in

მარშეს რებრენდინგი — „ზედმეტად კარგი“ პროდუქტები და ჯადოსნური სუფრა 

ბრენდი მარშე 2012 წლიდან არსებობს ბაზარზე, ორი მსხვილი ბიზნეს მიმართულება აქვს, B2B და საცალო ვაჭრობა. ბრენდის არსებობის სხვადასხვა ეტაპზე რებრენდიგი განხორციელდა, რაც ლოგოსა და საცალო ვაჭრობის პროდუქტების შეფუთვის დიზაინების ცვლილებას გულისხმობდა. თუმცა ბოლო წლებში მარშეს სტრატეგიული მიმართულება B2B-ის გარდა, საცალო ვაჭრობის მიმართულებით ბრენდის გაძლიერება გახდა, რამაც ბრენდის გადახალისების, თანმიმდევრული ბრენდ სტრატეგიისა და ვიზუალური ბრენდინგის შეცვლის საჭიროება გააჩინა. ასევე, გადახალისდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ასორტიმენტი თითოეულ კატეგორიაში (ძეხვეული, თევზეული, ნახევარფაბრიკატები და პურ-ფუნთუშეული).

BOG
BOG

შედეგად, დღეს მარშე პროდუქტების მრავალფეროვნებით ჯადოსნური სუფრის გაშლის შესაძლებლობას სთავაზობს მომხმარებლებს, პროდუქტების სინთეზით კი საინტერესო, მრავალფეროვანი კერძების შექმნას. ლოგო მზეს მიამსგავსეს. ხოლო მაღაზიის დახლებს წიგნების თაროებად წარმოიდგენენ…

რებრენდინგი კომპანიის იდენტობის სრულ განახლებას მოიცავს, ახალი ბრენდ სტრატეგიით, განახლებული ვიზუალური სტილითა და საკომუნიკაციო კონცეფციით წარდგება მომხმარებლების წინაშე. ამ უკანასკნელზე Windfors-მა იმუშავა. უფრო ვრცლად კი ამ ამბის შესახებ მარშეს მარკეტინგის ხელმძღვანელ თამარ გოჩაშვილთან და Q&A-ის არტ დირექტორ გიორგი ქვლივიძესთან ერთად მოგიყვებით.

ახალი ბრენდ სტრატეგია

როგორც ამბობენ, კვლევის შედეგად უკეთ გამოიკვეთა მომხმარებელთა მოლოდინები და აღქმა მარშეს ბრენდის მიმართ… აქედან გამომდინარე, თავს პრემიუმ, აფერმეინსტრიმ ბრენდად აპოზიციონირებენ და მომხმარებლებში იმ ადამიანებს მოიაზრებენ, რომელთათვისაც ხარისხი მნიშვნელოვანია.

ბრენდ სტრატეგიაზე უჩა და სანდრო ურუშაძეებმა იმუშავეს. პროცესში სრულად ჩართული იყო კომპანიის მენეჯემენტი. სტრატეგიაზე მუშაობის დასრულების შემდეგ კი, ერთხმად შევთანხდით იმ ბრენდის არსსზე, რაც შევქმენით. ბრენდ სტრატეგიაზე დაყრდნობით განახლებული ვიზუალური ბრენდინგი და საკომუნიკაციო სტრატეგია ჩამოვაყალიბეთ, ასევე, განვაახლეთ ასორტიმენტი — მარშეს ბრენდის ერთ-ერთი ძლიერი მხარე მრავალფეროვანი ასორტიმენტია, რითაც ბრენდი ბაზარზე განსხვავებულ პოზიციას იკავებს. მარშეს ზედმეტად კარგი მზა და ნახევრად მზა პროდუქტების მრავალფეროვნება, სინთეზი, მომხმარებელს აძლევს საშუალებას, გაშალოს ჯადოსნური სუფრა“, — ამბობს თამარი.

მარშე ბაზარზე სულ 4 კატეგორიითაა წარმოდგენილი, მათ შორის ხორცპროდუქტები, თევზეული, ნახევარფაბრიკატები და პურ-ფუნთუშეული გვხვდება.

საკომუნიკაციო მესიჯი: მარშე — ზედმეტად კარგი

საკომუნიკაციო მესიჯი სტრატეგიის კეთების დროს დაიბადა, რაც ძალიან იშვიათი შემთხვევაა, თუმცა, როგორც ამბობენ, გაუმართლათ. ახლა კი იმ მომხმარებლებს ეუბნებიან მარშე ზედმეტად კარგიაო, რომლებსაც ნახევარფაბრიკატებისგან ისეთი მოლოდინი არ აქვთ, როგორც, მაგალითად, დედას მომზადებული ბლინებისგან…

ჩვენი მიზანია მადისაღმძვრელი და ნერწყვის მომგვრელი პროდუქტები შევქმნათ და როდესაც ასეთი ამბიცია გაქვს, შეგიძლია, რომ მესიჯიც თამამი, ზედმეტად კარგი გქონდეს.

