7
Aug
2019

მარსის მისიის ასტრონავტებს ტვინის სერიოზული დაზიანება ელით – კოსმოსური სადგურის კვლევა

7 Aug 2019

Alta
Alta


ცნობილია, რომ ღია კოსმოსში ყოფნა ცვლის ადამიანის ორგანიზმს, თუმცა, რამდენად ნეგატიურად შეიძლება აისახოს ეს მის ჯანმრთელობაზე, ან რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს არამხოლოდ კოსმოსში ყოფნა, არამედ სხვა პლანეტაზე გამგზავრება მოუწევს. NASA-ს მიერ, მარსის მისიის ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმეთვიანი მოგზაურობა, მაღალი რადიაციის პირობებში, კიდევ უფრო მეტი კითხვის დასმის საშუალებას იძლევა. სწორედ ამიტომ, 2018 წელს, საერთაშორისო კოსმოსურმა სადგურმა ახალი მისია დაიწყო, რომლის მიზანი იყო დაედგინა, რამდენად უსაფრთხო შეიძლება იყოს მარსზე გამგზავრება ასტრონავტებისთვის. მისიის ფარგლებში, ტრადიციულად, თაგვები გამოიყენეს. ისინი ისეთ ექსპერიმენტულ, რადიაციის პირობებში მოათავსეს, რომლის გადატანაც, მარსზე გამგზავრებისას, ხომალდის ეკიპაჟს მოუწევს და ცუდი ამბავი გვაქვს.

მეცნიერების დასკვნით, ამ დოზის რადიაცია სერიოზულ ნეიროკოგნიტურ სირთულეებს იწვევს, რომელიც ნეიროტრანსმისიების მოშლას უკავშირდება. შედეგებმა აჩვენა რადიაციის გავლენით ტვინის ფუნქციების დარღვევა, კოგნიტური დისფუნქცია, გაუარესებული მეხსიერება, დისტრესული ქცევა (მოქმედების უუნარობა).

აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში გამოიყენეს სპეციალური, ექსპერიმენტული სივრცე, სადაც შექმნეს მარსზე გამგზავრებისას მოსალოდნელი რადიაციის პირობა. ექსპერიმენტი 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს უფრო მცირე დროა, ვიდრე ასტრონავტებს, მარსამდე მისაღწევად  დასჭირდებათ.

„ეს რადიაციული ნაწილაკები ძალიან საშიშია. მიზეზი კი ისაა, რომ ისინი ძალიან ენერგეტიკულები და სრულად იონიზირებულები არიან და როდესაც ისინი გაივლიან ადამიანის ორგანიზმში, წარმოქმნიან იმ დონის დაზიანებას, რომ მასში არსებულ ქსოვილებსა და უჯრედებში ვხვდებით მნიშვნელოვან ცვლილებებს – გადაგვარებას“, – ამბობს CNN-თან საუბრისას კალიფორნიის უნივერსიტეტის ონკოლოგი ჩარლ ლიმოლი და დასძენს: „ახლა ეს ძალიან რთული რამ ჩანს. უცნობია, როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ/გამოვასწოროთ ტვინის მსგავსი დონის დაზიანება“.

ჯერჯერობით, უცნობია, როგორ აისახება აღნიშნული კვლევა მარსის მისიაზე, რომელიც 2023 წლისთვის იგეგმება. მის ფარგლებში კი NASA-ს მეცნიერები და უშუალოდ, ასტრონავტები წითელ პლანეტაზე მოხვედრასა და მარსის კოლონიზაციას გეგმავენ. თუმცა, აღნიშნული კვლევა დაფიქრების საფუძველს ნამდვილად იძლევა. შესაძლოა, Nasa-მ ახალ პროექტებზე დაიწყოს მუშაობა, რომლის მიზანიც, მარსისკენ გაშვებული ხომალდის ეკიპაჟის ტვინისგადამგვარებელი რადიაციისგან დაცვა იქნება.

განხილვა