელიც მიდის უცხო გზაზე რუკის გარეშე. შეიძლება მოძრაობდეთ, მაგრამ თქვენი დანიშნულება მკაფიო არ არის. სტრატეგიის გარეშე მარკეტინგული კამპანიები გაფანტული იქნება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი რესურსების ფლანგვა.
რას აკეთებს სტრატეგია
ძლიერი მარკეტინგული სტრატეგია უზრუნველყოფს მოქნილობას საჭიროების შემთხვევაში გადაადგილებისთვის. ის აგებულია მიმდინარე კვლევებზე და მომხმარებელთა გამოხმაურებაზე, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესს, დარჩეს მოწინავე პოზიციაზე და უპასუხოს ბაზარზე არსებულ ცვლილებებს.
კარგი მარკეტინგული სტრატეგია ფოკუსირებულია მომხმარებლებისთვის ღირებულების მიწოდებაზე, მათ თანმიმდევრულად ჩართულობაზე და დროთა განმავლობაში მათი ნდობის მოპოვებაზე. ეს კი ბიზნესებს ეხმარება ბრენდის ლოიალობის ჩამოყალიბებაში, რაც ხშირად უფრო მომგებიანია, ვიდრე ახალი მომხმარებლების მუდმივად დევნა. ლოიალური მომხმარებლები ასაზრდოებენ ბრენდს.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ბევრი ბიზნესი უშვებს, არის მარკეტინგული აქტივობის ერთჯერადად გაშვება და შემდეგ მივიწყება. სწორედ ამას უშლის ხელს სტრატეგია, რომელიც, როცა მკაფიოდ გვაქვს გაწერილი, სხვადასხვა მარკეტინგული ქმედებებისკენ გვიბიძგებს. გარდა ამისა, სტრატეგიული მარკეტინგის გეგმის შექმნით, ბიზნესებს შეუძლიათ, თანმიმდევრულად შეაფასონ თავიანთი ძალისხმევა, თვალყური ადევნონ შესრულებას და შეცვალონ ტაქტიკა შედეგების გასაუმჯობესებლად.
ადვილია უგულებელყო მარკეტინგის მნიშვნელობა, როდესაც დაკავებული ხარ პროდუქტის განვითარებით, სიმართლე ისაა, რომ ბიზნესი ვერ განვითარდება მყარი მარკეტინგული სტრატეგიის გარეშე. ის გაძლევთ მიმართულებას და უზრუნველყოფს, რომ თქვენი პროდუქტი წარმატებული იყოს. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც გადახედავთ თქვენს ბიზნესგეგმებს, გახსოვდეთ: მარკეტინგი თქვენი წარმატების გადამწყვეტი ნაწილია.