in

M&Ms-ის, Mars-ის, Snickers-ის, Bounty-სა და სხვა ცნობილი ბრენდების მშობელი – Mars Incorporated

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც შოკოლადი არ უყვარს. სწორედ ამ მიზეზით, მსოფლიოში შოკოლადის ათასობით სახეობაა გავრცელებული, თუმცა მათგან გამორჩეულის სტატუსი მხოლოდ რამდენიმეს ეკუთვნის. 

istoriebi
istoriebi

„ღვთაებრივი ნეტარება”, „წაუსნიკერსე”, „შოკოლადი, რომელიც დნება პირში და არა ხელში”  – ეს სლოგანები ყველასთვის ნაცნობია, რადგან ისინი ტკბილეულის ძალიან ცნობილ ბრენდებს ეკუთვნის, თუმცა მათი იდენტობა იმდენად სხვადასხვანაირადაა წარმოჩენილი, შეიძლება ბევრმა არც იცოდეთ, რომ ყველა მათგანი ერთი დიდი ოჯახის წევრია.

ვნახოთ, როგორ დაიწყო ყველასთვის საყვარელი შოკოლადის ბრენდების ისტორია, სად და როდის შეიქმნა პირველი ფილები და როგორ მოვიდა ჩვენამდე.

ცოტა რამ Mars Incorporated-ის შესახებ

Mars Incorporated ამერიკული მრავალეროვნული მწარმოებელია საკონდიტრო ნაწარმის, შინაური ცხოველების საკვებისა და სხვა საკვები პროდუქტების მიმართულებით. 2022 წლის მონაცემებით, მისი წლიური შემოსავალი 45 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მისი სათავო ოფისი ქალაქ მაკლინში, ვირჯინიის შტატში მდებარეობს. კომპანია მთლიანად მარსების ოჯახს ეკუთვნის და ის აშშ-ის მე-4 ყველაზე დიდ კერძო კომპანიადაა დასახელებული.

სწორედ ამ კორპორაციას ეკუთვნის ის ცნობილი ტკბილეული, რომლებიც ჩვენ ყველას ასე ძალიან გვიყვარს. Mars, Milky Way, Bounty, M&Ms, Snickers, Twix – ეს სახელები ყველას გეცნობათ და ყოველდღე გხვდებათ სასურსათო მაღაზიებში. 

ბრენდის ისტორია

ამ უმსხვილესი კორპორაციის ისტორია 1911 წელს იწყება. მისი დამფუძნებელი იყო ფრენკ სი მარსი, რომელმაც თავდაპირველად კარაქისგან კანფეტების დამზადება დაიწყო და სახლიდანვე ყიდდა მათ. მაშინ ის ვაშინგტონში ცხოვრობდა. რამდენიმე წლის შემდეგ, 1920-ში, მან თავისი, უკვე მოძლიერებული ბიზნესი მინეაპოლისში გადაიტანა. 

პირველი პროდუქტი, რომელმაც ბიზნესს დიდი პოპულარობა მოუტანა და დღესაც საკმაოდ ცნობილია, იყო Milky Way Candy Bar, რომელიც პირველად გამოვიდა 1923 წელს. 1929 წელს კომპანია გაფართოვდა და ჩიკაგოში გადაიტანა ბიზნესი, სადაც უკვე 200 თანამშრომლის დაქირავება მოუხდა. ქალაქის ცენტრალურმა მდებარეობამ და მოსახერხებელმა სატრანსპორტო მოძრაობამ დიდი წვლილი შეიტანა კომპანიის წინსვლაში, თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარი იყო პროდუქცია, რომელსაც ის აწარმოებდა. 

Snickers-ის გამოსვლამ კომპანია ზრდისა და გაფართოების ეპოქაში გადაიყვანა. Mars-მა ევროპულ ბაზარს მიაღწია და თავის საწამოს ახალი ხაზი, შინაური ცხოველების მოვლის პროდუქტები დაამატა. 1935 წელს მან შეიძინა Chappell Brothers, გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული კომპანია, რომელიც აწარმოებდა Chappie-ს დაკონსერვებულ ძაღლის საკვებს. ასევე, 1936 წელს დაინერგა Maltesers-ის შოკოლადის ბურთები და 1939 წელს დაემატა KITEKAT კატის საკვები.

