in

“მართვის აკადემიამ” ანიმაციური ტრენინგი შექმნა

ტრენინგ-ცენტრმა  “მართვის აკადემია”-მ ანიმაციური ტრენინგი  შექმნა, სახელწოდებით -“წარმატებული შეხვედრა”.  ტრენინგი ახალგაზრდა პროფესიონალებს სამუშაო შეხვედრის ორგანიზებასა და წარმართვას ასწავლის. პროექტის მიზანია ტრენინგ-ცენტრის სასწავლო პროგრამაში ონლაინ აუდიტორიის ჩართვა. ეს მოიცავს იმ მომხმარებლებს, რომლებსაც არ აქვთ “მართვის აკადემიის ტრენინგებში” მონაწილეობის საშუალება.

რატომ ანიმაცია? 21-ე საუკუნეში, თამაშის პროცესი გახდა როგორც მედია კონტენტის, ისე სასწავლო პროცესის შემადგენელი კომპონენტი. “მართვის აკადემიის” ანიმაციური ტრენინგი მარტივი ფორმით გადმოსცემს სათქმელს – როგორ დავგეგმოთ და ჩავატაროთ სამუშაო შეხვედრა ისე, რომ მივაღწიოთ სასურველ შედეგს.

“ეს არის საჩუქარი ტრენინგ-ცენტრის მონაწილეებისთვის, ე.წ. “ბონუს ტრენინგი”, როგორც მას ჩვენ ვუწოდებთ” – ამბობს ქეთი ტყავაძე “მართვის აკადემიის” თავმჯდომარე. “ბონუსი ერთგული მეგობრებისთვის და ხიდი მათთან, ვინც ვერ ახერხებს ტრენინგებზე დასწრებას”. არამომგებიანი ორგანიზაციის “მართვის აკადემიის” მისიაა მართვის ხარისხის გაუმჯობესება. ამ მისიის შესაბამისად “მართვის აკადემიამ” 2015 წელს გაავრცელა პირველი ბონუს ვიდეოები. 48 ვიდეო ჯამში 300000 მდე მომხმარებელმა ნახა. გამომდინარე იქიდან, რომ დიდი იყო გამოხმაურება მომხმარებლების მხრიდან, “მართვის აკადემიამ” გააგრძელა ბონუს ტრენინგების შექმნა.

ანიმაციური სასწავლო ტრენინგის პერსონაჟები მომხმარებლებს საკუთარი ისტორიის მაგალითზე ეფექტური შეხვედრის ჩატარების მეთოდებს აცნობენ. თუმცა, სანამ პერსონაჟების, გიორგისა და მაიას, ისტორია მომხმარებლებამდე მიაღწევდა, პროექტის ავტორებმა, მარიკა კლდიაშვილმა, ნატალია მუხადგვერდელმა და ქეთი ტყავაძემ  საკმაოდ ბევრი იშრომეს.

“ეს ანიმაცია ჩვენი შვილივითაა. ყველაფერი თავად შევქმენით – დაწყებული ისტორიით, დამთავრებული პერსონაჟების ჩაცმულობითა თუ გარეგნობით. მათ სახელებზეც კი დიდხანს ვიფიქრეთ“ – ამბობს მარიკა კლდიაშვილი, “მართვის აკადემიის” სტარტაპ პროექტების დირექტორი, რომელიც ასევე ამ წამოწყების პროექტის მენეჯერი და სცენარის ავტორია. თავად შეარჩიეს მსახიობიც, რომელიც ანიმაციის ტექსტს წაიკითხავდა. დაწერეს სცენარი და გააცოცხლეს ანიმაცია – “გვინდოდა, რომ ყოფილიყო მარტივად გასაგები და რეალური ემოციებით დატვირთული”.

ტრენინგის ჩატარება ანიმაციის საშუალებით ქართულ ბაზარზე სიახლეს წარმოადგენს. “მართვის აკადემიის” ანიმაციური ტრენინგი ხელმისაწვდომია ტრენინგ-ცენტრის YouTube არხზე და ასევე FB გვერდზე. მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია.

[R]

[EXCLUSIVE] როგორ შეიქმნა „ანბანით მოთხრობილი საქართველო“!

“ამ სამყაროში ადგილი ყველას ეყოფა!” – Jackson Hole-ის შთამბეჭდავი ვიდეორგოლი