in

6 ოქტომბერს, Fabrika-ს ლეგენდარული ფოტოგრაფები – Martha Cooper და Nika Kramer ეწვევიან!

6-7 ოქტომბერს,  “Fabrikafitti Urban Art Festival-ი“, გერმანიის საელჩოსა და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ლეგენდარულ ფოტოგრაფებს, მართა კუპერსა და მის კოლეგას, ნიკა კრამერს მასპინძლობს. ისინი ფაბრიკის საკონფერენციო დარბაზში საჯარო ლექციას გამართავენ თემაზე “Evolution of Revolution“.

კუპერისთვის, დიდი ალბათობით, გრაფიტით გაფორმებული „ფაბრიკა“ საკმაოდ კომფორტული სივრცე იქნება. ვინც ჯერ კიდევ არ იცით, მართა კუპერის ობიექტივი წლების განმავლობაში ასახავდა გრაფიტის ხელოვნებას და მას დღემდე გრაფიტის ფოტოგრაფად მოიხსენიებენ. 

მართა კუპერი

3 წლის ასაკში გამოვლენილი ფოტოგრაფიის ნიჭი კუპერს უყურადღებოდ არ დაუტოვებია. პირველად იგი ამ კუთხით იაპონიაში მოგზაურობისას მუშაობდა და ტატუებს ფოტოებს უღებდა. National Geographic-სა და New York Post-ში გაწეულმა შრომამ კუპერს, როგორც ფოტოჟურნალისტსა და ფოტორეპორტიორს დიდი გამოცდილება მიაღებინა. თუმცა, მან მალევე გააცნობიერა, რომ ფოტოგრაფიის ეს სფერო მისთვის ბოლომდე საინტერესო არ იყო. მისი მოღვაწეობა ნიუ-იორკში დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც ქალაქის ქუჩები ნელ-ნელა ახალი სახის ხელოვნებით – გრაფიტით იმოსებოდა. იგი დაკავებული იყო ნიუ-იორკელი ბავშვებისთვის სურათების გადაღებით, როდესაც გაიცნო რამდენიმე სტრიტ-არტისტი და გადაწყვიტა, კომპანიონობა გაეწია მათთვის. სწორედ ასე გახდა ნიუ-იორკი მისი ინსპირაცია სტრიტ-არტის ფოტოგრაფიაში. კუპერის კამერა, წლების განმავლობაში, ირეკლავდა მიტოვებული სახლებისა და მეტროსადგურების კედლებს. 43 წლიანი კარიერის განმავლობაში მან შეძლო საზოგადოებისთვის გრაფიტის ხელოვნება კიდევ უფრო დეტალურად დაენახვებინა და გაეცნო. ნახევარმილიონიანი ტირაჟით გამოცემული წიგნი, სახელად “Subway Art“ მოიცავს მისი ნამუშევრების კოლექციას. მას მეორე სახელად, „გრაფიტის ბიბლიადაც“ კი მოიხსენიებენ. 

სწორედ ამ წიგნზე მუშაობისას გაიცნო კუპერმა ნიკა კრამერი, რომლისთვისაც სტრიტ-არტის ამსახველი ფოტოგრაფი ინსპირაციად იქცა. მასზე განსაკუთრებულად იმოქმედა მართა კუპერის ნაჩუქარმა ფოტოაპარატმა და სიტყვებმა, რომ მას ამ კუთხით დიდი წარმატება ელოდა.

ნიკა კრამერი

თუმცა, მისი საქმიანობის სფერო კუპერისგან განსხვავებით, გასცდა გრაფიტის. აღსანიშნავია, რომ მან ნაბიჯი ამ საქმიანობაში 2010 წელს გადადგა. ბერლინელი ფოტოგრაფის ფოკუსი, ძირითადად, მიმართულია სპორტული, საცეკვაო, მუსიკალური შოუებისა და ღონისძიებებისკენ. გარდა ამისა, იგი არის მწერალი, რომელიც ანალოგიურ თემებზე წერს ბლოგებსა და წიგნებს. კრამერი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და ამდიდრებს თავის ფოტომასალას. იგი, ასევე, უძღვება ვორქშოფებსა და ლექციებს სხვადასხვა ენაზე. გარდა იმისა, რომ მოცეკვავეების მოძრაობების „გაყინვითა“ და ფოტოებზე აღბეჭდვით იგი უდიდეს სიამოვნებას იღებს, ასევე, საზოგადოებას ხელოვნების სხვა მხარეებსაც აჩვენებს. ფოტოგრაფებთან ერთად ფაბრიკას ცნობილი იტალიელი სტრიტ-არტისტი, Millo ეწვევა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იგი ცნობილია თავისი უნიკალური სტილით, კერძოდ, მისთვის დამახასიათებელი ფართომასშტაბიანი ურბანული ნახატებით, რომლებზეც ასახულია შავ-თეთრ ფერებში დახატული ქალაქები და ფერადი პერსონაჟები. მილოს დაგეგმილი აქვს „ფაბრიკის“ კედლის მოხატვა, ასე რომ, სულ მალე, ცნობილი სტრიტ-არტისტის შემოქმედების ხილვა თავადაც შეგეძლებათ. 

მილო

ბაჩა ხოფერია – ფესტივალის თანადამფუძნებელი: „Fabrikaffiti ფესტივალი, წელს უკვე, მესამედ იმართება თბილისში. თავდაპირველად, ფესტივალის შექმნის მთვარი იდეა იყო ქართველი არტისტებისთვის პლატფორმის შექმნა, სადაც ისინი შეძლებდნენ თვიანთი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. პირველივე წელს, უცხოელი არტისტების დიდმა დაინტერესებამ გვაჩვენა, რომ ფესტივალი საუკეთესო საშუალება იქნებოდა მათი მოწვევისთვის, მონაწილეობისა და ქართველ არტისტებსა და მათ შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. დღეს, თამამად ვამბობთ, რომ საქართველოს შეუძლია მსოფლიო სტრიტ-არტის რუკაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს. 

კედლების მოხატვასთან ერთად, წელს, ფესტივალს ქუჩის ხელოვნების სხვა ელემენტებიც დაემატა – სკეიტბორდინგი, b-boy შეჯიბრი, სკეჩ ბეთლი.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან: არტისტთა გაერთიანება „ცრუ“, Fabrika Tbilisi და Impact Hub Tbilisi.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: Fabrika Hostel, TBC Bank, Urban Art Georgia, აშშ-ის საელჩო საქართველოში, გემრანიის საელჩო საქართველოში, იტალიის საელჩო საქართველოში, თბილისის მერია, Creative Education Studio და „მარგო სკეიტ შოპი“.

სილქ როუდ ჯგუფი საქართველოში გრაფენის ბატარეების საწარმოს დაარსებას გეგმავს

McCann London-მა შშმ პირების აღმნიშვნელ სიმბოლოს ალტერნატივა მოუძებნა!