Eurobest 2022-მა შედეგების ნაწილი გამოაქვეყნა და თქვენთვის მშვენიერი ამბავი გვაქვს – კამპანიამ, რომელის იდეაზეც Miami Ad School-ის ქართველმა სტუდენტებმა, სალომე ტვილდიანმა და ნიკა ხუნდაძემ სააგენტო CloudFactory Agency-ის შემადგენლობაში იმუშავეს, Eurobest-ის ბრინჯაო მოიპოვა, კატეგორიაში Brand Experience & Activation.
კამპანია Truly Destroyed იმ რეალობას ასახავს, რის წინაშეც უამრავი ადამიანია და მათ მიერ გაცვეთილ ფეხსაცმელებს წარმოადგენს. კამპანია Balenciaga-ს ფეხსაცმლის სერიის საპასუხოდ შეიქმნა, სადაც „ბალენსიაგა“ მომხმარებელს სრულიად გაცვეთილი ფეხსაცმლის შეძენას $1,850-ად სთავაზობდა. Truly Destroyed იყო საქველმოქმედო ორგანიზაცია Salvation Army-ის პასუხი, რაც საზოგადოებას სიღარიბის პრობლემას შეახსენებდა და დონაციისკენ მოუწოდებდა.
სალომე და ნიკა ევრობესთის შედეგს აფასებენ:
„ჩვენთვის, როგორც კრეატიული გუნდისთვის, ეს გამარჯვება ძალიან დიდი სტიმულია სამომავლოდ, კარიერულ გზაზე. უფრო დიდი გასაქანის, მეტად ხმაურიანი კამპანიების ხორცშესასხმელად, რომლებსაც ცვლილების ძალა ექნებათ.
გამარჯვების მოლოდინი ნამდვილად გვქონდა, განსაკუთრებით მასმერე, რაც ჰოლანდიის შემოქმედებით Dutch creativity awards-ზე ორი ვერცხლი მოვიხვეჭეთ.
სხვა შემოქმედებით ფესტივალებზეც დიდი ინტერესი დაიმსახურა, ევრობესტზე კი, ყველაზე მეტად დაგვაფასეს.
ამ კამპანიამ საშუალება მოგვცა, ძალიან მარტივი ხერხით, უთანასწორობაზე აგვემაღლებია ხმა. შედეგად, ჩვენი მცდელობა და ხმამაღალი ყიჟინა გლობალურად დაფასდა.“
ავტორი: თამარ მეფარიშვილი