უნდა ითქვას, რომ მარშალის მოწყობილობები თავისივე ჟღერადობითა და ვიზუალით 1960-იანი წლებიდან გამორჩეულია… თუმცა დღეს მასაც სჭირდება განახლება. ახლა სურთ, ერთდროულად ნოსტალგიურიც იყოს და აქტუალურიც, მართალია, ასე თავი გამოწვევის წინაშე დააყენა, მაგრამ ახლა Marshall-მა მეტად საინტერესო რებრენდინგი შემოგვთავაზა.
ეს საქმე კი ბრენდმა Barkas-ის სტუდიას მიანდო. ახალი დიზაინის სისტემის შექმნა, marshall.com-ის სრულად გარდაქმნა და ბრენდის აზრის სიღრმისეული გააზრება დაავალა. ამაში კი 100-ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული…
„მიზანი Marshall-ის ახალ ეპოქაში გადასვლა იყო, ონლაინ პლატფორმის შექმნა, რომელიც მარშალის ეპიკურ პროდუქტებს მსოფლიოს მიჰყიდის. უკვე საკმაოდ დიდი სამუშაო აქვთ გაწეული თავიანთი ბრენდის პლატფორმაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ამოცანის შესრულება მარტივია, Marshall უკვე საკულტო სიმბოლოა, ერთგული გულშემატკივრებით, რომელთაც პატივისცემით უნდა მოვეპყრათ. საფეხბურთო კლუბის რებრენდინგს ჰგავს, ადამიანების გონებაში გერბი და ლოგოა ჩაბეჭდილი, გამოწვევას კი ის წარმოადგენს, თუ როგორ უნდა დავრჩეთ ამ შეგრძნების ერთგული და როგორ გავაგრძელოთ წინსვლა ავთენტური გზით“, — აცხადებს ლუკა რასმუსენი, Barkas-ის პარტნიორი.
აქაც პროცესი ინსაითის ძიებით დაიწყეს, რა დროსაც მეამბოხე ადამიანს მიაგნეს, რომელსაც ნებისმიერი მუსიკის მოსმენა შეუძლია, თამამი, დინამიკური და ხმამაღალია… ამგვარად, დიზაინშიც ყველა ჟანრის მუსიკის დამატება გადაწყვიტეს და ბრენდი ახალი თაობის აღქმებს მოარგეს.
თუმცა არ გეგონოთ, რომ მარშალის „წმინდა“ ლოგოს ვინმე შეეხო.
„ჩვენ არ შევხებივართ საკულტო ყუთის ლოგოს დიზაინს, არც იყო ამის საჭიროება. სანაცვლოდ, მეორეული ვერსიების გამოყენება დავიყვანეთ მინიმუმამდე, რითაც ბრენდის ერთიანი აღქმა შევქმენით. ყუთი კი ელემენტად იქცა, რომელსაც კომუნიკაციისას გამოვიყენებთ… ჩვენი მთავარი მიზანი იყო, შეგვექმნა ბრენდი, რომელიც კიდევ 60 წელს იცოცხლებდა…“, — აცხადებენ მირიამ ნიკოლი და მაფალდა რემოალდო, დიზაინერები.
რაც შეეხება marshall.com-ს, აქ გადაწყვიტეს, ჩვენთვის ეჩვენებინათ, რომ მარშალი უბრალოდ დინამიკები და ხმის გამაძლიერებლები კი არა, მუსიკისა და მუსიკის მოყვარულების სივრცეა, რომელთაც იგი ინსპირაციას აწვდის. ამგვარად, აქ მხოლოდ პროდუქტებს კი არ იპოვით, ხელოვანების შესახებაც გაიგებთ და მარშალის მუსიკალურ ისტორიაშიც ჩაეფლობით. იმერსიულ გამოცდილებას გვპირდებიან, რომელიც სთორითელინგსა და საუკეთესო E-commerce პრაქტიკას აერთიანებს.
Marshall-ის რებრენდინგზე მუშაობას კი ციფრული დიზაინერი მორტენ როზენდალი შემდეგნაირად აღწერს:
„საოცარი იყო ბრენდზე მუშაობა, რომელსაც სურს, იმაზე მეტი იყოს, ვიდრე რაღაც ფუნქციური და მინიმალისტური. მარშალის მემკვიდრეობამ და ისტორიამ მოგვცა დიდი მოტივაცია, შემოგვეთავაზებინა ციფრული გამოცდილება, რომელიც ბრენდის მემკვიდრეობასაც მიაგებს პატივს და მომავლისკენაც იხედება. პროექტის დაწყებიდან მალევე აშკარა გახდა, რომ rock n roll უბრალოდ მუსიკალური ჟანრი კი არა, დამოკიდებულებაა… არც მხოლოდ შავი ტყავის ქურთუკს მოიცავს, მრავალნაირად გამოიყურება…“.