შობა-ახალ წელზე ფიქრისას მარსის ყველაზე ცივი რეგიონების პეიზაჟები ნამდვილად არ გვახსენდება, მაგრამ NASA-მ გადაწყვიტა, წითელი პლანეტის „ზამთრის საოცრებათა ქვეყანა“ ეჩვენებინა. გასული მისიების პერიოდში აქ უცნაური ყინულოვანი თვისებები დაფიქსირდა, რაც მარსს დედამიწას ამსგავსებს…
ზამთარში მარსზე ტემპერატურა ნულს ქვემოთ ეცემა — ყველაზე ცივი ტემპერატურა ფიქსირდება პოლუსებზე, სადაც შეიძლება -123°C-იც კი იყოს. თუმცა მარსის არც ერთ რეგიონში არ მოდის რამდენიმე ათეულ სანტიმეტრზე დიდი თოვლი, რომელთა უმეტესობაც უკიდურესად ბრტყელ ადგილებზე ცვივა. „მოკლედ, თუ თხილამურებით სრიალს გადაწყვეტთ, კრატერს ან კლდეს უნდა მიაშუროთ, სადაც თოვლი დახრილ ზედაპირზე გროვდება“, — ამბობს სილვენ პიკეტი, NASA-ს მარსიანელი მეცნიერი.
როგორ გაიგეს, რომ მარსზე თოვს?
უკიდურესად ცივ და იშვიათ ატმოსფეროში მუშაობის სირთულეების გამო, პლანეტაზე უშუალოდ თოვლის ნალექის დაკვირვება შეუძლებელია. თუმცა სპეციალიზებული ინსტრუმენტების წყალობით, მეცნიერებმა წითელ პლანეტაზე თოვლის არსებობა დაადასტურეს.
უფრო კონკრეტულად, NASA-ს Mars Reconnaissance Orbiter-ს შეუძლია, ღრუბლის საფარში გაიხედოს თავისი Mars Climate Sounder ინსტრუმენტის გამოყენებით. მას ტალღის სიგრძეზე სინათლის აღმოჩენის უნარი აქვს, რომელიც ადამიანის თვალისთვის უხილავია. ეს კი მოწყობილობას საშუალებას აძლევს, ღრუბლის საფარი დაინახოს და მარსის ზედაპირს დააკვირდეს. სწორედ ამ ხელსაწყოთი შეძლეს მეცნიერებმა პლანეტაზე ნახშირორჟანგის თოვლის აღმოჩენა.

ორი ტიპის თოვლი
მარსზე თოვლის ორი ძირითადი ტიპია: წყლის ყინულის თოვლი და ნახშირორჟანგის (CO2) ყინულის თოვლი ან მშრალი ყინული. მარსის თხელი ჰაერისა და ყინვის ტემპერატურის გამო, მშრალი ყინული უფრო სუბლიმირდება, ნაცვლად დნობისა — შედეგად, მყარიდან აირად მდგომარეობაში გადასვლისას უჩვეულო პეიზაჟები იქმნება.