მეორე მსოფლიო ომი

მეორე მსოფლიო ომის დროს მარსმა გახსნა ქარხანა ნიუარკში, ნიუ ჯერსის შტატში, სადაც ექსკლუზიურად აშშ-ის სამხედრო ჯარებისთვის M&M’s ტკბილეული უნდა ეწარმოებინა. ფართო საზოგადოებამ ამ პროდუქტს გემო 1945 წელს გაუსინჯა და ორიგინალობის უზრუნველსაყოფად მარსმა თითოეულ კანფეტზე ამოატვიფრინა ასო M. M&M’s იმდენად პოპულარული გახდა, რომ მარსმა კიდევ ერთი ქარხანა გახსნა ჰეკეტსთაუნში, ასევე ნიუ ჯერსიში.

პირველი Bounty

Bounty-ს შოკოლადის ფილები პირველად Mars Incorporated-მა 1951 წელს გაყიდა. თავდაპირველად ის გაერთიანებულ სამეფოსა და კანადაში გავრცელდა, შემდეგ უკვე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. 

ეს ტკბილეული 1936 წელს პიტერ პაულის მიერ შემოღებული Mounds ბარისა და 1948 წელს Hershey’s Almond Joy-ის რძიანი შოკოლადის შთაგონებით შეიქმნა. 

მარკეტინგული გათვლა

1962 წელს მარსმა გახსნა საწარმოო ქარხნები ნიდერლანდებსა და ინგლისში და წამოიწყო მარკეტინგული კამპანიები საფრანგეთსა და შვედეთში. 1965 წელს კომპანიამ დააარსა Waltham Center for Pet Nutrition დიდ ბრიტანეთში, კვლევისა და განვითარების ლაბორატორია, რომელიც ეძღვნება შინაური ცხოველების კვებითი საჭიროებების შესწავლას. მარსმა შინაური ცხოველების კვების ბიზნესი აშშ-ში Kal Kan Foods-ის შეძენით გააფართოვა 1968 წელს.

ბრენდმა ასევე იზრუნა კაკაოს მეცნიერების ცენტრის გახსნაზე ბრაზილიაში, რათა კაკაოს მეურნეობისთვის დაეჭირა მხარი და ხელი შეეწყო მისი ბიომრავალფეროვნების, მდგრადობისა და სამუშაო პირობების სრულფასოვნებას. მისთვის, როგორც შოკოლადის მწარმოებლისთვის, კაკაოს მეურნეობაზე ზრუნვა სტრატეგული ნაბიჯი იყო.

1990-იან წლებში Mars შევიდა რუსეთისა და ჩინეთის შინაური ცხოველების კვების ბაზარზე და ასევე შეიძინა ორგანული საკვების კომპანია Seeds of Change. 

2000-იანები

2005 წელს კომპანიამ დააარსა Mars Symbioscience, გლობალური კვლევითი ბიზნესი, რომელიც ორიენტირებულია ჯანმრთელობის პროდუქტებისა და სიცოცხლის მეცნიერებების განვითარებაზე. კვლევის სფეროები მოიცავს მცენარეთა მოვლას, კაკაოს ფლავანოლებსა და ძაღლების გენეტიკას. 2007 წელს კომპანიამ შეიძინა Banfield Pet Hospital და ბუნებრივი ცხოველების საკვების კომპანია, Nutro Products. 

2008 წელს მარსმა ასევე შეიძინა Wm. Wrigley Jr. Company, რომელიც ცნობილი იყო საღეჭი რეზინის ბრენდებით, როგორიცაა Doublemint, Juicy Fruit და Big Red.

2020 წლის ნოემბერში მარსმა შეიძინა საკვების მწარმოებელი კომპანია, Kind North America, 2022 და 2023 წლებში კი West Valley City-ს ხილის პროდუქტების ბრენდისა და Hotel Chocolat 534-ის მფლობელი გახდა.

დაარსების დღიდან Mars Incorporated არ წყვეტდა გაფართოებას და არ სჯერდებოდა მიღწეულს. ამ პოლიტიკას, როგორც ვნახეთ, იგი დღემდე მიჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესს უკვე უამრავი ბრენდი და დიდი შემოსავალი აქვს, ის მაინც ფართოვდება წლიდან წლამდე და სხვადასხვა საბაზრო სეგმენტებს იპყრობს.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ონლაინშოპინგის საუკეთესო გამოცდილების შექმნის 2 წელი

როგორ აფასებს m² სფოთლაითთან მრავალწლიან მეგობრობას