დროთა განმავლობაში ადამიანები შევეჩვიეთ, რომ თუ მეგობრის ან ნაცნობის მდგომარეობის გაგება გვსურს, კითხვას აუცილებლად „მართლა“ უნდა დავურთოთ თავში ან ბოლოში… თითქოს, ამის გარეშე არ ველით გულწრფელ პასუხს და ამავდროულად, ადრესატსაც ვერ დავარწმუნებთ ინტერესის სინამდვილეში.
მართლა როგორ ხარ?
მართლა როგორ მიდის საქმეები?
მართლა მაინტერესებს…
ასე აღმოვჩნდით ამ „სიმართლის მოთხოვნილების ტყვეობაში“. საგულდაგულოდ რომ ვშლით ზედაპირულობისა და ტყუილის ფენებს, იქნებ ამ მაგიური სიტყვით მაინც მივაღწიოთ რეალურ განცდებს თუ ემოციებს.
სწორედ ამ თემაზე ვისაუბრეთ ფსიქოლოგ ქეთი დალინკევიჩთან, რომელიც გვიზიარებს, რატომ დამკვიდრდა ნორმად კითხვის მსგავსი ფორმულირება და როგორ აისახება ეს ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე…
M: ალბათ, იმით უნდა დავიწყოთ, საერთოდ რატომ დამკვიდრდა კითხვის ამგვარი ფორმულირება ერთგვარ სტანდარტად?
ამაზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ერთი მხრივ, ცხოვრების ტემპი იმდენად დაჩქარებულია, რომ ადამიანებს ბევრი რამისთვის დრო აღარ რჩებათ — ამაში ელემენტარული ურთიერთობაც იგულისხმება. აქედან გამომდინარე, ვეღარ ვახერხებთ ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან აქტიური კომუნიკაციის შენარჩუნებას. ვინაიდან გადატვირთულ ყოველდღიურობაში ძალიან ცოტა თავისუფალი დრო გვრჩება, ემოციურ დეტალებზე საუბარსაც ვერ ვახერხებთ ხოლმე — რა გვაწუხებს, როგორ ვგრძნობთ თავს…
მეორე მხრივ კი, ქუჩაში ნაცნობი რომ გვხვდება, რა იქნება, თუ პირად ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე საუბარს დავიწყებთ? პირველ რიგში, რამდენად გვეყოფა დრო სიღრმისეულად სასაუბროდ? ან იმ ნაცნობს რამდენად ექნება დრო და ფსიქიკური რესურსი, ენერგია ჩვენი ემოციების მისაღებად? ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ცვლილება, რომელიც კაცობრიობამ მიმდინარე საუკუნეში გაიარა — ტექნოლოგიური განვითარება, ინფორმაციების სიჭარბე… ნაწილობრივ, ამ ყველაფერმა ურთიერთობების ღიაობა ჩაკეტა. გაჩნდა შიში, რომ სხვები ვერ შეძლებენ ჩვენი განცდების ავთენტურად მიღებას, ვერ გაგვიგებენ და კვლავ მარტოობის განცდა დაგვეუფლება.
ცხადია, ჩვენი აღქმებიდან გამომდინარე, მეორე მხარესაც ვიხედებით და ვფიქრობთ, რომ როდესაც მეგობარი/ნაცნობი შინაგან მდგომარეობაზე გვესაუბრება, შეიძლება ნაკლებად გულწრფელი იყოს. თუ ძალიან დაკვირვებული ხართ, მიხვდებით, რომ მოცემულ მომენტში საუბარი არ სურთ ან „იტყუებიან“, თითქოს კარგად არიან. ხოლო თუ ნაკლებად აქცევთ დეტალებს ყურადღებას, იმ ზედაპირულ პასუხს მიიღებთ და ჩათვლით, რომ „ეს მართლა ასეა“.
M: „კარგად რავი, შენ? რავი, არა მიშავს…“ ზოგადად, ეს „რავი“ იქცა განწყობების დამაბალანსებელ სიტყვად — არც ისე ვამბობთ, და არც ასე… საინტერესოა, როგორ აისახება ეს შუალედური პასუხი ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე დროთა განმავლობაში?
ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდის ფსიქოტიპის განსაზღვრა. არსებობენ ადამიანები, რომელთაც არ უყვართ შინაგანი მდგომარეობის სხვებისთვის გაზიარება და ამჯობინებენ, აქტუალურ, საინტერესო თემებზე ისაუბრონ. ასე ვთქვათ, აზიარებენ აზრებს, მაგრამ არა — ემოციას. მსგავსი კუთხით თუ განვიხილავთ, მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა ნაკლები საუბარი ემოციურ მდგომარეობაზე. უბრალოდ, ყოველთვის აქვთ ალტერნატიული საშუალება, რადგან ემოციების სრულად არ გაზიარება შეუძლებელია — შესაძლოა, ერთი კონკრეტული მეგობარი ჰყავდეთ, ვისაც მცირე ნაწილს მაინც გაუზიარებენ.
ამის პარალელურად, არსებობენ ისეთი ფსიქოტიპის ადამიანები, რომლებიც „მოდი, ყველაფერი გავაზიაროთ“ აღქმას ეყრდნობიან. რა თქმა უნდა, ეს უკიდურესობაც ვერ მოგვიტანს სარგებელს. თუ პიროვნება ზოგადად ძალიან ჩაკეტილია და ერთ მეგობარსაც ვერ უზიარებს განცდებს, ცხოვრების რაღაც ეტაპზე აუცილებლად შეექმნება ემოციური პრობლემები.
ზოგადად, „ემოციების ვენტილაცია“ ძალიან საჭირო რამეა და თუ დიდხანს არ ვაზიარებთ შინაგან განცდებს, ისინი ერთგვარად „იხშობა“, ილექება… საბოლოოდ კი შეიძლება ჩამოყალიბდეს დეპრესიული ან სხვაგვარი მდგომარეობა, რომელიც ადამიანის ფუნქციონირებას შეუშლის ხელს. აქ იგულისხმება გარე სამყაროსთან ურთიერთობის უუნარობა, მეგობრების ვერ გაჩენა, უნდობლობა და ა. შ.
უბრალოდ, ესეც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მძაფრი გავლენა ექნება აღნიშნულ დეტალს პიროვნებაზე — მაგალითად, როგორ გარემოში იზრდებოდა, როგორი ფსიქოტიპისაა ან რისკენაა მიდრეკილი. თუ ბავშვობიდანვე მასწავლიდნენ, როგორ შევძლო ემოციების ვენტილაცია, როგორ გავუმკლავდე მძიმე განცდებს და გადავლახო სირთულეები, ბევრად ადვილად ჩამომიყალიბდება სათანადო სტრატეგიები. თუ არ მასწავლიდნენ, ძალიან ბევრი პრობლემა იჩენს თავს — როგორც ემოციური, ისე ქცევითი სირთულეების სახით.
M: ვფიქრობ, სოციალური მედიაც უნდა ვახსენოთ… როდესაც კონკრეტულ პლატფორმებს ვსქროლავთ, ძალიან ბევრი ემოცია გვიგროვდება: ვხედავთ, ვიღაც ბედნიერია და ეს განწყობა ჩვენზე გადმოდის, შემდეგ კი ორი პოსტის ქვემოთ რაღაც სევდიანს, შემაწუხებელს წავაწყდებით, რაც ასევე აისახება შინაგან მდგომარეობაზე. ამის ფონზე, იქნებ მართლა არ ვიცით, როგორ ვართ? იქნებ, სრული ემოციური ქაოსი ხდება ჩვენში და ვეღარ ვფილტრავთ ავთენტურ ემოციებს?
რეალურად, ინტერნეტიდან გამომდინარე, იმდენი ინფორმაცია შემოდის ჩვენში, ჩვენს ფსიქიკაში, რომ კონცენტრაციის უნარი დაქვეითებული გვაქვს. ერთდროულად ძალიან ბევრ რამეს ვიგებთ და მოცემულ მომენტზე კონცენტრირების შესაძლებლობა აღარ გვეძლევა. საკუთარი თავის შესახებ სულ უფრო ნაკლებს ვიგებთ — ვინ ვართ, რა გვაინტერესებს, რა გვინდა, რა გვსიამოვნებს. ამიტომაცაა საჭირო, რომ ინტერნეტზე ნაკლებად დამოკიდებულები ვიყოთ და მხოლოდ სოციალურ მედიაზე არ ავაგოთ საკუთარი იდენტობა.
შეიძლება, უცბად დრამატული პოსტი ამოხტეს, ვიღაც დახმარებას ითხოვდეს, ამას მოსდევს ბედნიერი ფოტოები… ამასთან მიმართებით, ფსიქოლოგებს ინფორმაციის გაფილტვრის ტექნიკა გვაქვს. მაგალითად, ხშირად ადამიანები თემატურ ჯგუფებში ერთიანდებიან, რამაც შეიძლება მდგომარეობა მეტად გაამწვავოს — იქ წაკითხული ამბები პირიქით, ნეგატიურად მოქმედებს მათზე. უმჯობესია, თუ ნაკლებად კონცენტრირებულნი იქნებიან პრობლემის ჩაციკვლაზე და ტრიგერად არ გამოიყენებენ სხვების მდგომარეობებს. მსგავსი ქმედებები ჩვენში ძალიან ბევრ გაურკვეველ ემოციას დააგროვებს, ადამიანი დაიბნევა და, შესაძლოა, ვერ გაიგოს ის, თუ როგორ გრძნობს რეალურად თავს.
M: ზოგადად, რა როლს ასრულებს ემოციური კეთილდღეობა ჩვენს ცხოვრებაში? და რა ხდება, თუ ეს ნაწილი არ გვაქვს მოწესრიგებული?
ფსიქიკურ ჯანმრთელობას ყოველთვის ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელით განვიხილავთ. ბიოში იგულისხმება ბიოლოგიური მოთხოვნილებები, იქნება ეს საკვების წყურვილის, გამრავლების თუ ნებისმიერი სხვა ფაქტორი. სოციალურია კომუნიკაციებისა ურთიერთობების ნაწილი. რაც შეეხება ფსიქიკურს, აქ შედის ემოციები — თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, სამივე ფაქტორი უნდა იყოს გათვალისწინებული, მხოლოდ ერთზე კონცენტრირება სრულფასოვან შედეგებს არ მოგვიტანს. რატომღაც ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ ემოციური ნაწილი თავისთავად უნდა განვითარდეს, რაც შეუძლებელია — ამას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება. ხოლო თუ სათანადო დროს არ ვუთმობთ, ნეგატიურად აისახება ჩვენს ცხოვრებაზე.
აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ემოციური ნაწილის განვითარება ყოველთვის შეგვიძლია, გვიანი არასდროსაა, თუ ამაზე არ ვიზრუნებთ, რაც უნდა კარგი ხდებოდეს ირგვლივ, მაინც ვერ მოვახერხებთ მოვლენების სრული პოტენციალით სარგებლობას. როდესაც ადამიანი თავს ცუდად გრძნობს, მას კარგის დანახვა უჭირს
ავტორი: ქეთია ბელქანია