in

„მარტივად შეხედვის” ფილოსოფია – რაში გვეხმარება ის ცხოვრებასა და ბიზნესში

M2
M2

ყველას სურს მეტს მიაღწიოს ისე, რომ ნაკლებად დაისტრესოს. ამის მიღწევა თან ძალიან რთულია და თან ადვილი – უბრალოდ ყველაფერს მარტივად უნდა შეხედოთ. ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ თუ ხედვის მარტივ მხარეს ავირჩევთ, გაიზრდება ჩვენი ცხოვრების ხარისხი, შემოსავალი, ვიქნებით უფრო ბედნიერები და ნაკლებად დავისტრესებით.

რას ნიშნავს ყველაფრის მარტივად შეხედვა? დავიწყოთ „სიმარტივის” გარკვევით

წარმოიდგინეთ, რომ გინდათ მოუსმინოთ მუსიკას, მაგრამ ფონური ხმაური ხელს გიშლით ამის გაკეთებაში. თქვენ უნდა მოიფიქროთ, როგორ მოიშოროთ ეს ხმაური იმისთვის, რომ მხოლოდ მუსიკა გესმოდეთ. ასევეა ცხოვრებაშიც, გვეუბნებიან ფსიქოლოგები. უნდა ვკონცენტრირდეთ მხოლოდ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.

სიმარტივეზე ფოკუსირება თანამედროვეობის მიგნება არ არის. მასზე ლაპარაკობდნენ ძველი ფილოსოფოსებიც და უფრო მოგვიანებით, ცნობილი ადამიანებიც. მაგალითისთვის ავიღოთ სტივ ჯობსი. მას სჯეროდა იმ იდეის, რომ ნაკლები შეიძლება იყოს მეტი და ის არც ცდებოდა. თუ Apple-ს შევხედავთ, მივხვდებით, რომ მისი მთელი შინაარსი, დიზაინი თუ მარკეტინგი სიმარტივეზეა აგებული.

რა გავლენას ახდენს კომპლექსურობა ჩვენზე

ფსიქოლოგები, პერსონალური და ბიზნეს ქოუჩები ხშირად იკვლევენ, რა გვაბამს ადამიანებს ხშირად მახეში. ჩვენ სულ იმის ფიქრში ვართ, რომ „მეტი” უკეთესია. მეტი ვარიანტი, მეტი ფუნქცია, მეტი დავალება… მაგრამ მოდი, ვიყოთ რეალისტები, კომპლექსური ფიქრი ხშირად არეულობაში გვაგდებს, ეს არეულობა კი გვაბნევს, გვანელებს და სტრესში გვამყოფებს.

ეს არის მონსტრი, რომელიც ჭამს თქვენს დროს, მოთმინებასა და ენერგიას. ის ყველგან არის – თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბიზნეს ოპერაციებში თუ პირად ცხოვრებაში. 

არსებობს ასეთი ცნება – „გადაწყვეტილებების მიღებით დაღლა”. როდესაც მოკლე პერიოდში ძალიან ბევრი გადაწყვეტილების წინაშე დგახართ, აუცილებლად დაიღლებით, ტვინი იძაბება, მისთვის ბუნდოვანი ხდება, რა არის სწორი და არასწორი. ასეთ დროს იხარჯება დიდი რესურსი, დრო, ფული, იკარგება შესაძლებლობები. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ რაღაცები იმაზე მეტად გაართულეთ, ვიდრე საჭირო იყო. 

რისთვისაა კარგი მეტი სიმარტივე

როდესაც საქმეებს, ყოფით პრობლემებს მარტივად უყურებთ, უფრო ნათლად ხედავთ მათი სწორად დალაგების გზას. ასეთ დროს თავადაც უფრო ადეკვატური ხართ, ადამიანებს უმარტივდებათ თქვენი ნათქვამის გაგება და საქმეც კეთდება.

ბიზნესში სიმარტივე ითარგმნება უფრო სწრაფ ოპერაციებად, უფრო მარტივ კომუნიკაციად და უფრო ლოიალურ მომხმარებლებად. ამიტომ, თუ პროდუქტის დიზაინზე ფიქრობთ, იფიქრეთ მის სიმარტივეზე, იფიქრეთ მოსახერხებელ ვებსაიტებზე, მარკეტინგულ მესიჯებზე, რომლებიც ლაკონიური და ნათელია. ამით თქვენს კლიენტებს უადვილებთ, რომ თქვან „დიახ”.

როგორ შევინარჩუნოთ სიმარტივე ცხოვრებაში

სიმარტივის ძიება მარტივი პროცესებითვე დავიწყოთ. მაგალითად, ბევრი ძველი ჟურნალი მოგიგროვდათ? ან ბევრი ისეთი ტანსაცმელი გაქვთ, რასაც აღარ იცვამთ? მათი გადაყრის დროა. ხშირად ადამიანები ვერ ელევიან ასეთ ნივთებს იმის იმედით, რომ შეიძლება რამეში გამოადგეთ. ასეა ცხოვრების უფრო რთულ ასპექტებშიც. ამაზე ჩვენი პასუხია „არა”, გადაყარეთ ის, რაც არ გჭირდებათ. მეტი სივრცე სახლში, აგარაკზე თუ ოფისში მეტი თავისუფალი ადგილია სიახლეებისთვის.

გაცილებით უფრო რთული, თუმცა მიღწევადია გონების გათავისუფლება, რომელსაც ხშირად ვღლით ზედმეტი ფიქრებით: „ეს ასე ხომ არ ჯობდა”, „ასე რომ არ ყოფილიყო”, „ყველაფერი უნდა მოვასწრო” და ა.შ. ჩვენი გონება სავსეა ზედმეტი ფიქრებით, რომლებიც ხელს გვიშლის პროდუქტიულობაში. 

ამისთვის უნდა ვცადოთ გონებამახვილობის ტაქტიკა. როგორც ფსიქოლოგები გვირჩევენ, ძალიან კარგი დამხმარეა იოგა, მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიში და ფოკუსირება. დაუსრულებელი სამუშაოების სიის ნაცვლად დაისახეთ მკაფიო მიზნები, ფოკუსირება მოახდინეთ ერთ ამოცანაზე და გაგიკვირდებათ, როცა ნახავთ, რამდენი რამის მიღწევა შეგიძლიათ.

ცხოვრებაში სიმარტივის შეტანა არის სივრცის შექმნა იმისთვის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. ის ამცირებს სტრესს, ზრდის შრომისუნარიანობას, ცხოვრების ხალისს და გაპოვნინებთ ბალანსს. ის გეხმარებათ, რომ თქვენი ცხოვრება იყოს თქვენი.

ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ სიმარტივის მიგნება არაა ერთჯერადი. ეს არის ვალდებულება, რომელიც ყოველდღიურად გვიბიძგებს შეგნებული არჩევანის გაკეთებაზე, ფოკუსირებასა და რაღაც-რაღაცებზე უარის თქმაზე. ასევე, დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი სიმარტივე შეიძლება განსხვავდებოდეს სხვებისგან, რადგან ის არ გულისხმობს რაღაც ყალიბს, რომელსაც ყველა უნდა მოერგოს. მას ყველა ინდივიდუალურად პოულობს როგორც საქმეში, ისე პირად ცხოვრებაში. ამიტომ გაითავისუფლეთ გონება ზედმეტი დაძაბულობისგან, შეხედეთ ყოფით მოვლენებს მარტივად, დაიწყეთ მცირედით და ნახავთ, როგორი ტალღოვანი ეფექტი ექნება მას თქვენს კეთილდღეობაზე.

Gucci-ის კამპანიის მთავარ გმირად Squid Game-ის ვარსკვლავი გვევლინება

FDA-მ მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტი დაამტკიცა!