19
Jun
2019

Mars-მა რეკლამებში გენდერული ბალანსის აღდგენის პირობა დადო

19 Jun 2019

საერთაშორისო კორპორაცია Mars-ის წარმომადგენლების თქმით, მათ რეკლამებში გენდერული დისბალანსია. როგორც თავად ამბობენ, კომპანიის ვიდეორგოლებში, მამაკაცთა და ქალთა შეფარდება 3:2-ზეა. გამოცემა The Drum-ის ცნობით, ამის შესახებ ბრენდის ხელმძღვანელობამ „კანის ლომების“ რეკლამის საერთაშორისო ფესტივალზე ისაუბრა.

კვლევა, რომელიც კორპორაციამ Geena Davis Institute on Gender in Media-სთან ერთად ჩაატარა, ამ სფეროში სტერეოტიპების შესწავლას ისახავდა მიზნად. მკვლევარებმა, Mars-ის 200-მდე ვიდეორგოლი და ამ რეკლამების 300-მდე პერსონაჟი გააანალიზეს, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საკვები პროდუქტების, საკონდიტრო ნაწარმის, ცხოველების საკვების, მათი მოვლის საშუალებებისა და ბრენდის სხვა ნაწარმის მხარდასაჭერად გადის.

აღმოჩნდა, რომ Mars-ის რეკლამებში მამაკაცი პერსონაჟები უფრო მეტნი არიან, შეფარდებით 3:2. თანაც, სცენარების მიხედვით, მათი 22% ლიდერია, როცა ქალების შემთხვევაში, მთავარი როლი მხოლოდ 17%-ს აქვს. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ კომპანიის ვიდეორგოლებში მამრობით სექსის 26% მუშაობს, ქალი გმირების კი მხოლოდ 11%-ია დასაქმებული.

„ჩვენ ვთვლით, რომ კარგი რეკლამა, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ კრეატივი. საუკეთესო რეკლამა იღებს პასუხისმგებლობას ზუსტად წარმოაჩინოს საზოგადოება. იმედია გვაქვს, კვლევისა და მიღებული მონაცემების შემდეგ, განვსაზღვრავთ პრიორიტეტებს და შევძლებთ, ამ ინდუსტრიაში ქალების [მამაკაცებთან მიმართებაში] თანაბრად წარმოდგენასა და ჩართულობას“, – განაცხადა Mars-ის ერთ-ერთი ბრენდის Wrigley-ის ხელმძღვანელმა.

კორპორაციის წარმომადგენლების თქმით, მზად არიან, პარტნიორ სააგენტოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და UN’s Unstereotype Alliance-თან ერთად იმუშაონ, რომ მათ რეკლამებში არსებული გენდერული დისბალანსი შეცვალონ – ქალი და მამაკაცი პერსონაჟები თანაბარი რაოდენობითა და უფლებებით წარმოაჩინონ.

 

განხილვა