in

სწავლა Miami Ad School Europe-ში სრული დაფინანსებით!

Miami Ad School Europe (MASE) – შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი სკოლაა, მთელ მსოფლიოში. ესაა სასწავლებელი, სადაც მოხვედრა უამრავი კრეატორის ოცნებაა. Miami Ad School Europe-ში სწავლა ნიშნავს არამხოლოდ ისწავლო საერთაშორის დონის პროფესიონალებისგან, ვისაც არაერთი ჯილდო აქვს მიღებული არამედ იყო სასურველი კანდიდატი მსოფლიო დონის სააგენტოებში. ესაა დიდი აფეთქება გონებაში, რომელიც შემოქმედებით ინდუსტრიაში გზის გაკვალვაში ეხმარება მის სტუდენტებს. უკვე მესამე წელია, რაც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Miami Ad School Europe-ში ქართველი კრეატორების შესარჩევად, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია გამოაცხადა. სტიპენდია ბერლინში Art Direction-ის, Copywriting-ისა და Creative Technology-ის 2-წლიან პორტფოლიო პროგრამაზე 100%-იან დაფინანსებას გულისხმობს. საკონკურსო აპლიკაციის შევსება 1-ლ ივნისამდე იყო შესაძლებელი. სულ რამდენიმე დღეში კი, გამარჯვებულთა ვინაობა გახდება ცნობილი. რა ელით სტიპენდიანტებს პორტფოლიო პროგრამაზე და რა შესაძლებლობებს ქმნის Miami Ad School Europe, საქართველოს ბანკთან ერთად, Miami Ad School Europe-ის მმართველი დირექტორი საბინ გეორგი გვესაუბრა.

საბინ გეორგი

M: სანამ წლევანდელ კონკურსს შევეხებით, მოდით განვლილ წლებს გადავავლოთ თავი. მაინც, როგორ შეძლო Miami Ad School Europe-მა საკუთარი თავის პოზიციონირება, როგორც მრავალგზის აღიარებული სარეკლამო სკოლა ევროპაში, რომელიც გარდაიქმნება კრეატიული ინოვაციების საერთაშორისო ინსტიტუტად? 

2003 წლიდან, MASE-ის დაარსებიდან დღემდე, MASE სარეკლამო სკოლების საერთაშორისო ქსელის წევრია და არაერთი ჯილდო მიუღია. ციფრული მიმართულების განვითარებასთან ერთად, სააგენტოებმა ისეთი ტალანტების ძიება დაიწყეს, რომლებიც ინოვაციური გადაწყვეტებით გამოირჩევიან. MASE აღნიშნული ტენდენციის საპასუხოდ ადაპტირდა და ახალი მიმართულებები დაამატა, რაც ჩვენი ბრენდის ახალ სლოგანშიც გამოიხატება – „კრეატიული ინოვაციების საერთაშორისო ინსტიტუტი“.

M: როგორ შედგა თანამშრომლობა MASE-სა და საქართველოს ბანკს შორის და რა შესაძლებლობებს სთავაზობს ეს სტუდენტებს? 

პარტნიორობა ჩემი წინამორბედის, ნიკლას ფრინგს-რუპის ჩართულობით შედგა, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ნიკა გუჯეჯიანს ასწავლიდა MASE-ში. ნიკა ძალიან პოპულარული სტუდენტი იყო და უკვე წარმატებული, სასწავლებელში სწავლისას. მან კარიერა საქართველოს ბანკში გააგრძელა. ამავდროულად, სკოლის ერთგულ კურსდამთავრებულად რჩებოდა და ინარჩუნებდა მჭიდრო კავშირს ნიკლასთან და MASE-ის კურსდამთავრებულებთან. 2019 წლის მარტში ნიკას მოულოდნელი გარდაცვალება შოკი იყო MASE-სთვის, ნიკას მრავალი მეგობრისთვის, საქართველოს ბანკის და მისი აქაური კოლეგებისთვის თუ თანატოლებისთვის. ნიკას, როგორც კრეატიული და ამავდროულად შესანიშნავი პიროვნების ხსოვნის საპატივსაცემოდ, Miami Ad School Europe-მა და საქართველოს ბანკმა პარტნიორობის ფარგლებში გადაწყვიტეს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია დაეწესებინათ. მის ფარგლებში, სტუდენტებს 2020 წლიდან აქვთ შესაძლებლობა 100% დაფინანსებით ისწავლონ MASE-ში Art Direction-ის, Copywriting-ისა და Creative Technology-ის მიმართულებით, 2-წლიან პორტფოლიო პროგრამაზე.

M: რას მოიცავს 3 მიმართულება, რომლის ფარგლებშიც წარიმართა კონკურსი?

როგორც „პორტფოლიო სკოლა“, ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა შემოქმედებს საკუთარი თავისა და ნიჭის უკეთ აღმოჩენაში, იქნება ეს ვიზუალისა და დიზაინის (Art Direction), სიტყვების და სცენარების (Copywriting) თუ კოდირებისა და ტექნოლოგიური კამპანიების შექმნის მიმართულებით (Creative Technology). თითოეული პროგრამის ჭრილში, დიდი აქცენტი კონცეპტებსა და პორტფელის შექმნაზე კეთდება.

M: რა ახალ უნარ-ჩვევებს შეიძენენ სტუდენტები აღნიშნული პროგრამების ფარგლებში? 

ჩვენს თითოეულ კურსს მიმდინარე მოვლენებს ვარგებთ, მაგალითად, ახალი თემები, როგორიცაა NFT ან მეტავერსი, სასწავლო კურიკულუმის ნაწილია. პროგრამის ფარგლებში, თითოეული სტუდენტი ივითარებს ახალ, საინტერესო უნარ-ჩვევებს, რაც საბოლოო ჯამში მათ მრავალმხრივ განვითარებულ კრეატივებად აყალიბებს. ამაზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ MASE ცნობილია, როგორც  “ჰოლისტური კრეატივების“ ჩამომყალიბებელი, რომლებსაც კიდევ უფრო მეტი რესურსი და პოტენციალი აქვთ, MASE-ში შეძენილი უნარებისა და ცოდნის საფუძველზე შექმნან ის, რაც აქამდე არ შეეძლოთ.

M: 2022 წლისთვის რა ტენდენციებია აქტუალური?

საინტერესოა, რამდენად სწრაფად მიიწევს ტექნოლოგია წინ: VR-დან და AR-დან NFT-მდე და მეტავერსიამდე – მნიშვნელოვანია, თვალი ადევნო მუდმივად ცვალებად ტენდენციებს და ახალ ტექნიკურ მახასიათებლებსა და პროდუქტებს.

M: რა განასხვავებს Miami Ad School Europe-ის პორტფოლიოს პროგრამას სხვა პროგრამებისგან და რა შესაძლებლობებს სთავაზობს ის სტუდენტებს?

MASE ცნობილია იმით, რომ სტუდენტებს კარგად დაბალანსებულ კურსებს სთავაზობს, რომელიც ეფექტურად აერთიანებს თეორიასა და პრაქტიკას: ჩვენთან სტუდენტები სწავლობენ, როგორ გაარღვიონ მათივე შესაძლებლობების ლიმიტები, როგორც პროფესიულ, ასევე პიროვნულ დონეზე. MASE-ს მისი მრავალფეროვნება, მაღალი ხარისხი და საერთაშორისოობა გამოარჩევს. გარდა ამისა, სკოლას აქვს შესანიშნავი კონცეფცია –  1 წელი სკოლაში და 1 წელი “გაფართოებულ კლასებში”, რაც გულისხმობს 1 წლის მანძილზე ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენებას და სამუშაო გამოცდილების მიღებას, თანაც მსოფლიოში საუკეთესო სააგენტოებში. 

სააგენტოებს ძალიან მოსწონთ, რომ ჩვენს კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა, ხშირად უკვე საშუალო დონის პოზიციებზე, რადგან მათ  უკვე ბევრი რამ იციან რეკლამის შესახებ.

M: რა არის MASE-ის ხედვა და სამომავლო გეგმები?

ჩვენ შევქმენით ახალი, სრულიად ონლაინ სწავლების პლატფორმა „Infinity Campus“, უმცროსი და საშუალო დონის კრეატორებისთვის, რომელიც მათ ნებისმიერი ადგილიდან აძლევს სწავლის და განვითარების შესაძლებლობას. პლატფორმის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ სტუდენტს აღარ უწევს ვიზასთან ან საცხოვრებელთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა და ონლაინ კამპუსის მეშვეობით, ეძლევა შესაძლებლობა იურთიერთოს მისივე ინტერესების მქონე ადამიანებთან, გაიღრმაოს ცოდნა და დაამყაროს სასარგებლო კონტაქტები. ვფიქრობ, სწორედ აქ იმალება MASE-ს, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი შემოქმედებითი სკოლის სამომავლო შესაძლებლობები, უმაღლესი დონის ონლაინ კამპუსით, რომელიც  ქმნის ახალ ხედვებს და საფუძველს უყრის MASE-ს მომავალს.

M: რას ურჩევდით სტუდენტებს, რომლებსაც შემოქმედებით ინდუსტრიაში სურთ კარიერული განვითარება?

თვალები და ყურები ფართოდ გქონდეთ გახელილი – შეისწავლეთ ტენდენციები, დააკვირდით როგორც ციფრულ, ასევე რეალურ სამყაროს თქვენს გარშემო და ბოლომდე გადაეშვით კრეატიულ სამყაროში – დისციპლინით, საქმისადმი ვნებით და რაიმე გამორჩეულის შექმნის სურვილით!

 

 

Protected: ერთობლივი ქეშბექ აქცია — დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 10%

როგორ აზიანებს კოსმოსი ასტრონავტების ძვლებს?