in

Marshall – დრამერის ექსპერიმენტი, რომელიც მსოფლიო ბრენდად იქცა

Marshall – ხმა, რომელიც მუსიკის შეგრძნებაში გვეხმარება და ნოტების ფაქიზი ჟღერადობა ჩვენს ყურამდე და გულამდე მოაქვს. ბრენდის ისტორია, მხოლოდ დახვეწილ დიზაინსა და ხმას არ მოიცავს, ესაა ამბავი დრამერზე, რომელსაც ბედისწერამ სამუდამოდ შეუცვალა ცხოვრება. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას იმზადებთ, ჩვენ Marshall-ზე მოგიყვებით.

ეს ისტორია იწყება 1962 წელს, ლონდონის პატარა მაღაზიაში, რომელსაც ჯიმ მარშალი მართავდა. ის საკმაოდ წარმატებული დრამერი იყო, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ თავდაპირველად ფოკუსირებული იყო დასარტყამი ინსტრუმენტებისა და დრამის აქსესუარების გაყიდვაზე. მის მაღაზიას ხშირად სტუმრობდნენ ადგილობრივი გიტარისტები, როგორიცაა რიჩი ბლეკმორი და პიტ თაუნშენდი. ისინი იმედგაცრუებულები იყვნენ, რადგან ხელმისაწვდომ ფასად ხმის კარგი გამაძლიერებლები ვერსად შოულობდნენ. სურდათ უფრო მაღალი, უფრო ძლიერი ხმა მიეღოთ, რაც მათ მუსიკას სხვა დატვირთვას მისცემდა.

ჯიმმა გულთან ახლოს მიიტანა მათი წუხილი და არსებული გამაძლიერებლების მოდიფიკაცია დაიწყო, რათა მიეღო ისეთი ხმა, როგორიც მის მომხმარებლებს სურდათ. შედეგად შეიქმნა ლეგენდარული JTM45, გამაძლიერებელი, რომელიც Marshall-ის ბრენდის ქვაკუთხედად იქცა. თავდაპირველად სახელწოდებით “Number One”, ჯიმმა 23 გამაძლიერებლის შეკვეთა პირველსავე დღეს მიიღო, რაც ახალ ხმოვან გამოცდილებაზე მოთხოვნის დასტური იყო.

JTM45 სიმძლავრის სიმბოლო იყო. კონკურენტებისგან განსხვავებით, Marshall-ის გამაძლიერებლები შეფასდა Root Mean Square (RMS) სიმძლავრის მიხედვით, რაც მათი ნამდვილი სიმძლავრის უფრო ზუსტი საზომია. ამ კეთილსინდისიერმა მიდგომამ, გამაძლიერებლის უნიკალურ ტონალურ მახასიათებლებთან ერთად, დიდი რეზონანსი გამოიწვია გიტარისტებში.

Marshall-ის შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა. ადრეულმა მოდელებმა გზა გაიკვალეს ბრიტანულ ბენდებში, როგორიცაა The Who და Cream. Marshall-ის საკულტო სტეკი – ერთმანეთზე დაწყობილი მრავალი გამაძლიერებელი – როკ-ენ-როლის ვიზუალურ სიმბოლოდ იქცა.

თუმცა, Marshall-ის ბრენდი მხოლოდ ხმა არ იყო. ის სთავაზობდა სრულყოფილ ნაზავს, რაც იდეალურია როგორც რიტმისთვის, ასევე მაღალი რეგისტრებისთვის. Led Zeppelin-მა და ჯიმი ჰენდრიქსმა, კიდევ უფრო გაამყარეს Marshall-ის ადგილი როკის ისტორიაში.

მართლაც, Marshall-ის ისტორია არ არის მხოლოდ იმ გამაძლიერებლების უზარმაზარი კედელი. ბრენდი მუდმივად ეძებდა ინოვაციებს, ნერგავდა ახალ მოდელებს, მათ შორისაა Plexi სერია, რომელიც ცნობილია თავისი კიდევ უფრო მაღალი ხარისხით. Marshall სხვა ჟანრებსაც შეეხო, JCM სერიები მოარგო ბლუზსა და კლასიკურ როკს, ხოლო MG სერია დამწყებთათვის უფრო ხელმისაწვდომ ვარიანტს წარმოადგენდა. დღეს, Marshall ინარჩუნებს ლიდერობას გამაძლიერებლების სამყაროში. მან დანერგა თანამედროვე ტექნოლოგიები და ამასთან, დარჩა საკუთარი ფესვების ერთგული.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

Lexus-ის კამპანია მამების „ქრინჯ“ იუმორს ეძღვნება

„იგრილლავე ლისზე“ — გზამკვლევი