ფუნქციური მენეჯერიდან კომპანიის მთავარ ლიდერამდე გარდამავალი გზა ყოველთვის რთული იყო, თუმცა დღეს ეს სირთულე სრულიად ახალ განზომილებას იძენს. თანამედროვე ტოპ-მენეჯერებს ისეთი გამოწვევების მართვა უწევთ, რომლებიც ათი წლის წინ საერთოდ არ არსებობდა: მათ უნდა გააკონტროლონ ხელოვნური ინტელექტის სისტემები, რომელთა მუშაობის პრინციპიც ხშირად ბოლომდე თავადაც არ ესმით, მიიღონ გადაწყვეტილებები არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში და დაიკავონ მაღალი პოზიციები ისე, რომ მანამდე მოსამზადებელი ეტაპების გავლა ვერც კი მოასწრეს. უნარები, რომლებიც ამ გარდამავალ ეტაპზე გადამწყვეტია, ჩუმად, მაგრამ ფუნდამენტურად შეიცვალა.
ჯერ კიდევ 2012 წელს ჩამოყალიბდა ლიდერობის შვიდი ძირითადი გარდამავალი ეტაპი, სპეციალისტიდან გენერალისტამდე, ანალიტიკოსიდან ინტეგრატორამდე, ტაქტიკოსიდან სტრატეგამდე, კალატოზიდან არქიტექტორამდე, პრობლემის მომგვარებლიდან დღის წესრიგის შემქმნელამდე, მეომრიდან დიპლომატამდე და მეორეხარისხოვანი როლიდან მთავარ როლამდე გადასვლა. ეს ჩარჩო ფართოდ დამკვიდრდა ბიზნესში და მისი საფუძვლები დღესაც აქტუალურია, თუმცა ამ ეტაპების გადასალახად საჭირო უნარები იმდენად შეიცვალა, რომ ძველი მოდელი სრულ განახლებას მოითხოვდა.
ამ ცვლილებებს სამი მთავარი ფაქტორი განაპირობებს. პირველი გენერაციული ხელოვნური ინტელექტი და ალგორითმული გადაწყვეტილებებია. ეს აღარ არის 2010-იანი წლების ბანალური „ციფრული ტრანსფორმაცია“. AI დღეს მთლიანად ანაცვლებს იმ ანალიტიკურ სამუშაოს, რაც ადრე ლიდერის მთავარ ღირებულებად ითვლებოდა. როდესაც მანქანას შეუძლია წამებში დაამუშაოს ბაზრის მონაცემები და სცენარები, მენეჯერის როლი ინფორმაციის წარმოებიდან იმ განსჯის უნარზე გადადის, თუ ხელოვნური ინტელექტის მიერ შემოთავაზებული იდეებიდან რომელს ენდოს, რა შეაერთოს ან რა შეცვალოს.
კიდევ ერთი ფაქტორი გეოპოლიტიკური ტურბულენტობაა, სადაც ტარიფები, სანქციები და მიწოდების ჯაჭვის წყვეტა აღარ არის მხოლოდ იურიდიული დეპარტამენტის საქმე – ნებისმიერი საოპერაციო ნაბიჯი უკვე გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მესამე კი ლიდერობის შეკუმშული ეპოქაა: ორგანიზაციების გაბრტყელებამ და შუა რგოლის მენეჯმენტის გაქრობამ წაშალა ის საფეხურები, რომლებიც ადამიანებს გლობალური როლებისთვის ეტაპობრივად ამზადებდა. ნახტომი ფუნქციური ექსპერტობიდან ტოპ-მენეჯმენტამდე ახლა ბევრად უფრო მკვეთრი და მოულოდნელია.
განახლებული მოდელი სწორედ ამ ახალ რეალობაზე მორგბულ საგზაო რუკას გვთავაზობს. სპეციალისტიდან გენერალისტამდე გადასვლა ადრე სხვადასხვა დეპარტამენტის მუშაობის საბაზისო გაგებას ნიშნავდა, დღეს კი ლიდერმა ზუსტად უნდა იცოდეს, როგორ ცვლის AI თითოეულ ამ სფეროს – მარკეტინგის სეგმენტაციიდან დაწყებული, საოპერაციო ეკონომიკით დასრულებული. თანამედროვე გენერალისტმა ერთდროულად სამ ენაზე უნდა ილაპარაკოს: ბიზნესის, ტექნოლოგიისა და მათ შორის არსებული ინტერაქციის.
ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია ანალიტიკოსიდან ინტეგრატორამდე გადასვლის ეტაპმა განიცადა. ადრე ინტეგრაცია სხვადასხვა გუნდის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გაერთიანებას ნიშნავდა, დღეს კი, როდესაც AI იმაზე მეტ ანალიტიკას აწარმოებს, ვიდრე ადამიანს შეუძლია აითვისოს, ლიდერის ამოცანა გადაწყვეტილების არქიტექტურის შექმნაა – მან უნდა განსაზღვროს, რა მიანდოს ალგორითმს და სად ჩართოს ადამიანური ფაქტორი.
ტაქტიკოსიდან სტრატეგამდე ტრანსფორმაცია ახლა დინამიკურ სტრატეგიას გულისხმობს. ყოველწლიური დაგეგმვის ძველი, სტატიკური ციკლის ნაცვლად, ლიდერმა მუდმივად უნდა მართოს სხვადასხვა შესაძლებლობის პორტფელი, დაიჭიროს სუსტი სიგნალები და სწრაფი ექსპერიმენტებით შეამოწმოს დაშვებები. კალატოზიდან არქიტექტორამდე გადასვლაც ბევრად კომპლექსური გახდა, რადგან თანამედროვე ორგანიზაციებს ისეთი მოდელები სჭირდებათ, რომლებიც ერთდროულად უზრუნველყოფენ ეფექტურობასა და ინოვაციას, ავტონომიასა და ერთიანობას.
პრობლემის მომგვარებლიდან დღის წესრგის შემქმნელად ქცევა საინფორმაციო ხმაურის ეპოქაში ფილტრაციის უნარს მოითხოვს. ლიდერმა ორგანიზაციის ფოკუსი უნდა მიმართოს მაქსიმუმ სამ მთავარ პრიორიტეტზე და დაიცვას გუნდი უსასრულო ანალიტიკური ყურადღების გაფანტვისგან. ამავდროულად, მეომრიდან დიპლომატამდე ტრანსფორმაცია შიდა პოლიტიკიდან გარე გეოპოლიტიკურ მოთამაშეებთან, მთავრობებთან და სხვადასხვა ქვეყნის რეგულაციებთან ურთიერთობაზე გადავიდა.
საბოლოო ეტაპი – სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელიდან კომპანიის მთავარ ლიდერამდე გადასვლაა. თუ ადრე ეს ყურადღების ცენტრში მოქცევასა და პერსონალურ ბრენდინგს უკავშირდებოდა, რეალური გარდატეხა აზროვნების შეცვლაშია: უნდა ისწავლო მთლიანი სისტემის ოპტიმიზაცია შენი ყოფილი დეპარტამენტის საზიანოდაც კი, და რესურსებსა თუ ტალანტებს კორპორაციულ აქტივად შეხედო.
წყარო: HBR














