ივენთ კომპანია „მარმენიო” 2017 წლის გაზაფხულზე ორმა მეგობარმა – მარიამ ბარნაბიშვილმა და ნინო ჩხიკვაძემ შექმნა. მათ მიზანს საშუალო შემოსავლის მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი მომსახურების გაწევა წარმოადგენს, დღეისათვის კი მომხმარებელს სთავაზობენ ნებისმიერი სახის წვეულების გაფორმებას, იქნება ეს ქორწილი, კორპორატიული წვეულება, მაღაზიის გახსნა, ნიშნობა თუ დაბადების დღე. ამბობენ, რომ წელს ღია ცის ქვეშ ქორწილის გადახდაა აქტუალური და ამ მიმართულებით მუშაობენ, ხოლო შემოდგომიდან საიხლეების შეთავაზებას გეგმავენ მომხმარებლებისთვის. როგორია „მარმენიოს” შექმნის საჭიროება და ისტორია, რა განასხვავებს მას სხვა ივენთ კომპანიებისგან და რას გეგმავენ სამომავლოდ. ამ კითხვებზე მარკეტერს „მარმენიოს” ერთ-ერთმა შემქმნელმა – მარიამ ბარნაბიშვილმა უპასუხა:
M: რა შეხება გქონდათ წვეულებათა დიზაინის სფეროსთან და რა იყო „მარმენიოს” შექმნის მოტივი?
წინა წელს იყო ჩემი ქორწილი და მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან ძვირი ღირდა ივენთ კომპანიების მომსახურება, წვეულების გაფორმების კუთხით, ან თუნდაც დეკორაციებისა და სხვადასხვა ინვენტარის ქირაობა. გადავწყვიტეთ, რომ ეს სამუშაო თვითონ შეგვესრულებინა. ჩემი ქორწილის შემდეგ, გვინდოდა შეგვექმნა ივენთ კომპანია, რომელიც მოემსახურებოდა საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებს. იდეა გაგვიჩნდა 2016 წლის შემოდგომაზე, აქტიურად ფუნქციონირება დავიწყეთ 2017 წლის გაზაფხულიდან. რაც შეეხება გამოცდილებას, ნინოს აქვს ყვავილების მაღაზია, შესაბამისად, ჰქონდა შეხება დიზაინის სფეროსთან და ღონისძიებების დაგეგმვის მხრივაც გარკვეული იყო.
M: რატომ შეარქვით თქვენს სტარტაპს „მარმენიო”?
გვინდოდა გვქონოდა ქართული სახელწოდება. ბევრი ვიფიქრეთ, ვეძებდით სიტყვებს, ვნახეთ ძველი ქართული სიტყვათა ლექსიკონი და შემთხვევით აღმოვაჩინეთ ეს სიტყვა – მარმენიო, რომელიც ნიშნავს ბედისწერას. ჩვენი ივენთ კომპანია, ყოველ ჯერზე, მნიშვნელოვანი და საბედისწერო დღის ნაწილი ხდება.
M: საქართველოში საკმაოდ ბევრი ივენთ კომპანიაა, რა არის თქვენი უპირატესობა მათთან მიმართებაში?
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო ფასი. ჩვენ არ გვაქვს „გაბერილი ფასები”. მაქსიმალურად ოპტიმალურ ფასს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს. ეს მიმზიდველია მათთვის, რადგან ღონისძიებას ძალიან დიდი ხარჯი აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში. ხელის მოწერისას, თაღის და ცერემონიალის გაფორმება იწყება 150 ლარიდან, სიძე-პატარძლის მაგიდის გაფორმება იწყება 200 ლარიდან, სტუმრების მაგიდაზე თაიგულის განთავსების ფასი იწყება 35 ლარიდან. ამ ეტაპზე, ყველაზე მოთხოვნადია ნათურების გაქირავება და ყველა შემთხვევაში, პირობები ინდივიდულურია.
M: მომხმარებელთან კომუნიკაციის რა ხერხებს იყენებთ? როგორ იგებენ თქვენ შესახებ?
facebook-ისა და instagram-ის მეშვეობით. გადავწყვიტეთ, რომ სოციალური ქსელების მეშვეობით გავეცანით ჩვენს მომხმარებლებს, სადაც ვათავსებდით ჩვენი ნამუშევრების ფოტობს, ასევე, ვარეკლამებდით და ამ გზით გაგვიცნო ხალხმა.
M: რა იგეგმება სამომავლოდ „მარმენიოში”?
შემოდგომიდან ვგეგმავთ აქტიურად ჩავებათ კორპორატიული წვეულებების გაფორმებაში, გვინდა, რომ შემოვიტანოთ ისეთი ინვენტარი, რომელიც, ჯერჯერობით, არც ერთ ივენთ კომპანიას არ აქვს გამოყენებული. ამჟამად, დეკორატიულ ნათურებსაც ვაქირავებთ და გვინდა, რომ რამდენიმე თვეში ნათურებთან ერთად სხვადასხვა ინვენტარის გაქირავებაზეც ვიმუშაოთ, მაგალითად: დენს ფლორი და მსგავსი რაღაცები. ასევე, გვინდა გვქონდეს ჩვენი ლოკაცია, რომელიც იქნება ღია ცის ქვეშ და უკვე ჩვენს მომხმარებელს შევთავაზებთ ჩვენს ადგილს, რომელიც სრულად იქნება აღჭურვილი ყველა იმ დეტალით, რომელიც სჭირდება ივენთს.