in

საინიციატივო ჯგუფი „მარტო დარჩენილი ცხოველებისათვის“ მიუსაფრების დასახმარებლად ორიგინალურ კამპანიას იწყებს

„მარტო დარჩენილი ცხოველებისათვის“ ორგანიზატორებმა მიუსაფარი ცხოველების მხარდასაჭერად ახალი კამპანია წამოიწყეს. 2021 წლის კალენდარი, რომლის შეძენაც სულ მალე იქნება შესაძლებელი, მიუსაფარი მეტისების ფოტოებითაა შექმნილი, პროექტზე კი 13-მა ცნობილმა ქართველმა ფოტოგრაფმა, სრულიად უსასყიდლოდ იმუშავა:

1. ლუიზა ჩალათაშვილი
2. გურამ წიბახაშვილი
3. ალექსანდრე ბაგრატიონ დავიდოვი
4. მარიამ სიჭინავა
5. დინა ოგანოვა
6. დავით ჭალიძე
7. ნათელა გრიგალაშვილი
8. ლევან ჭყონია
9. დათო ქორიძე
10. ელენე შენგელია
11. გიორგი გოგუა
12. მანო სვანიძე
13. თორნიკე შენგელია

ფოტოს ავტორი: გურამ წიბახაშვილი

მას შემდეგ, რაც პანდემიის პირობებში, ქვეყნის მასშტაბით სამუშაო სივრცეები და საკვები ობიექტები კვლავ დაიხურა, მიუსაფრები საკვები წყაროს გარეშე დარჩნენ. განსაკუთრებით მძიმეა მათი ყოფა მაგისტრალებსა და დაუსახლებელ ტერიტორიებზე. ერთი კალენდარის ღირებულება იქნება 10 ლარი და კამპანიის ფარგლებში შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება მარტო დარჩენილი ცხოველების გამოკვებას, რომლებსაც კიდევ უფრო მეტად ვჭირდებით ზამთარში.

ფოტოს ავტორი: მარიამ სიჭინავა

ჯგუფი რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ფოკუსირდება, თუმცა ამ ეტაპზე მათი მთავარი მიზანი პანდემიის დასაწყისიდან ოთხფეხა მეგობრების შიმშილით სიკვდილისგან დაცვაა. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ კალენდარი არ იქნება მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერის წყარო და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებითაც.

ფოტოს ავტორი: დინა ოგანოვა

„ჩვენ ვცდილობთ, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალი საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით შევცვალოთ ქვეყანაში არსებული უმძიმესი სიტუაცია და შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მიუსაფარი ახალ ოჯახს შეიძენს და ქუჩაში აღარ იცხოვრებენ,“ – აცხადებს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.

ფოტოს ავტორი: გიორგი გოგუა

კამპანიის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ მიუსაფარი ცხოველების ფოტოებით შექმნილი 2021 წლის კალენდარი სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო მაგალითი, უამრავი კომპანიისა და მათი პარტნიორების საყვარელი აქსესუარი და არაერთი მსურველის საახალწლო საჩუქარი გახდება.

ფოტოს ავტორი: დათო ქორიძე

 

დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით: [email protected]

BLANC – სრული სახის მოდულური ნიღაბი შეიქმნა ადამიანთა უსაფრთხოებისთვის

თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის (14 დეკემბრამდე)