ჩემი პირველი სამსახური საერთაშორისო აუდიტორული კომპანია KPMG იყო, სადაც აუდიტორის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა. 21-ის ვიყავი, იმ წელს ვამთავრებდი კავკასიის ბიზნესის სკოლას, სადაც ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ჩემი მიმართულება ფინანსები იყო. ამ კომპანიაში ძალიან დიდხანსმინდოდა მოხვედრა, რადგან საერთაშორისო კომპანიის გამოცდილება და იქაური გარემო მაინტერესებდა. ბევრი კარგი მქონდა გაგებული მათგან, ვინც იქ მუშაობდა და ეს კიდევ უფრო მიღვიძებდა ინტერესს. ამასთან, ვიცოდი, აუდიტში გამოცდილება ძალიან ბევრ სხვადასხვა სფეროსა და ინდუსტრიაში დამეხმარებოდა, რაკი ჯერ არ ვიყავი გარკვეული საბანკო საქმე მაინტერესებდა, წარმოებაში მუშაობა, მომსახურებაში თუ სხვა სფეროში. ამიტომ ერთ-ერთ ყველაზე კარგ დასაწყისად აუდიტორული კომპანია მესახებოდა – სხვადასხვა სფეროებთან მექნებოდა შეხება და ძალიან კარგ პრაქტიკას მომცემდა. საბოლოოდ კი, ჩემივე გამოცდილებით ინტერესის სფერომდე მივიდოდი.
კონკურენცია ძალიან დიდი იყო. 300-მდე ადამიანი იყო მსურველი და იქიდან მხოლოდ 6 აგვიყვანეს. სამსახურში აყვანა რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა, ტესტირება და ოთხი გასაუბრება იყო, მაგრამ მჯეროდა, რომ ამაზე ბევრად მეტი უნდა გამეკეთებინა. როდესაც მეოთხე კურსზე გადავედი მიზნად დავისახე, ამ კომპანიაში პატარა ცნობადობა მაინც მქონოდა, სანამ გასაუბრებაზე მივიდოდი.
ვესწრებოდი ყველა საჯარო ლექციას თუ შეხვედრას, რომელსაც ეს კომპანია მართავდა. ვცდილობდი, ცნობისმოყვარე მსმენელი და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე ვყოფილიყავი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად გამბედავი და მოტივირებული ხარ, რადგან მე მჯერა იმის, რომ რაღაც თუ ძალიან გინდა ყველაფერი უნდა გააკეთო, ბევრი უნდა იშრომო იმისათვის, რომ ეს მიიღო. მხოლოდ CV-ის გაგზავნის და შემდეგ ლოდინის ,,ფუფუნება’’ არ მქონდა, რადგან ძალიან მინდოდა, ჩემი კარიერა სწორედ ამ კომანიაში დაწყებულიყო.
კარგად დავფიქრდი, როგორ შეიძლებოდა მეჩვენებინა ჩემი მოტივაცია და პროფესიონალიზმი ამ კომპანიისთვის და იმ დროისათვის ალბათ ერთ-ერთ საუკეთესო გზას მივაგენი. ამ მცდელობების შედეგად კომპანიაში ძალიან ბევრმა გამიცნო. ბოლო გასაუბრებაზე რამდენიმე განყოფილება შემომთავაზეს და მკითხეს, რომელი მიმართულებით მინდოდა მუშაობა. მე მქონდა არგუმენტი, რატომ მინდოდა კონკრეტულად აუდიტი და არა სხვა. ეს ყველაფერი დამეხმარა, რომ გასაუბრებაზე არანაირი სტრესი არ მქონოდა. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ერთი ნაბიჯით წინ ვიყავი, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ მეგობარი ან ნაცნობი მყავდა კომპანიაში, იმიტომ, რომ ამ სოციუმში სხვადასხვა შეხვედრაზე ვაჩვენე, რა ცოდნა და გამოცდილება მქონდა.
კომპანიაში მკვეთრად და კარგად ჩამოყალიბებული ფუნქცია-მოვალეობები მქონდა და ვიცოდი, რა უნდა მექნა, რომ კარიერულად წავსულიყავი წინ. სხვადასხვა კომპანიაში ფინანსური აუდიტის ჩატარება მევალებოდა, გუნდთან ერთად. თავიდან მარტივი დავალებები მქონდა, შემდეგ ეს დავალებები სულ უფრო რთულდებოდა. მაგალითად, მონაწილეობა მაქვს მიღებული თითქმის ყველა მსხვილი სასტუმროს, აეროპორტების, ტელეკომუნიკაციების და ა.შ აუდიტში. ერთ-ერთი სირთულე იყო განსაკუთრებით პირველი წლის მისული თანამშრომლებისთვის წლის ბოლოს კლიენტ კომპანიების მიერ ინვენტარიზაციის პროცესზე დასწრება, როგორიცაა ნავთობის ორგანიზაციებში ნავთობის მარაგის გადათვლა, ბანკში ფულის ნაშთის დათვლა და ა.შ
როდესაც ამ ორგანიზაციაში მივდიოდი, თავიდანვე ვიცოდი მაქსიმუმ რამდენი წელი ვიმუშავებდი იქ. ამის შემდეგ საბანკო სფეროში გადავინაცვლე, სხვა პოზიციაზე, TBC ბანკში ვმუშაობდი, მოგვიანებით – ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაში გადავედი, რომელიც ჩემს კოლეგებთან ერთად დავაფუძნე და რომლის მმართველი პარტნიორი ვარ დღემდე.
მარიამ ქოიავა – SavvY-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.