2017 წლის დასაწყისში, მარსიდან სოციალურ ქსელში ახალი სტიკერები ჩამოფრინდნენ. ქართულად ამეტყველებული სხვადასხვა მულტფილმის პერსონაჟები, ასევე, სახალისო მეტაფორული თამაშები, სტარტაპ „მარს დიზაინის” დამახასიათებელი ნიშანია. სტიკერებისთვის ნახატები ანი ჯაფარიძის მიერ იქმნება, რომელსაც აღნიშნული სტარტაპის შექმნა ხატვისა და მულტფილმების სიყვარულმა გადააწყვეტინა. ილუსტრაციებსა და ფრაზებს შორის კავშირზე, ასევე, „მარს დიზაინის” მუშაობის სპეციფიკასა და სამომავლო გეგმებზე მარკეტერი მის შემქმნელს – ანი ჯაფარიძეს ესაუბრა:
M: რის გადმოცემას ცდილობთ სტიკერების შექმნის გზით და რატომ შეარქვით თქვენს სტარტაპს „მარს დიზაინი”?
ძალიან მომწონს, რომ პატარა გოგო-ბიჭები მოწოდებად აღიქვამენ ჩემს ნახატებსა თუ ფრაზებს და მეც, პატარა მეტაფორულ სამსახურს ვდებ ამ ყველაფერში. სახელი Mars Design შევარქვი იმიტომ, რომ ვიცოდი – სახელი უნდა იყოს მოკლე, დასამახსოვრებელი და გაგონებისას თუ თქმისას ვიზუალიზაცია უნდა შეგეძლოს. კოსმოსი მიყვარს და პლანეტა მარსი ავარჩიე.
M: როგორია მოფიქრების და შექმნის პროცესი?
პროცესი არის ძალიან უმართავი, სპონტანური. ერთდროულად მომდის რამდენიმე იდეა, ვინიშნავ და თავისუფალი დრო როცა მაქვს ვხატავ და შემდეგ ვბეჭდავ.
M: რატომ გადაწყვიტეთ მულტფილმების გმირების გამოყენება სტიკერებისთვის?
მიყვარს მულტფილმები და ვფიქრობ, ადამიანებს, რომელთაც უყვართ ანიმაციები, მოეწონებათ საყვარელი გმირების ვიზუალით შექმნილი სტიკერები. თუმცა, მომხმარებლები მხოლოდ მულტფილმებთან სიახლოვის ნიშნით არ იძენენ ჩემს ნამოქმედარს. ფრაზებსაც დატვირთვა და კავშირი დაუნახეს, ამიტომაც, არის მოთხოვნა.
M: რატომ უნდა აირჩიონ „მარს დიზაინის” სტიკერები? არის საქართველოში სხვა სტარტაპები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, რა უპირატესობა გაქვთ მათთან მიმართებაში?
პირველ რიგში, მგონია, რომ ვიზუალურად, თავისი მინიმალისტური სტილი აქვს „მარს დიზაინის” სტიკერებს და დახვეწილი კავშირია ილუსტრაციასა და ფრაზას შორის. ეს არ არის სტიკერები, რომლებიც „გაიყიდება” პრინციპითაა შექმნილი, თითოეული მათგანი არის ფიქრისა და შრომის შედეგი. გარდა ამისა, მოწესრიგებულად მიყვარს საქმეს კეთება და შესაბამისად, მინდოდა ეს სტიკერები გარკვეულ თემებში გამეერთიანებინა. მაქვს მულტფილმების თემა, არის “არა” თემა, ხელების თემა, უფრაზო სტიკერები და ა.შ.
M: რა ღირს თქვენი შექმნილი სტიკერები და სად შეიძლება მათი შეძენა?
ფასები ზომიდან გამომდინარეა – პატარა სტიკერი 2, დიდი კი 3 ლარი ღირს. ოდნავ მეტი ღირს, ვიდრე ქართული, სხვა სტიკერები და ვფიქრობ რომ ესეც, ერთგვარად, ხარისხის მაჩვენებელია. შეძენა შესაძლებელია თბილისში, John Wrap-ის დახლებზე, ოთხივე გუდვილში და Tatiana Tatoo Studio-ში.
M: „მარს დიზაინის” სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით..
სამომავლოდ ვგეგმავ უკვე არსებული ვიზუალების გამოყენებით, ჩემ მიერ მოფიქრებულ იდეებზე დაყრდნობით, ჩემს კოლექციებს დავამატო სხვა მასალა, აქსესუარები, მაისურები, ბროშები და ა.შ.













