in

„ქალაქი უნდა იყოს ცოცხალი” – პროფესორი მარკუს აპენცელერი თბილისის პოტენციალის შესახებ

21-ე საუკუნემ, თავისი ჩქარი ტემპითა და სიახლეებით, დიდი ქალაქები გამოწვევების წინაშე დააყენა – იდენტობის შენარჩუნება თუ თანამედროვე სამყაროსთან ადაპტირება. ამ რეალობის წინაშე დგას თბილისიც – ქალაქი, სადაც სხვადასხვა ეპოქა, კულტურა და ცხოვრების სტილი ერთმანეთს ყოველთვის ბუნებრივად ერწყმოდა: ძველი აივნები, ვიწრო ქუჩები, ეზოები, პატარა მაღაზიები და ადამიანებს შორის ყოველდღიური ურთიერთობები – ამ ქალაქის იდენტობის ნაწილია. თუმცა თანამედროვე ურბანიზაციის პროცესში სულ უფრო ხშირად ჩნდება კითხვა – როგორ უნდა შეინარჩუნოს თბილისმა ეს ბუნებრივი დინამიკა მაშინ, როცა ქალაქი იზრდება, იცვლება და ახალ საჭიროებებს ერგება?

სწორედ ამ თემებს იკვლევს და ამაზე საუბრობს საერთაშორისო არქიტექტურული და ურბანისტული სტუდიის, “MLA+”-ის დამფუძნებელი, პროფესორი და მკვლევარი მარკუს აპენცელერი, რომელიც ივნისში ჩვენს დედაქალაქს ეწვევა. ის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 5 ივნისს სამხატვრო აკადემიაში გამართავს ღია ლექციას, სახელწოდებით „მოქნილი ქალაქი“. აპენცელერი ერთ-ერთი იმ ურბანისტთაგანია, ვინც მიიჩნევს, რომ ქალაქი მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის – ის ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების, მოძრაობის, ურთიერთობებისა და ურბანული მრავალფეროვნების სივრცეა.

მისი პროფესიული გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა დიდ პროექტს მოიცავს – ლონდონის ოლიმპიური პარკის რედეველოპმენტიდან, ჩინეთში ინდუსტრიული რაიონების ტრანსფორმაციამდე. თბილისზე საუბრისას კი განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა მისი ხედვა იმაზე, რატომ არ უნდა გახდეს ქალაქი ზედმეტად „კომფორტული“ და რომელი უბნები შეიძლება იქცეს თბილისის მომავალი განვითარების მთავარ პოტენციალად.

გთავაზობთ ინტერვიუს მარკუს აპენცელერთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროფესიონალია თავის სფეროში:

M: დავიწყოთ თქვენს გამოცდილებაზე საუბრით – არაერთ საერთაშორისო ურბანულ პროექტზე გიმუშავიათ. რომელი იყო თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ან ყველაზე რთული და რატომ?

ვფიქრობ, თითოეულ პროექტს თავისი სირთულეები აქვს, ამიტომ მხოლოდ ერთის გამოყოფა არც ისე მარტივია. თუმცა, თუკი არჩევა მომიწევს, ალბათ, ურბანული განახლების რამდენიმე პროექტს დავასახელებდი. ერთ-ერთი მათგანი ჩინეთში, შენჟენში განხორციელდა – ეს იყო მთელი ინდუსტრიული რაიონის ტრანსფორმაცია, რომელიც დღეს უკვე მრავალფუნქციურ და ცოცხალ უბნად არის ქცეული.

მეორე პროექტი კი ლონდონის ოლიმპიური პარკის განვითარების გენერალური გეგმა იყო. ეს განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა, რადგან ხელახლა გამოყენების გეგმაზე მუშაობისას ოლიმპიური თამაშები ჯერ კიდევ ჩატარებულიც არ იყო. ფაქტობრივად, ვგეგმავდით სივრცის მომავალს, რომელიც იმ დროისთვის ბოლომდე აშენებულიც კი არ გახლდათ.

ამას ემატებოდა აღმოსავლეთ ლონდონის მასშტაბური განახლების პროცესი, კომპლექსური ინფრასტრუქტურა და მოკლე ვადები. ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ისეთი გადაწყვეტილებების პოვნა, რომლებიც ერთდროულად მომავალი განვითარების ინტერესებსაც მოერგებოდა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსაც.

M: თქვენს ნაშრომებსა თუ გამოსვლებში ხშირად საუბრობთ „არაკომფორტულ ქალაქზე“. რას ნიშნავს ეს იდეა თქვენთვის და რატომ არის ის მნიშვნელოვანი თანამედროვე ქალაქებისთვის?

დღეს ადამიანები ძალიან ბევრს ვსაუბრობთ კლიმატის ცვლილებაზე, სხვადასხვა გამოწვევასა და იმაზე, თუ როგორ ვქმნით ჩვენს ცხოვრებაში სულ უფრო მეტ კომფორტს. მაგალითად, ჩვენი მშობლების თაობის დროს კონდიციონერები თითქმის არ არსებობდა, ახლა კი ყველგან გვხვდება; იგივე ხდება ავტომობილების შემთხვევაშიც, რომლებიც ხშირად კომფორტთან ასოცირდება; ნელ-ნელა იკარგება მაღაზიების როლიც, რადგან დღეს ყველაფერი შეგვიძლია ტელეფონით გამოვიწეროთ და სახლში მოგვიტანონ. ერთი შეხედვით ეს მართლაც კომფორტულია, მაგრამ ამ პროცესს გარემოზე დიდი გავლენა აქვს და ადამიანებსაც უფრო იზოლირებულს ხდის.

სწორედ ამაზე მაფიქრებს „არაკომფორტული ქალაქის“ იდეა. ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო ქალაქები ისინია, სადაც ქუჩაში ადამიანები მოძრაობენ, არსებობს პატარა მაღაზიები, სხვადასხვა ტიპის სივრცეები და გარკვეული მრავალფეროვნება. ვფიქრობ, ქალაქი არ უნდა გადაიქცეს ზედმეტად „გაპრიალებულ პროდუქტად“, რადგან ასეთ შემთხვევაში ის კარგავს სიცოცხლეს, ბუნებრიობასა და ადამიანურ სულს.

არ მინდა, ეს ისე გაიგოთ, თითქოს კომფორტს უარვყოფ. რა თქმა უნდა, არსებობს დისკომფორტი, რომელიც უნდა შემცირდეს, მაგალითად, ჰაერის დაბინძურება ან ხმაური. თუმცა მგონია, რომ ყველაფერი მხოლოდ სახლში, ეკრანის საშუალებით მიღებული სერვისებით არ უნდა ჩანაცვლდეს. ადამიანმა უნდა იაროს, შეხვდეს სხვებს, იყოს საჯარო სივრცის ნაწილი. სწორედ ეს ქმნის ქალაქის ნამდვილ ენერგიას.

M: რას გვეტყოდით თბილისზე, ჩვენი დედაქალაქის რომელი ნაწილი გეჩვენებათ ყველაზე პერსპექტიულად მომავალი ურბანული განვითარებისთვის?

ვფიქრობ, ეს ის ადგილებია, რომლებიც ჯერ კიდევ ნაკლებად განვითარებულია და ბოლომდე არ არის გარდაქმნილი. ისტორიული ცენტრი დღეს ძირითადად ტურიზმზეა ორიენტირებული და იქ უკვე ბევრი ცვლილება მიმდინარეობს – ადგილობრივები ნელ-ნელა იწევიან გარეთ, ბინები Airbnb-ებად ან ბუტიკურ სასტუმროებად გარდაიქმნება.

ძალიან საინტერესოა საბჭოთა პერიოდში აშენებული უბნები, განსაკუთრებით თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიებზე. გურამიშვილის გამზირის მიმდებარე დასახლებები – თემქა, სანზონა, ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან აქ ჯერ კიდევ არსებობს ინდუსტრიული, საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების თანაარსებობა, ასევე ბევრი მწვანე ზონა.

ამ უბნებს დიდი პოტენციალი აქვთ, რადგან აქ მასშტაბური ჩარევები ჯერ არ განხორციელებულა. უკვე არსებობს ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ფეხით გადაადგილების შესაძლებლობა და მწვანე სივრცეები. ვფიქრობ, რაც დამატებით სჭირდება ამ ადგილებს, არის საცხოვრებელი გარემოს განახლება და კულტურული სივრცეების განვითარება.

M: რას ურჩევდით თბილისის მსგავს სწრაფად მზარდ ქალაქებს, რომლებიც ცდილობენ ადამიანებისთვის უკეთესი ურბანული სივრცეები შექმნან?

ყველაზე მთავარი რჩევაა – არ დაივიწყონ ადამიანები. ბევრ განვითარებად ქალაქში ვხედავთ ერთსა და იმავე პროცესს: თავიდან ქალაქები ფეხით მოსიარულეებისთვის იყო კომფორტული, შემდეგ კი უფრო და უფრო მეტი სივრცე მანქანებმა დაიკავა.

ვფიქრობ, თბილისი ამ ეტაპს ჯერ კიდევ გადის, თუმცა თანდათან ისევ ადამიანებზე ორიენტირებულ განვითარებას უბრუნდება. ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი სივრცეების შექმნა, სადაც სიარული და დროის გატარება სასიამოვნოა. ქუჩები უნდა იყოს ცოცხალი, ხელმისაწვდომი და არა მხოლოდ დიდი სავაჭრო ცენტრების გარშემო ორგანიზებული.

მნიშვნელოვანია მწვანე სივრცეების სიახლოვე, კარგი მაკავშირებლები ქალაქის სხვადასხვა ნაწილს შორის და ისეთი გარემო, სადაც ადამიანს მუდმივად არ უწევს დიდი გზებისა და ინფრასტრუქტურული ბარიერების გადალახვა.

M: ბოლოს მინდა გკითხოთ თბილისში ვიზიტის შესახებ. რა ხედვას გაუზიარებთ ქართველ აუდიტორიას?

ივნისის დასაწყისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმში მივიღებ მონაწილეობას, სადაც ტრანსპორტსა და ურბანულ ინფრასტრუქტურაზე ვისაუბრებთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ტრანსპორტი მხოლოდ ინფრასტრუქტურის თემა არ არის – ის პირდაპირ კავშირშია საჯარო სივრცესთან და იმასთან, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები ქალაქში.

ასევე, 5 ივნისს თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩავატარებ ლექციას „მოქნილი ქალაქის“ შესახებ, სადაც ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ შეიძლება უკეთესი ქალაქების შექმნა და იმ ბალანსის პოვნა, რომელიც ქალაქს ერთდროულად კომფორტულსაც ხდის და ცოცხალსაც.

[R]

„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” ევროპული მოგზაურობა მეორე ეპიზოდით გრძელდება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია