ამ ბოლო წლებში, საგრძნობლად იზრდება მშობელთა ინტერესი აღზრდის სტრატეგიებთან დაკავშირებით. მშობლების გარკვეული რაოდენობა მიხვდა, ან გაეცნო ლიტერატურას იმის შესახებ, რომ მკაცრი მეთოდებით აღზრდა ზიანის მომტანია. ეს სწორედ ის მიდგომებია, რომლებსაც ხშირად მათ მიმართ იყენებდნენ მათივე მშობლები და ახლა არ იციან როგორ და რით ჩაანაცვლონ თავის შვილებთან თაობების გამოცდილი არასწორი პრაქტიკები. ჩემი და ამ სფეროს პროფესიონალების პასუხისმგებლობაა, ბავშვთა მიმართ ძალადობის შესამცირებლად პოზიტიური აღზრდის მეთოდების სწავლება.
როგორ უნდა გაკეთდეს ეს? სამსახურში დაკავებული მშობლები ხშირად ტრენინგისთვის ვერ იცლიან. მედიიდან კი ინფორმაციის მხოლოდ მცირე ნაწილს იღებენ, რომლის გადატანა პრაქტიკაში საკმაოდ რთულია.
პირადი გამოცდილება რომ საუკეთესო გაკვეთილია, ეს ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ, გადავწყვიტე, ბავშვის აღზრდის პრინციპების დაკავშირება ჩვენს ყოველდღიურ, პროფესიულ საქმიანობასთან. მინდა გაჩვენოთ, რომ თქვენ უკვე ფლობთ იმ საჭირო ცოდნას, რომელიც მხოლოდ გააზრებასა და ბავშვთან გადატანას ელოდება.
ალბათ, დასაქმებულთა უმრავლესობას წაუკითხავს, ტრენინგზე მოუსმენია ან საკუთარი გამოცდილებით უსწავლია სამსახურში მოქცევის წესები, რთული თანამშრომლების მართვის პრინციპები, მოტივირებისა და უკუკავშირის მნიშვნელობა, ზედმიწევნით კარგად იცით რთულ კლიენტთან გამკლავების სტრატეგიები და ის, როგორ დავიცავთ თქვენი სიმართლე მშვიდად, ძალადობის გარეშე, ისე რომ ტონიც კი არ შეგვეცვალოთ
გაგიკვირდებათ და სწორედ იგივე უნდა გავაკეთოთ ბავშვებთან.
იმისთვის, რომ ცხადად წარმოვიდგინოთ და გავიაზროთ ყველა ასპექტი , თუ რა პრინციპებს ემყარება პოზიტიური აღზრდის მეთოდი, გაგიზაირებთ ერიკა ანდერსენის (Forbes) მიერ შემოთავაზებულ მენეჯმენტის 9 გზას, როგორ უნდა მოვიქცეთ თანამშრომელთან, როცა ის დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს.
რა გავაკეთოთ, თუ თანამშრომელი არ გვემორჩილება?
ანდერსენი ამბობს, რომ ყველა მენეჯერს ერთხელ მაინც ჰყოლია თანამშრომელი, რომელიც არც თუ ისე კარგია საქმეში. მე კი გეტყვით, რომ არ არსებობს მშობელი, რომელსაც რაიმე სირთულე არ ჰქონია ან უსუსურობა არ უგრძვნია ბავშვის აღზრდის პროცესში. მოდი, ვნახოთ რა გზებს გვთავაზობს მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომები და თითოეული შევადაროთ აღზრდის პროცესს:
მოსმენა:
როცა სამსახურში თანამშრომელი არასათანადოდ იქცევა, თითქოს ვეღარ ვამჩნევთ რეალურად რა ხდება ჩვენ გარშემო. ჩვენ გაღიზიანებულები, უიმედოდ ვართ და მალევე ვაკრავთ იარლიყს: ის ზარმაცია, უპასუხისმგებლოა, არაპროფესიონალია. თითქოს იგნორირებას ვუკეთებთ სირთულეს და ჩვენი ყურადღება სხვა საკითხებს ეთმობა.
საუკეთესო მენეჯერები ძალიან ყურადღებით არიან, როცა თანამშრომელი “ცუდად” მუშაობს. მათ იციან, სიტუაციის გამოსასწორებლად ყველაზე კარგი სტრატეგია მასში უკეთ გარკვევაა – ისენი ისმენენ შექმნილი სიტუაციის შესახებ თანამშრომლის პოზიციასა და ახსნას. ხშირ შემთხვევაში, უბრალო მოსმენამ შესაძლოა, გამოასწოროს პრობლემა და თანაშშრომელმა შეცვალოს თავისი ქცევა. როცა კიდევ ერთხელ ცუდად იგრძნობს თავს, თქვენ შეიძლება მოისმინოთ ქცევის ლეგიტიმური მიზეზები, რატომ იქცევა ის ასე.
ბავშვის აღზრდაში – ხშირად, როცა ბავშვები ცუდად იქცევიან, ხმაურობენ, ნივთებს ისვრიან, სახლში დარბიან, ვინმეს ურტყამენ, მშობლების ძალისხმევა არის, რომ შეწყვიტონ ასეთი ქცევები, ეუბნებიან, გაჩერდნენ, შეწყვიტონ სირბილი და ყვირილი, თორემ… რასაც მოჰყვება მუქარის მთელი ჯაჭვი; ან ვირჩევთ იგნორირების სტრატეგიას და ჩვენში ვიგროვებთ ბრაზს, რომელსაც თავისი საზღვრები აქვს და ერთხელაც იფეთქებს და ყვირილით გამოიხატება. ფსიქოლოგები და ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტები ვამბობთ, რომ მთავარია, გავიგოთ მიზეზები ბავშვის აღზრდის პროცესში, რომელიც სულ ოთხი შეიძლება იყოს:
ყურადღების მიპყრობა;
ძალაუფლების ჩვენება;
შურისძიება;
უმწეობის განცდა.
დავადგინოთ ეს მიზეზი, მოვახდინოთ რეაგირება და 100-ჯერ ერთისა და იმავეს გამეორება არ მოგვიწევს, რაზეც ყოველთვის ვწუწუნებთ: „მილიონჯერ ვიმეორებ ერთსა და იმავეს, მაგრმ ვერ ვაგებინებ, აღარ ვიცი როგორ მოვიქცე“.
უკუკავშირი
ბევრი მენეჯერი დახარჯავს თვეებსა და წლებს არასათანადო თანამშრომელზე წუხილის გამო და არც ერთხელ მისცემს ფაქტობრივ რჩევას, როგორ უნდა მოიქცნენ სხვაგვარად, რით უნდა ჩაანაცვლონ არასწორი ქცევა.
დიახ, მენეჯერებისთვის არ არის ადვილი მისცენ მკაცრი უკუკავშირი თავის თანამშრომლებს. მაგრამ საუკეთესო მენჯერები სწავლობენ, როგორ გააკეთონ ეს შესაფერისი გზით.
ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების რეკომენდაციების გაცნობისას, ხშირად მოისმენთ, რომ როცა ბავშვს უკრძალავ რაიმეს, აუცილებლად უნდა უთხრა მას, რა გააკეთოს სანაცვლოდ: “ნუ მიყვირი”, “შეწყვიტე სირბილი”, “ნუ ურტყამ შენს ძმას”, ამის აუცილებლად უნდა მოვაყოლოთ მისაღები ქცევა, მაგ.: “ნუ მიყვირი, ჩემთვის მისაღებია როცა დაბალ ხმაზე, წყნარად მეუბნებიან, ასე უკეთ მესმის”, “შეწყვიტე სირბილი და მოდი ფაზლი ავაწყოთ ან დავხატოთ”.
დოკუმენტირება
თუ სერიოზული სირთულეები გაქვთ თანამშრომელთან, ჩამოწერეთ მნიშვნელოვანი პუნქტები. შემდეგში ეს დაგეხმარებათ პროცესების მართვაში. ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში დოკუმენტების ნაკლებობის საკითხი დგება ხოლმე.
რთული ქცევის შემთხვევაში, მაგალითად, ბავშვი მუდმივად ურტყამს ვინმეს ან მაღაზიაში აწყობს “ისტრიკას” (ტანტრუმი), ამ საკითხების მოსაგვარებლად როცა სპეციალისტებს მოგვმართავენ ვეკითხებით, რამდენად ხშირად ხდება ეს ფაქტები, დღის რა მონაკეთში, რა უძღოდა ტანტრუმს წინ, როგორ რეაგირებთ თქვენ? ასეთ შეკითხვებზე პასუხების გაცემა უჭირთ მშობლებს და ურჩევნიათ წავიდნენ, დააკვირდნენ, ჩაიწერონ და შემდეგ მოვიდნენ განსახილველად.
თანმიმდევრულობა
როცა გაქვთ სერიოზული სირთულეები, იყავით თანმიმდევრულნი!
თუ თქვენთვის რომელიმე ქცევა არ არის მისაღები დღეს, ნურც ხვალ იქნება მისაღები. თანამშრომლებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, როგორ იქცევით თქვენ, ვიდრე ის, თუ რას ამბობთ. მაგალითად, ეუბნებით რომ აუცილებელია დათქმულ დროზე ჩააბარონ ანგარიშები, შემდეგ ზოგჯერ ძალიან ბრაზდებით, როცა ეს ასე არ ხდება, ზოგჯერ კი ჩვეულებრივად ხვდებით ამ ამბავს. გადაწყვიტეთ, რა არის ის სტანდარტი, რომლის შენარჩუნებაც გინდათ და შემდეგ მიყევით მას.
რა ხდება ბავშვების შემთხვევაში? არაფერი განსხვავებული!
თუ ერთ დღეს დარბის ბავშვი და ამაზე რეაქცია არ გაქვთ, ხოლო მეორე დღეს ყვირილამდე მიდიხართ იმავე ქცევაზე და ბრაზდებით, ეს არ იქნება სწორი. გადაწყვიტეთ, რა არის თქვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, შეათანხმეთ ის ოჯახის ყველა წევრთან და დაიცავით წესები.
დააწესეთ შედეგები, თუ ქცევა არ იცვლება.
თუ სიტუაცია არ იცვლება, ასეთ დროს კარგი მენეჯერები სპეციფიკურები არიან. მათ შეიძლება თქვან “მე კვლავ მჯერა, რომ შენ შეგიძლია შეცვალო სიტუაცია, მაგრამ თუ შენი ქცევა არ შეიცვლება X თარიღისთვის, ამას მოჰყვება შენი განთავისუფლება ან მიიღებ გაფრთხილებას, ან…”
ბავშვებთან მიმართებაში შედარებით განსხვავებული სიტუაცია გვაქვს: პირველ რიგში, ფსიქოლოგები მომართულები ვართ, რომ ჯერ წარმატებული ქცევები შევაქოთ და აღვნიშნოთ, თუ ბავშვი ყვირილით საუბრობს და ერთხელ მაინც ექნება მისაღებ ტონალობაში სიტყვის თქმის გამოცდილება, შევაქოთ ეს მომენტი: “ძალიან გამიხარდა ასე რომ დაილაპარაკე. ბედნიერი ვიქნები, თუ შენ სულ ამ ტონში ისაუბრებ, ამას მოველი მე შენგან”.
შეიძლება ზოგიერთი ბავშვის შემთხვევაში ამან არ გაჭრას და დაგვჭირდეს უფრო სერიოზულ შედეგებზე საუბარი, მაგალითად: „შენ თუ შენი მეგობრისგან 9 საათზე დაბრუნდები სახლში მეორედაც გაგიშვებ, მაგრამ თუ გადააცილებ, იცოდე, რომ შენს თხოვნას ვეღარ გავითვალისწინებ“; „თუ გატეხავ რაიმეს, თავად აწმინდავ“.
თუ სიტუაცია მაინც არ გამოსწორდა, იმოქმედეთ დადგენილი პროცედურებით
კარგი მენეჯერები მუდმივად ცდილობენ სიტუაციის გაუმჯობესებას, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მიდიან იმ პოზიციამდე, რომ მიიღონ თანამშრომლის გაშვების გადაწყვეტილება. შემდეგ ისინი უკვე HR-თან გაივლიან დეტალურ პროცედურებს და მოქმედებენ შესაბამისად.
თქვენი შვილებისთვის საუკეთესო მენეჯერები თქვენ უნდა იყოთ, მაგრამ გაშვების პერსპექტივა არ გაქვთ. ზრდასრულებისგან განსხვავებით, ბავშვებთან ყოველთვის არსებობს მარტივი გამოსავალი (თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეებთან არ გვაქვს საქმე). თქვენ მუდმივად უნდა გაიზარდოთ თვქენი მენეჯერული კომპეტენციები, რათა კარგად მართოთ თქვენი შვილი.
არ მოწამლო ბუდე
ხშირად, სუსტი მენეჯერები იწყებენ ჭორაობას ცუდ თანამშრომელზე, აგებინებენ ყველას და არ ითვალისწინებენ იმ რეკომენდაციებს, რომლებზეც ზევით ვსაუბრობდით. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ცუდია თქვენი თანამშრომელი, კარგი მენეჯერები არ საუბრობენ სხვებთან ამის შესახებ! მსგავსი ქცევა ქმნის უნდობლობას და გიბრუნდებათ ბუმერანგივით. ეს თქვენ წარმოგაჩენთ სუსტ მენეჯერად და არაპროფესიონალად. უბრალოდ, ნუ გააკეთებთ ამას.
როცა ბავშების ნდობაზე ვსაუბროთ, ძალიან მნიშვნელოვანია, მათი ნათქვამი (ნაამბობი) კონფიდენციალურად შევინახოთ, არ ვუთხრათ სხვებს მათი ნებართვის გარეშე, თორემ დაკარგავთ მათ ნდობას და ისინი აღარ გაგიზიარებენ სხვა ამბებს.
ასევე, ნუ შეადარებთ ბავშვებს ერთმანეთს – ეს ფსიქოლოგიური ძალადობაა. ვისაც ადარებთ, იმ ბავშვის აღქმას უცვლით უარყოფითისკენ ასევე მათ თვითშეფასებაზეც ახდენთ უარყოფით ზეგავლენას.
გააკონტროლეთ თქვენი საუბარი.
დარწმუნდით, რომ თქვენ თავთან საუბარი არც გამოუსადეგრად პოზიტიურია და არც ნეგატიური. ფიქრი “ეს ადამიანი არასოდეს შეიცვლება” არ გამოგადგებათ, არც ეს ფიქრი გამოგადგებათ: “ყველაფერი კარგად იქნება, ის მშვენივრად მოიქცევა, აქ არავითარი პრობლემა არ არის”.
კარგი მენეჯერები სამართლიანობის პრინციპით მოქმედებენ, ყველაფერს, რასაც ფიქრობენ აკურატული და სპეციფიკურია. მაგალითად, “მისი ქცევა რეალურ პრობლემებს ქმნის გუნდში. მე რითიც შემიძლია, ვეხმარები, რომ შეიცვალოს. თუ ის შეიცვლება, გადასარევი. თუ არა, მე რასაც ვიტყვი იმას გავაკეთებ!”
აკურატული და სპეციფიკურები უნდა ვიყოთ ბავშვების შეფასებაშიც.
მშობლების უმრავლესობას აქვს იარლიყების მიწებების ტენდენცია, ბავშვი ორჯერ თუ დაიზარებს დავალების შესრულებას, ის ზარმაცია და მშობელი ყველას უყვება, როგორი ზარმაცია მისი შვილი. ორჯერ თუ შეეპასუხა საუბრისას, თავხედია. დაფიქრდით, როგორ დაჯილდოვებთ მაშინ, თუ ბავშვი არ დაიზარებს დავალების შესრულებას, სცადეთ წახალისება და თუ ამ მიდგომამ არ გაამართლა იფიქრეთ იმაზე, რას შეუზღუდავთ „სიზარმაცის“ გამოვლინების შემთხევაში.
იყავი გამბედავი.
მენეჯერისთვის თანამშრომლის განთავისუფლება არის ყველაზე რთული საქმე, თუ საქმე აქამდე მივა, მაშინ გააკეთე ეს სწორად. ნუ მოიხდი ბოდიშს, ნუ გადადებ ამ საქმიანობას სხვა დროისთვის ან ნუ დაავალებ ამის გაკეთებას სხვას. საუკეთესო მენეჯერები აკეთებენ ამას შეუცდომლად. თუ სიტუაცია უკეთესობისკენ შემობრუნდება, გეყოთ გამბედაობა, მიიღოთ ეს რეალობა, ზოგჯერ აღოაჩინოთ, რომ ცდებოდით. ეს არის ისეთივე რთული მისაღები, როგორც აღმოაჩენთ, რომ მართალი იყავით.
ხშირად მშობლები ბავშვების მიმართ განმტკიცებული შეხედულებებით მოქმედებენ, მაგალითად, „ჩემს შვილს მათემატიკის ნიჭი არ აქვს“, „ჩემს შვილს სიმღერა არ შეუძლია“, მსგავსი გამონათქვამები ბავშვებსაც ესმით და აკლებენ ცდას, რომ უკეთ გამოუვიდეთ ესა თუ ის საქმიანობა. მშობლებს, ისევე როგორც მენეჯერებს, უფრო მეტი ყურადღება მართებთ, რათა ბავშვის, თუ თანამშრომლის, ნებისმიერი პოზიტიური გამოვლინებები შეამჩნიონ, აღიარონ, შეაქონ და განამტკიცონ.
მშობლებს, ისევე როგორც მენეჯერებს, უჭირთ იმის აღიარება, რომ ისინი შეცდნენ და ახალ რეალობას ფართოდ კარს ვერ უღებენ.
გააანალიზეთ თქვენი თავი თქვენს საქმიან გარემოში, დააკვირდით ურთიერთობებს, მართვის ტექნიკებს, თქვენს ემოციებს როგორ გრძნობთ ამ პროცესში თავს და აღმოაჩინეთ ბევრი საერთო თქვენი შვილის ახლანდელ მდგომარეობასთან, მერწმუნეთ, პასუხები ბევრ კითხვაზე უკვე გაქვთ.
ავტორი: ნონა ციხელაშვილი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი