“რუსთაველზე სეირნობისას (ჯერ კიდევ მაშინ, როცა შეიძლებოდა), ბუკინისტების დახლზე ერთმა ძველმა წიგნმა მიიქცია ყურადღება, რომლის სათაურის შრიფტის წონა და პროპორციებიც ძალიან მომეწონა. ვერცერთი მსგავსი არსებული ფონტი ვერ გავიხსენე. იმ დღესვე გავაკეთე მონახაზი სკეჩბუქში და მივხვდი, რომ ჩემთვის, როგორც დამწყები ფონტინჟინერისთვის, რეალისტური იყო ამ ფონტის შექმნა. თუმცა, ერთი შეხედვით ყველაზე მარტივი აგებულების ფონტის შექმნაც კი ძალიან შრომატევადია და ალბათ კარანტინი რომ არა, კიდევ ერთი ან ორი წელი ვერ დავასრულებდი,” – გვიყვება გრაფიკოსი დიზაინერი მარიამ საშა.
MS Ring – ასე ჰქვია ფონტს, რომელიც მარიამ საშამ თვითიზოლაციისას შექმნა. ფონტი, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი ტიპის, სქელი მხედრული მთავრულითაა წარმოდგენილი. მისი აგებულების მთავარი ელემენტი არის წრე, აქედან გამომდინარეობს მისი სახელიც.
მარიამი ამბობს, რომ ფონტის ზოგიერთი ასო-ნიშანი შეიცავს ალტერნატიულ დიზაინს, რისი საშუალებითაც სტილის ცვლილებაა შესაძლებელი.
მსურველებს, ფონტის გადმოწერა ამ ბმულიდან შეგიძლიათ: MS Ring