in ,

კვლევა — როგორ შეიძლება მარსიანული მისიების დაჩქარება?

მომდევნო ათწლეულში NASA და ჩინეთი აქტიურად გეგმავენ მარსზე პილოტირებული მისიების ორგანიზებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს უზარმაზარ ნახტომს წარმოადგენს კოსმოსის შესწავლის თვალსაზრისით, ბევრი ლოჯისტიკური და ტექნოლოგიური გამოწვევაა გადასალახი…

M2
M2

მაგალითად, მარსზე მისიების გაშვება შესაძლებელია მხოლოდ ყოველ 26 თვეში ერთხელ, როცა ორბიტაზე დედამიწა მარსთან ყველაზე ახლოს იმყოფება. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კი, დედამიწიდან წითელ პლანეტამდე წასვლას ექვსიდან ცხრა თვემდე დასჭირდება. ბირთვული თერმული ან ბირთვული ელექტროძრავის (NTP/NEP) შემთხვევაშიც კი მარსზე ცალმხრივ ტრანზიტს, შესაძლოა, 100 დღე დასჭირდეს.

თუმცა მონრეალის მაკგილის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ლაზერულ-თერმული ამოძრავების სისტემის პოტენციალი შეაფასა. მათი კვლევის თანახმად, კოსმოსური ხომალდი, რომელიც ახალ ამძრავ სისტემას იყენებს, მარსამდე მისვლის დროს 45 დღემდე შეამცირებს. კვლევას ემანუელ დუპლეი ხელმძღვანელობდა, ასოცირებულ პროფესორ ენდრიუ ჰიგინსთან ერთად.

ბოლო წლებში მიმართული ენერგიის (DE) ძრავა ბევრი მნიშვნელოვანი კვლევისა და ინტერესის საგანი გახდა. “მიმართული ენერგიის ძრავის საბოლოო გამოყენება ვარსკვლავთშორისი მოგზაურობა იქნება. ჩვენ გვაინტერესებდა, როგორ შეიძლება იგივე ლაზერული ტექნოლოგიის გამოყენება სწრაფი ტრანზიტისთვის”, — ამბობს დუპლეი.

ამ მხრივ, მკვლევრების მიერ შემოთავაზებული კონცეფცია ბირთვული თერმული ამძრავის სისტემას (NTP) ჰგავს, სადაც ლაზერი ბირთვული რეაქტორის ადგილს იკავებს. ამასთან, ტექნოლოგია აერთიანებს ლაზერულ მასივებს, რომელიც მოქმედებს, როგორც ერთი ოპტიკური ელემენტი; სპეციალურ გასაბერ სტრუქტურებს და მაღალი ტემპერატურის მასალებს. ეს უკანასკნელი ელემენტი ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მარსზე არ არსებობს ლაზერული მოწყობილობა, რომელიც კოსმოსური ხომალდის სიჩქარეს შეანელებს.

მთლიანობაში, ამ ელემენტების კომბინაციით, ლაზერულ-თერმული რაკეტა მარსამდე ჩასვლას სულ რაღაც 6 კვირის ვადაში შეძლებს. ყველაზე უშუალო უპირატესობა ის არის, რომ იგი ღრმა სივრცეში გაშვებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტას წარმოადგენს, როგორიცაა რადიაციისა და მიკროგრავიტაციის ხანგრძლივი ზემოქმედება.

ამავდროულად, დუპლეის თქმით, მისიას გარკვეული გამოწვევები ახლავს, რადგან ბევრი ტექნოლოგია ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გამოცდილი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიების დიდი ნაწილი თეორიული ან განვითარების პროცესშია, მათ პოტენციალში არავის ეპარება ეჭვი.

საგულისხმოა, რომ დედამიწასა და მარსს შორის სწრაფი სატრანზიტო სისტემის შექმნა ინფრასტრუქტურის მოკლე ვადაში განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს შეიძლება მოიცავდეს Gateway-ის ტიპის კოსმოსურ სადგურსაც კი. ასევე, შესაბამისი ობიექტების არსებობა წითელი პლანეტის ზედაპირზე მუდმივი საცხოვრებლების არსებობას დააჩქარებს.

დავით თაბაგარის ფოტოები My Modern Met-ზე მოხვდა

ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გავხდით საქართველოში ყველაზე მიმზიდველი ადამიანები, ვარჯიშისა და დიეტის გარეშე