in

მონაცემები თუ ადამიანები — როგორ შევქმნათ ახალი მარკეტინგული სტრატეგია?

ჩვენ მიერ შემუშავებული მარკეტინგული სტრატეგიები მონაცემების ანალიტიკასა და ალგორითმებს ეყრდნობა, რაც ნამდვილად ღირებულია. თუმცა ამან მარკეტინგისთვის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი არ უნდა დაგვავიწყოს — ადამიანური ფაქტორი. თუ რაღაცაზე გავლენის მოპოვება გსურთ, ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა თქვენი მარკეტინგული სტრატეგიის ცენტრში უნდა მოაქციოთ.

ამგვარად, წარმატებული მარკეტინგული სტრატეგია თქვენი სამიზნე აუდიტორიის და მათთვის უნიკალური საჭიროებების, სურვილებისა თუ ემოციების სიღრმისეულ გააზრებას გულისხმობს. ეს უბრალოდ KPI-ს კი არ ეხება, არამედ ადამიანებთან პირისპირ დაკავშირებას, დასამახსოვრებელი გამოცდილების შექმნასა და ხანგრძლივი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

დააყენეთ თქვენი აუდიტორია პირველ ადგილზე

მონაცემების ზღვაში ადამიანთა ქცევები ყურადღების მიღმა რჩება… მაგალითად, საქორწინო კაბების მაღაზიას შეუძლია, გააანალიზოს უამრავი ციფრი და გააკეთოს ყველაფერი სწორად იმისათვის, რომ პატარძალი მაღაზიაში მიიყვანოს, მაგრამ საბოლოო ყიდვის გადაწყვეტილებას მაინც იმის მიხედვით მიიღებს, თუ რამდენად მიიჩნევს კონკრეტულ კაბას მისთვის საოცნებოდ. 

ამგვარად, თუ თქვენი მარკეტინგული კამპანიების გრძელვადიანი წარმატების ხილვა გსურთ, ამ ციფრებს ადამიანის ქმედებების ლინზიდან უნდა შეხედოთ. ეს გულისხმობს ბაზრის კვლევასა და დემოგრაფიული მდგომარეობებისა თუ ქმედებების დადგენას. ამასთან, თქვენს მომხმარებლებთან საუბარს და მიღებული უკუკავშირის გამოყენებას.

დააბალანსეთ მონაცემები და ადამიანებისგან მიღებული ინფორმაციები

ბუნებრივია, ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ მონაცემები გვერდით უნდა გადადოთ. პირიქით, იგი თქვენი მომხმარებლების ემოციებთან უნდა გააერთიანოთ, რათა ძლიერი მარკეტინგული კამპანია შექმნათ. ამგვარად, ადამიანების ყურადღების მიპყრობასაც მარტივად მოახერხებთ.

იმოქმედეთ ციფრების მიღმა

როცა ადამიანებთან კავშირს ვახსენებთ, აქ ემოციებს ვგულისხმობთ — შიში, იმედი, ბედნიერება, ნდობა, შთაგონება თუ სხვა რამ. მონაცემებს კი შეუძლია, გვითხრას ან გვაჩვენოს შესაძლებლობა, თუ როგორ მივუახლოვდეთ კონკრეტულ ემოციას. ხოლო დანარჩენი ბრენდის უნარია… ამის მაგალითად Apple Watch-ის ერთ-ერთი რეკლამა შეგვიძლია ჩავთვალოთ — ადამიანის ავარიაში მოხვედრის შემდეგ, ე. წ. ჭკვიანი საათი ავტომატურად რეკავს დასახმარებლად — ჯერ შიშს წარმოქმნიან, შემდეგ კი გამოსავალს გვთავაზობენ. 

აიღეთ მაგალითი კონტენტ კრეატორებისგან

ჩვენ სოციალური არსებები ვართ, რის გამოც ადამიანებთან ურთიერთობა გვანიჭებს სიამოვნებას და ეს მარკეტინგშიც უცვლელია. სწორედ ამიტომ, ბრენდებმა ის მონაცემები უნდა ეძებონ, რომლებიც ნამდვილად ესაუბრება ადამიანებს…

რას აკეთებენ ბრენდები, როცა კონტენტ კრეატორებთან პარტნიორობას იწყებენ? ისინი ინფლუენსერთა ნდობას აუდიტორიასთან დასაკავშირებლად იყენებენ. ამ სიტუაციაში კი ის, რასაც კონტენტ კრეატორები საუკეთესოდ აკეთებენ, აუდიტორიის გაგებაა და ამის გამოყენება ნამდვილი, ემოციური ადამიანური კავშირების ჩამოსაყალიბებლად — ამ დროს მიმდევრებსა და ნახვებზე, როგორც მონაცემზე ისე კი არ ფიქრობენ, არამედ აკვირდებიან, რამდენი ადამიანი უყურებს მათ და რა იზიდავს ხალხს. ისინი უსმენენ და ზუსტად ისე პასუხობენ, როგორც რეალურ ცხოვრებაში. ამას კი ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობამდე მივყავართ…

შეცვალეთ წარმატების საზომები

მონაცემებისა და ადამიანური ემოციების გაერთიანება რაღაცების ახალი გზებით კეთებას გულისხმობს. ამგვარად, თქვენი საზომები ROI-ს მიღმა უნდა განავითაროთ და სანაცვლოდ, მომხმარებელთა კმაყოფილება და ლოიალობა განიხილოთ, იპოვოთ გზები, რათა ბრენდის აღქმა და რეპუტაცია შეაფასოთ. დააკვირდით სოციალური მედიის კომენტარებსა და თქვენი ბრენდის ირგვლივ არსებულ ონლაინ საუბრებს. ასე მომხმარებლების გაგებას უფრო მეტად მოახერხებთ. 

პრიორიტეტი მიანიჭეთ ადამიანურ ელემენტს

მარკეტერები მონაცემებზე ორიენტირებული სტრატეგიებისა და ტექნოლოგიური წინსვლის ცდუნების წინაშე დგანან, მაგრამ აუცილებელია, მასთან გამკლავება შეძლონ — მარკეტინგული სტრატეგია ყოველთვის ადამიანებზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა, მონაცემებზე. ადამიანური ელემენტი კი მნიშვნელოვანია სამიზნე აუდიტორიასთან ავთენტური კავშირების, ნდობისა და ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

ხოლო მონაცემების ადამიანთა ინტერაქციებთან დაბალანსება მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ და ამასთან, ხელს შეუწყობს კრეატიულობას. თანაც ადამიანების მარკეტინგული სტრატეგიის ცენტრში მოთავსებით, თქვენ გაქვთ შანსი, შექმნათ გამოცდილება, რომელიც კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში დაგეხმარებათ. 

და კვლავ შეგახსენებთ — როცა ახალი მარკეტინგული სტრატეგიის განვითარებაზე იწყება საუბარი, საქმე მხოლოდ მონაცემებსა და ალგორითმებს კი არა, არამედ ციფრების მიღმა არსებულ ადამიანებთან დაკავშირებას ეხება….

ადამიანის ტვინში სპირალური სიგნალები დააფიქსირეს — რაში დაეხმარება ეს მეცნიერებს?

Wolt Market-ში ყოველდღე შეგიძლია მოიგო