ვიზუალური ბრენდინგი — ახალი ლოგო და შეფუთვის დიზაინი

ბრენდის განახლებულ ვიზუალურ სტილზე, ახალ ლოგოსა და შეფუთვაზე Q&A-მ, გიორგი ქვლივიძემ, ნიკუშა ანთაძემ და სერგო ტიტენკოვმა იმუშავეს. რომ ვერ მოწყდებით ისეთი ბრენდინგი უნდოდათ, გაეკეთებინათ, ამიტომ რაღაც ისეთი ჩაიფიქრეს, რაც მაცივრის კარის გაღებისას მომხმარებელს უკვე კარგ ხასიათზე დააყენებდა. ასე მივიღეთ მზის მსგავსი ლოგო და წიგნებით შთაგონებული შეფუთვა…

ვიზუალური ენის შემუშავებისას ზედმეტად კარგი ჩვენ აღვიქვით, როგორც რაღაც, რაც არ გინდა, რომ შეწყდეს და, შესაბამისად, ლოგოც ამ რეცეპტით გამოცხვა. სიმბოლო წრიულად შეკრული M-ების ერთობლიობაა, უწყვეტი mmmmm, რომელიც საბოლოო ფორმაში ძალიან წააგავს ქართულ ლურჯ სუფრაზე გამოსახულ, ერთ-ერთ ძირითად, მზესავით კაშკაშა ორნამენტს, — გვეუბნება გიორგი ქვლივიძე.

ამასთან, ჩვენთვის საინტერესო იყო, როგორ გადმოიტანეს მარშეს პროდუქტების მრავალფეროვნება შეფუთვების დიზაინში. როგორც ვიგებთ, დიდმა ასორტიმენტმა მარშეს პროდუქცია მაცივრის თაროზე საამაყოდ ჩასამწკრივებელ ტომეულებად წარმოადგენინა ამ ამბის ავტორებს. ამიტომ, გვეუბნებიან, რომ ზედმეტად კარგი პროდუქციით სავსე მაცივარი იგივეა, რაც საყვარელი წიგნებით სავსე თარო, პირადი საკვები ბიბლიოთეკაა და თან კოლექციის შეგროვებისკენაც გიბიძგებს…

მარშეს თითოეული პროდუქტი, წიგნს შევადარეთ, როგორც დახვეწილ სიამოვნების ფორმას, რამაც დიზაინიც გვიკარნახა და ბრენდინგის ტექსტურ მხარესაც კარგი გასაქანი მისცა. პროდუქტების სახელები, წიგნის სათაურებივითაა, ჩემი ფავორიტი მთავარსარდელია, მაგალითად. ასევე კონტრეტიკეტზე პატარა, მადის აღმძვრელი გრაფაც დახვდება მყიდველს, რომელიც მხატვრულად აღწერს ამა თუ იმ პროდუქტის ჭამით მოსალოდნელ სიამოვნებას. მოკლედ, საკეთებლადაც ძალიან სახალისო საქმე იყო, თან რაც მნიშვნელოვანია, კონკურენტებისგან განსხვავებით, მაღაზიის თაროზე მარშეს პროდუქცია უმრავლეს შემთხვევაში ვერტიკალურად დაგხვდებათ, წიგნისთვის დამახასიათებელი წყობით, რაც კონკურენტებისგან თვალშისაცემად გამოარჩევს.

მნიშვნელოვანი ამოცანა კი აქ კატეგორიების ერთმანეთისგან გამიჯვნა იყო. ამიტომ თითოეულისთვის ოთხი კონტრასტული ფერთა გამა შემოიტანეს, რასაც უწყვეტი თემატური პატერნები ემატება, სიმბოლურად და დეკორატიულად კატეგორიის გამოსახატად. აღსანიშნავია, რომ პატერნი, ასევე ხშირად სახასიათო ელემენტია წიგნის ყდისთვისაც, რაც მთავარი კონცეფციის გადმოცემაშიც დაეხმარა ბრენდს.

შრიფტი და ფერები

როგორც გიორგი გვეუბნება, შეფუთვაზე კარგი, მსუყე ტიპოგრაფია დაგხვდებათ, ლაღი ხასიათით… რაც შეეხება ფერებს, პალიტრა საკმაოდ მრავალფეროვანია, კატეგორიების სიმრავლიდან გამომდინარე, ბრენდის ძირითად ფერებად თბილი მუქი ყავისფერი და მკრთალი კრემისფერი აარჩიეს, რაც უფრო ცხობისა და შეწვის ასოციაციურ ხასიათს ატარებს — ბრენდსაც თავის არქიტექტურაში სწორედ ეს ჩანაფიქრი აქვს, მომხმარებელი თავს კარგ მზარეულად გრძნობდეს, ოღონდ იოლად.

დამეთანხმებით, იშვიათად თუ მოიძებნება ალბათ ადამიანი, რომელიც წიგნზე ცუდი აზრის არის ან წიგნების თარო ეუშნოება, ამიტომ მგონია, რომ საყოველთაოდ სასიამოვნო რამეს შევადარეთ მარშე, ისე, თითქოს, ეს შედარება ისედაც აშკარა იყო თაროზე ჩასამწკრივებელი ტიპის პროდუქტისთვის — ასე რომ, გაამოთ.

დაბოლოს, მარშეს მარკეტინგის ხელმძღვანელს ვკითხეთ, მომავალში რა სურთ, რომ მომხმარებლებს მარშეზე პირველი გაახსენდეთ და აი, ასეთი პასუხი მივიღეთ: მარშე რომ გაახსენდებათ, ნერწყვი მოადგეთ — საბოლოოდ გვინდა, რომ ეს იყოს ემოციური შედეგი იმ პროდუქტისა, რომელსაც ვყიდით

ზედმეტად კარგ პროდუქტს განახლებული ლოგოთი, შეფუთვითა და ასორტიმენტით უკვე იხილავთ სავაჭრო ქსელების დახლებზე. 

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

ელექტრონული ხელმოწერის იურიდიული ძალა: რატომ არის ის უფრო სანდო, ვიდრე კალმით შესრულებული

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება