2
Sep
2019

მალე, მარკეტერის სტატიებს ხელოვნური ინტელექტი წაგიკითხავთ

2 Sep 2019

Alta
Alta


ტექნოლოგიური პროგრესის გავლენით, ცხოვრების რიტმი სულ უფრო სწრაფი ხდება და ეს საქართველოშიც იგრძნობა. საქმიანი ადამიანების უმეტესობას მულტიფუნქციურობა უწევს. სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები კი, რა თქმა უნდა, დგანან სფეროს სიახლეების კურსში ყოფნის საჭიროების წინაშე. გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, იშვიათად თუ ვახერხებთ ჩვენთვის საინტერესო საკითხების შესახებ მომზადებული სტატიების გაცნობას, ვდებთ მათ წაკითხვას ხვალისთვის, საბოლოოდ კი, ვრჩებით ჩვენთვის საჭირო მიმართულებებში, ინფორმაციისა და ცოდნის ფლობის შესაძლებლობის მიღმა.

სწორედ ამიტომ, ძალიან მალე, Marketer.ge-ზე დიდ სტატიებს სპეციალურად ამ ვებგვერდისთვის შექმნილი ხელოვნური ინტელექტი სახელად მარკო წაგიკითხავთ. თქვენ შეძლებთ მოუსმინოთ მარკეტერის სტატიებს მანქანის მართვისას თუ მგზავრობისას, შესვენებისას თუ მაშინ, როცა საქმიან შეხვედრაზე პარტნიორი იგვიანებს. მნიშვნელოვანია, რომ ამიერიდან მარკეტერზე განთავსებული კონტენტი უსინათლო, თუ მცირედმხედველი ადამიანებისთვისაც ხდება ხელმისაწვდომი. მარკოს შექმნაზე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე ქართულმა კომპანია SYSTEMcorp-მა იზრუნა. პროექტის დეტალებზე კი ქვემოთ, უფრო დაწვრილებით მოგიყვებით.

 

რამდენიმე თვის წინ, SYSTEMcorp-ის სახით საინტერესო ახალგაზრდები აღმოვაჩინეთ, დღეს კი მათ შეძლეს ამ პროექტის განხორციელება. ამ გუნდის წყალობით, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარკეტერი არის საქართველოში პირველი მედიაპლატფორმა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. ჯერჯერობით, მარკო იხვეწება, თუმცა, სულ მალე, Marketer.ge-ს პირველად ეყოლება თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ მეგაბაიტებს დაიკავებს. მარკო დაეხმარება საქმიან ადამიანებს ვრცელ სტატიებს მოუსმინონ და ვფიქრობთ, მისი წყალობით ბევრი უსინათლო, თუ მცირედმხედველი ადამიანისთვის სრულიად ახალი შესაძლებლობა იხსნება – ხელმისაწვდომი ხდება ის უნიკალური კონტენტი, რომელსაც მარკეტერი ყოველდღიურად აწვდის მკითხველს. მარკოს დახმარებით უკვე მსმენელებიც გვეყოლება“, – გვიყვება აკო ახალაია, Marketer.ge-ს დამფუძნებელი.

SYSTEMcorp-ის დამფუძნებელი და CEO – ლუკა ჩხეტიანი ამბობს, რომ მიდგომა, რომელიც მარკოს შესაქმნელად გამოიყენეს დიდი რაოდენობის ღრმა ფენების მქონე ნეირონულ ქსელს (ე.წ. მანქანური/ხელოვნური ინტელექტი) გულისხმობს, რომელიც მძლავრი დაკვირვება-შესწავლის მეთოდებით, ახერხებს ადამიანური საუბრის მანერის სწავლას. ამისათვის, კონკრეტული ადამიანის ხმის მონაცემთა ბაზის დამუშავება, კონკრეტულ მოდელის მორგება და გაწვრთნაა საჭირო.

ლუკა ჩხეტიანი

M: როგორია მსგავსი ხმოვანი აგენტის შექმნის პროცესი? რა სირთულეებს უკავშირდება?
ხმოვანი აგენტის შექმნა ძალიან რთულ პროცედურებს უკავშირდება, რადგან გასათვალისწინებელი გვაქვს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი: სინთეზირებული ხმის ხარისხი და გენერირების სისწრაფე. იმ შემთხვევაში, თუ ხარისხი კარგია, თუმცა სისწრაფე მცირე – მოდელი ვერ იმუშავებს სერვისად და უფრო კონკრეტულად – ვერ მოხდება მისი კომერციალიზაცია, რადგან სერვერის ხარჯები უზარმაზარი იქნება. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, არაფერში გვჭირდება უხარისხო ხმის სინთეზი, რაც არ უნდა სწრაფად ხდებოდეს ეს.

M: რა ტენდენციებია მსოფლიო ბაზარზე ხმის გენერირების კუთხით და როგორ ვუწყობდით ფეხს მათ საქართველოში?
მსოფლიო ბაზარზე, დიდი ხანია არსებობს მრავალი სახის მიდგომა ხმის გენერირებისათვის. 2014 წლის შემდეგ, ამ სფეროს სპეციალისტებმა დავიწყეთ ნეირონული ქსელების გამოყენება, ამ კონკრეტული დავალებისათვის. თუმცა, საქართველოს ბაზარზე აქამდე ვხედავდით მხოლოდ ორ მიდგომას: 1. ძალიან მძიმე მოდელს, რომელსაც ვერ იყენებდნენ ისეთი დავალებებისათვის, როგორიცაა: წიგნების/ბლოგების გახმოვანება, რეალურ დროში მომსახურება. მოკლედ რომ ვთქვათ, შესაძლებლობა ჰქონდათ მხოლოდ წინასწარ გენერირებული აუდიოებით გამკლავებოდნენ მცირე დავალებებს; 2. ე.წ. პარამეტრული ხმის სინთეზი, სადაც ქართული ანბანის ყველა ასოს წინასწარ ჩაწერ და შემდეგ ერთმანეთს „აწებებ“, რაც ძალიან უხარისხო გამოდის.

M: რითი განსხვავდება, საქართველოს ბაზარზე, აქამდე გამოყენებული მოდელებისგან თქვენ მიერ შექმნილი არქიტექტურა, უფრო კონკრეტულად, რითი განსხვავდება მარკო იმისგან, რაც აქამდე, ქართულ ბაზარზე გვინახავს?
ჩვენი არქიტექტურა გვაძლევს საშუალებას დავნერგოთ უმაღლესი ხარისხის ხმის სინთეზი სხვადასხვა სფეროებში და ჩავუშვათ ის კომერციულ მოხმარებაშიც, რადგან არქიტექტურამ აიღო 4.23/5 შეფასება ადამიანურობის თვალსაზრისით და არის ძალიან სწრაფი – რომ წარმოვიდგინოთ, უიაფესი სერვერის გამოთვლითი სიმძლავრით, ჩვენს ხმოვან აგენტს 1 წამში შეუძლია თქვას ის, რასაც ადამიანი საშუალოდ 30 წამი მოუნდებოდა. მარკოს თვალსაზრისით რომ ვთქვათ: წარმოვიდგინოთ, რომ არის მარკეტერის თანამშრომელი, რომელიც არის 30 ჯერ სწრაფი, ვიდრე ადამიანი, მუშაობს 24/7-ზე, არ სჭირდება შვებულება და არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. მართალია, ცოტა საშიშად, თუმცა, საინტერესოდ და მომგებიანად ჟღერს.

ხმოვანი აგენტი, იგივე ხელოვნური ინტელექტი, სახელად მარკო, მარკეტერის ვებგვერდზე, მალე გამოჩნდება და წაგიკითხავთ სტატიებს, რომლებსაც მარკეტერის ჟურნალისტები, ყოველდღიურად ვწერთ.

ავტორი: ხატია თორდუა

განხილვა