მარტი კუპერი, პირველი მობილური ტელეფონის შემქმნელი, ამ ტექნოლოგიის მომავალზე საუბრობს. უფრო სწორად, „წინასწარმეტყველებს“, რომ წლების შემდეგ დამატებითი მოწყობილობის ტარების ნაცვლად, ის ჩვენს კანში იქნება მოთავსებული — მაგალითად, ყურს უკან.
კუპერმა, პირველი პორტატიული ტელეფონით, ზარი 1973 3 აპრილს განახორციელა — ამისათვის Motorola-ს პროტოტიპი გამოიყენა, რომლის დიზაინზეც 5 თვის განმავლობაში მუშაობდა. უბრალოდ, თავდაპირველად ეს ტელეფონები გაცილებით მძიმე იყო და ჯიბეშიც არ თავსდებოდა… ახლა კი მარტი ვარაუდობს, რომ მოწყობილობა კიდევ უფრო პატარა გახდება, კერძოდ, იმპლანტების სახით წარმოგვიდგება. თანაც, აღნიშნავს, რომ ადამიანის კანქვეშა სივრცე იდეალურია ტექნოლოგიისთვის.
ნამდვილად რთულია იმის თქმა, კუპერი ახლო მომავალს წინასწარმეტყველებს თუ შორეულს. თუმცა ფაქტია, ილონ მასკის Neuralink უკვე მუშაობს ადამიანებისთვის განკუთვნილ ჩიპებზე. მარტი CNBC-ისთან საუბრისას კონფიდენციალურობის საკითხებსა და სოციალურ მედიაზე დამოკიდებულებასაც შეეხო — მისი თქმით, ჭკვიანი მოწყობილობების ეპოქა ძალიან კომპლექსური გახდა და მალე ეკრანებს ვეღარ შევეგუებით.
მიუხედავად ყველაფრისა, კუპერს ოპტიმისტური წარმოდგენები აქვს მომავალთან დაკავშირებით. სჯერა, რომ კაცობრიობას უარყოფითი მხარეების გადალახვა და ტექნოლოგიის დადებით კონტექსტში გამოყენება შეუძლია.