რაღაც დროში მარტოობა ყველას გვახსენებს თავს, ამას რას ვუწოდებთ, ეს კიდევ ცალკე ამბავია, ამიტომ სანამ მარტოობასთან გამკლავების მეთოდებს გაეცნობით, ჯერ ტესტი შეავსეთ და გაიგეთ, ნამდვილად ხართ თუ არა ამ პრობლემის წინაშე…
თუ ტესტი უკვე ჩააბარეთ და კვლავ დაგვიბრუნდით, დროა, იმ სტრატეგიებზე ვისაუბროთ, რომლებიც მარტოობასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ:
1. შეუერთდით თქვენთვის საინტერესო კლუბს ან წრეს
არ აქვს მნიშვნელობა, ეს ხატვის წრეა, ვარჯიშის თუ წიგნების კითხვის, მთავარია, თქვენთვის საინტერესო კლუბს მიაგნოთ — ავტომატურად მოგაქცევთ იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც სულ მცირე თქვენს ერთ ინტერესს იზიარებენ. ეს კუთვნილების გრძნობას გაგიჩენთ, თქვენს შემოქმედებითობაზეც დადებითად აისახება და მარტოობასაც დაგავიწყებთ.
2. დაიწყეთ მოხალისეობა
მოხალისეობა ზუსტად ისეთ სარგებელს მოგიტანთ, როგორც კლუბში გაწევრიანება — შეხვდებით სხვებს, გახდებით გუნდის ნაწილი და შექმნით ახალ გამოცდილებებს. ეს ალტრუისტულ სარგებელსაც შემოგთავაზებთ და ცხოვრების მნიშვნელობის პოვნაში დაგეხმარებათ. გაგაბედნიერებთ, ცხოვრებით კმაყოფილსა და მადლიერს გაგხდით.
3. ეძიეთ დახმარება ონლაინ სივრცეში
გამომდინარე იქიდან, რომ მარტოობა საყოველთაო პრობლემად ჩამოყალიბდა, ბევრი ადამიანია ონლაინ, რომელთაც ურთიერთობები სწყურიათ. ამიტომ, იპოვეთ თქვენი მსგავსი ინტერესების მქონე პირები Facebook-ისა თუ სხვა პლატფორმების დახმარებით. თუმცა, საწყის ეტაპზე სიფრთხილე გამოიჩინეთ და პერსონალური ინფორმაციების გაზიარებას მოერიდეთ, დროთა განმავლობაში კი ვინ იცის, შესაძლოა, ასე ნამდვილი მეგობარი იპოვოთ.
4. გააღრმავეთ არსებული ურთიერთობები
ალბათ, უკვე გყავთ ცხოვრებაში ისეთი ადამიანები, რომელთა ახლოს გაცნობასაც ისურვებდით. თუ ასეა, მათ უფრო ხშირად დაურეკეთ, გაისეირნეთ სადმე ერთად ან ეძებეთ იმგვარი აქტივობები, რომლებიც მათთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
5. აიყვანეთ შინაური ცხოველი
მარტოობასთან ბრძოლაში განსაკუთრებით კატები და ძაღლები დაგეხმარებიან. თუ მათ ქუჩიდან აიყვანთ, უკეთესია, რადგან ალტრუიზმის სარგებელს მიიღებთ და ასე თქვენი ცხოვრების მეგზურსაც იპოვით. ამგვარად, შესაძლოა, სხვა ადამიანებსაც დაუკავშირდეთ, რომლებიც თქვენსავით ძაღლებს ხშირად ასეირნებენ და ახალი კავშირებიც დაამყაროთ. მეტიც, ძაღლები უპირობო სიყვარულს სთავაზობენ პატრონებს, რაც კიდევ ერთი ხსნაა მარტოობასთან ბრძოლაში.
6. გაესაუბრეთ უცნობებს
კვლევები გვეუბნება, რომ ასე ჩვენი სოციალური და ემოციური კეთილდღეობა გაუმჯობესდება. ამიტომ, შემდეგ ჯერზე, როცა ყავის დალევას გადაწყვეტთ ან სასეირნოდ გამოსულ მეზობელს დაინახავთ, ეცადეთ, საუბარი წამოიწყოთ.
7. იზრუნეთ საკუთარ თავზე
თუ მარტოობას განიცდით, დარწმუნდით, რომ ყველაფერს აკეთებთ საკუთარი თავისთვის. შესანიშნავი იდეაა ჯანსაღად კვება, ვარჯიში, კარგად გამოძინება და თავის მოვლა. კარგი იქნება, თუ ჯგუფურ ვარჯიშებშიც ჩაერთვებით.
8. გამოძებნეთ საქმეები
მარტოობაზე ფიქრის თავიდან ასარიდებლად გააკეთეთ ყველაფერი, რაც ყურადღების გადატანაში დაგეხმარებათ, იქნება ეს ჰობი თუ სახლის ინტერიერის შეცვლა. ეცადეთ, საკუთარ თავსა და ინტერესებში ჩადოთ ინვესტიცია, რათა თქვენი გონება სხვა საკითხებით დატვირთოთ.
9. ესტუმრეთ თერაპევტს
ზოგჯერ ზემოთ ხსენებული მეთოდები საკმარისი არ არის, ამ დროს კი პროცესში თერაპევტის ჩართვაა გამოსავალი. განსაკუთრებით სასარგებლოდ კოგნიტიურ ქცევით თერაპიას მიიჩნევენ, რომელიც არამარტო მარტოობის დაძლევაში, არამედ მისი აღმოფხვრისთვის საჭირო ხელსაწყოების მომარაგებაშიც დაგეხმარებათ.
რაც უნდა იყოს, გახსოვდეთ, რომ ეს დროებითია და რეალურად მარტო არ ხართ…