მარველის გმირები ისეთი ახლობელნი არიან ჩვენთვის, თითქოს ჩვენი მეგობრები იყვნენ; ამ გმირების ისტორია ჩვენთვის ხშირად მისაბაძიც კი ხდება, მათზე ხშირად ვსაუბრობთ, ვიღაც მოგვწონს, ვიღაც არა და შეიძლება ითქვას, ამ ყველაფრით ჩვენს ცხოვრებაში გარკვეული ადგილი უჭირავთ. როგორ მოახერხა მარველმა ის, რომ ასეთი პოპულარული გახდა და რა გზა გაიარა ბრენდმა, ფინჯანი ყავის თანხლებით ერთად წავიკითხოთ…
დასაწყისი
მთელი ამბავი 1939 წელს იწყება, როდესაც კომიქსების მიმართ მოთხოვნა გაიზარდა და მარტინ გუდმენმა გადაწყვიტა, დაეარსებინა Timely Comics, რომელშიც რამდენიმე სუპერგმირის პერსონაჟი იყო გამოსახული. 1941 წელს კი პირველად გამოაჩინა კაპიტანი ამერიკა, სუპერგმირი, რომელიც დღემდე ყველასთვის ცნობილი და საყვარელია.
ამ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება მარტივი არ ყოფილა. რამდენიმე წლის შემდეგ გუდმენს მოუწია Timely Comics-ის გაუქმება და ჟურნალ Atlas-ის დაარსება. 1956 წელს კი ასპარეზზე DC Comics გამოჩნდა, რომელიც კომიქსების მიმართულებით საკმაოდ მალე გახდა პოპულარული და ბევრი მკითხველიც შეიძინა. 1960 წელს Atlas-მა სახელი შეცვალა და მიიღო Marvel Comics. მას შემდეგ Marvel და DC ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები იყვნენ.
Marvel და Disney
ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ Marvel Entertainment დისნეის სრულ საკუთრებაში მყოფი შვილობილი კომპანიაა და მას თავის მხრივ, საკუთარი შვილი კომპანია ჰყავს Marvel Comics, რომელიც ამერიკული მედია და გასართობი ბრენდია.
90-იანი წლების ბოლოს მარველის კომპანია თითქმის გაკოტრებამდე იყო მისული, თუმცა მეტ-ნაკლებად მაინც ახერხებდა ფუნქციონირებას. 2007 წელს აქტიურად დაიწყო ციფრული კომიქსების გამოცემა. 2009 წლიდან კი ის უკვე დისნეის საკუთრება გახდა.
მარველი და სტენ ლი
მარველის სამყაროს სახელით ცნობილი მოთხრობების საერთო პალიტრა გაიხსნა 1961 წელს. ამ დროს გუდმენს შეუერთდნენ ცნობილი მწერალი სტენ ლი და მხატვარი ჯეკ კირბი. სწორედ მათი დამსახურებით შეიქმნა ის გმირები, რომლებიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი და მათზე არაერთი ანიმაცია თუ ფილმია გადაღებული. ესენია: Spider-Man, Incredible Hulk და X-Men. ლის ეკუთვნის მარველის წიგნების უმეტესი ნაწილი. მის მიერ შექმნილი გმირები ყოველთვის ერთმანეთისგან გამორჩეულები და ორიგინალურები იყვნენ.
გარდა იმისა, რომ ამ მოთხრობებში ახალ-ახალი გმირები ჩნდებოდნენ, ისინი ეხებოდა სოციალური საკითხების გაშუქება, როგორებიცაა: გარემოს დაბინძურება, ნარკომანია, რასობრივი დისკრიმინაცია და სხვა.
დღეს, 21-ე საუკუნეში მარველის გმირები მთელ პლანეტას მოიცავენ: მათ ვხვდებით ვიდეოთამაშებში; მათ აწარმოებენ სათამაშოების დიდი თუ მცირე კომპანიები და ა.შ. ყველაზე დიდი პოპულარულობა ალბათ მაინც კინოინდუსტრიამ მოიტანა. ფილმს მარველის გმირების მონაწილეობით ყოველ ჯერზე ცნობისმოყვარეობით ველოდებით და გვსურს დროულად ვნახოთ იგი.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი, რა თქმა უნდა, „შურისმაძიებლებია”, რომელიც 2012 წლიდან გამოვიდა ეკრანებზე. მასში მონაწოლეობენ რკინის კაცი, თორი და კაპიტანი ამერიკა – სამი გმირი, რომლებმაც მიაღწიეს ცალკეულ ბლოკბასტერულ წარმატებებს და მოიპოვეს 1,5 მილიარდ დოლარზე მეტი მსოფლიო მასშტაბით.
მარველის კინემატოგრაფიული სამყარო დღესდღეობით ერთ-ერთი მოწინავეა მთელ კინოინდუსტრიაში და პოპულარობასთან ერთად, ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან ფრენჩაიზადაც მიიჩნევა.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.