in

როგორ ვაქციოთ მარცხი სუპერ ძალად?

შემოქმედებით ინდუსტრიაში მუშაობა კი მიმზიდველია, მაგრამ ძალიან კონკურენტუნარიანმა სამყარომ, შესაძლოა, მარცხის შიშიც გააჩინოს… და როგორ ავარიდოთ ამას თავი? ამ კითხვაზე პასუხმა, შესაძლოა, გაგაკვირვოთ, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ სულაც არ არის საჭირო მარცხისთვის თავის არიდება. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ამაში ყველა დაგვეთანხმება.

შეხედეთ მარცხს განსხვავებულად

ადრეული ასაკიდანვე გვასწავლიან, რომ მარცხს მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი, რომ სისუსტის ან უნიჭობის ნიშანია. თუმცა რეალურად ძალიან ვცდებით ხოლმე, რადგან მარცხი შემოქმედებითი მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია. ნებისმიერ კრეატორს შეუძლია, დაასახელოს პროექტი, რომელიც ისე ვერ წავიდა, როგორც დაგეგმილი იყო…

მოკლედ რომ გითხრათ, ჯერ უნდა განსაზღვროთ, რას ნიშნავს მარცხი და იგი განსჯის წყაროდ კი არ აქციოთ, არამედ სწავლის შესაძლებლობად აღიქვათ. შანსად, რომელიც შესანიშნავ ინსაითებს მოგცემთ, თქვენი უნარების დახვეწასა და სამომავლო გეგმებისთვის სწორი კურსის მიცემაში დაგეხმარებათ. მარცხი სულაც არ არის წარმატების ანტიდოტი, პირიქით, აუცილებელია, რათა ამ წარმატებას მიაღწიოთ. 

მიიღეთ მზარდი აზროვნება

ეს იმ რწმენას ეხება, რომლის მიხედვითაც ჩვენი უნარები და ცოდნა რაღაც ფიქსირებული ცნება კი არ არის, არამედ ძალისხმევის, გამბედაობისა და სწავლის შედეგად შეიძლება, განვითარდეს. მზარდი აზროვნებით დროებით შეფერხებას ზრდის შესაძლებლობად ჩათვლით… და მაინც, როგორ გავაკეთოთ ეს?

  1. მარცხი ნორმალურ ამბად მიიღეთ და ექსპერიმენტებისთვის უსაფრთხო სივრცე შექმენით — ამ მიზნით ზოგიერთ ორგანიზაციას სპეციალური სასწავლო სესიებიც კი აქვს შემუშავებული, რომლითაც თანამშრომლებს ასწავლიან, როგორ აქციონ მარცხი სწავლის შესაძლებლობად.
  2. ჩამოწერეთ თქვენი წარუმატებლობები — თუ მარცხის შემდგომ ამის დავიწყებას გადაწყვეტთ, მთლიანი შრომა წყალში ჩაგეყრებათ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ დაწერთ ხოლმე მათ შესახებ და დააკვირდებით, რის სწავლას შეძლებთ დაშვებული შეცდომებისგან.
  3. განივითარეთ ადაპტაციის უნარი — ხშირად ვიღაც სრულყოფილი გვგონია და ჩვენც ამისკენ მივისწრაფვით, არადა რეალობა რადიკალურად განსხვავებულია. ყველას გვაქვს ნაკლი და მხოლოდ შეცდომების დაშვებით ვიზრდებით. ასეა შემოქმედებითი ადამიანების შემთხვევაშიც, მარცხი პიროვნულ ნაკლად კი არ უნდა ჩათვალოთ, არამედ ცვლილების შესაძლებლობად, რაც მეტად მოქნილსაც გაგხდით. 
  4. არ შეგეშინდეთ რისკზე წასვლის — ოღონდ ეს რისკი თვლადი და კარგად გაზომვადი უნდა იყოს. აქ კი 70:20:10-ის წესს გვთავაზობენ, რომელსაც Coke, Google და სხვა ცნობილი ბრენდები მიმართავს. ეს იმას ნიშნავს, რომ დროის 70% რაღაცებში დასარწმუნებლად უნდა გამოიყენოთ, 20% რისკზე წასვლას დაუთმოთ, 10% კი მაღალრისკიან საკითხებს. მსგავსად შეძლებთ რისკზე ისე წახვიდეთ, რომ უცბად ყველაფერი წყალში არ ჩაგეყაროთ.
  5. წაახალისეთ რისკების მიღების კულტურა — რადგან სწორედ ასე შეძლებთ წარმატების მიღწევას. 
  6. იზრუნეთ საკუთარ თავზე და მიეცით მას ემოციების გამოხატვის საშუალება — მარცხი რომ მტკივნეულია, არც ეს უნდა დავივიწყოთ, ემოციურად გვფიტავს, ამიტომ მნიშვნელოვანია, მასთან გასამკლავებლად ჯანსაღი მეთოდები შევიმუშაოთ, შემდგომ კი მისგან ვისწავლოთ და წინსვლა გავაგრძელოთ.

ამგვარად, თუ მარცხს სწავლის შესაძლებლობად აღიქვამთ და ცნობისმოყვარეობითაც მიუდგებით, იმ სუპერ ძალასაც შეიძენთ, რომელიც საუკეთესო კრეატორად გაქცევთ. 

„აგროსფეროს“ სპონსორობით, არტიზანული ღვინის ფესტივალი 2024 გაიმართა

ნახეთ: ფერებით სავსე ემოციური ილუსტრაციები