in

„Miami Ad School Europe-ში სწავლის 100%-იანი დაფინანსება, უდავოდ, ხელიდან არგასაშვები შესაძლებლობაა!“ – გიორგი ქვლივიძე

„ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიას ძალიან სჭირდება მსგავსი კვალიფიკაციის რეგულარული იმპორტი“

სანამ უშუალოდ Miami Ad School Europe-ზე ვიტყოდი რამეს, მოკლედ მინდა გაგიზიაროთ ჩემი პერსპექტივა იმ საქმეზე, რასაც იქ დაეუფლებით. სარეკლამო ინდუსტრიას ძალიან ბევრი რეალიზაციის შესაძლებლობა აქვს შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანებისთვის. ეს არის კომპანიების და სერვისების ხმის ხალხამდე მიწვდენის პროფესია, რომელში დასაქმებული ადამიანებიც, მისი აღმოცენებიდან მალევე მიხვდნენ, რომ ამ საქმის ორიგინალურად კეთება უფრო კარგად მუშაობს. ერთი სიტყვით, ჩვენი პროფესია კომუნიკატორობაა და იმისთვის, რომ სათქმელი ადრესატს დავამახსოვროთ და მითუმეტეს, მასზე შთაბეჭდილება მოვახდინოთ, ბევრ რამეზე დაფიქრება და მერე რაღაც ახლის, განსხვავებულის შექმნაა საჭირო. მოკლედ, ფანტაზიორებისთვისა და გამომგონებლებისთვის ზედგამოჭრილი საქმეა.

რაც შემეხება მე – ბავშვობიდან ვხატავდი. ოღონდ, ჩემი ბავშვობის ბნელ 90-იანებში საქართველოში სარეკლამო ინდუსტრია ჯერ არ არსებობდა. საერთოდ, ცოტა რამე არსებობდა. ჩავაბარე არქიტექტურულზე, მაგრამ მალევე ვიგრძენი, რომ მთლად ჩემი საქმე არ იყო. ამასობაში გაჩნდა ინტერნეტი და ერთ-ერთ ინტერნეტ პროვაიდერთან დავიწყე დიზაინერად მუშაობა. ამის მერე უკვე დავიწყე სარეკლამო სააგენტოებში ჩემი ძალების მოსინჯვა და აღმოვაჩინე, ჩემთვის ახალი სიტყვა – კრეატივი და რომ თურმე, ჩემზე უფროს თაობაში უკვე არსებობენ ადამიანები რომლებსაც კრეატიული ინდუსტრიის ჩამოყალიბების სურვილი აქვთ და ეს საქმე ძალიან უყვართ. მეც ავენთე და ამ გზას გავყევი. დღეს არტ დირექტორი ვარ, ქართულად რომ ვთქვა – მხატვრული ხელმძღვანელი და ჩემის მხრივ, მეც მინდა, რომ ჩემს შემდეგ თაობას ამ საქმის სიყვარული გადავაწოდო.

იმისთვის, რომ უკეთ ავხსნა რას აკეთებენ არტ დირექტორები, პატარა ისტორიულ ჩანართს გავაკეთებ. ისტორიულად ესე იყო: კრეატიულ რევოლუციამდე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მერე მკვეთრმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა, ამერიკაში სარეკლამო მომსახურება ფაქტიურად განცხადების გამოქვეყნებით შემოიფარგლებოდა. ეწერა გაზეთში, რომ ესა და ეს ყიდის საპონს, მაგალითად. ეკონომიკურმა ზრდამ, კონკურენცია გაზარდა, საპნის გამყიდველები მომრავლდნენ, ამიტომ საჭირო გახდა სხვის განცხადებაზე უკეთესი განცხადების გაკეთება. გაჩნდა სარეკლამო სააგენტოები, ოღონდ პირველ ეტაპზე, მაინც ტექსტი იყო მთავარი საკომუნიკაციო საშუალება და მთავარ საქმედ კოპირაიტერის ხელობა მიიჩნეოდა, არტ დირექტორი უბრალოდ ილუსტრაციას ურჩევდა ტექსტს. DDB, ერთერთი პიონერი სააგენტო კრეატიულ ინდუსტრიაში, იყო პირველი, ვინც კოპირატერები და არტ დირექტორები დააწყვილა და ტექსტისა და ვიზუალის წონა, ასე ვთვათ, გაათანაბრა. ეს 60-იან წლებში ხდება. თითქოს დიდი არაფერი, მარა სინამდვილეში, სწორედ მხატვრის და მწერლის ტვინების სინქრონიზაციამ, დიდი ბიძგი მისცა ინდუსტრიას. კრეატიული რეკლამის ოქროს ეპოქა მსოფლიოში, სწორედ აქედან ითვლის სათავეს. ეს ორი პოზიცია სააგენტოებში დღესაც უცვლელია, თუმცა ზღვარი მათ ამოცანებს შორის დღეს არც ისე მკვეთრია და ორივე პასუხისმგებელია იდეის, კონცეფციის შემუშავებაზე და აღსრულებაზე. თუმცა, კლასიკურად, არტ დირექტორი უფრო ვიზუალურად მოაზროვნე ტიპია. აქვე გირჩევთ უყუროთ დოკუმენტურ ფილმს Art & Copy, ჩემთვის ერთგვარი შესავალია პროფესიაში.

საქართველოს რაც შეეხება, ცოტა დავიგვიანეთ. 90-იანების ბოლოს დაიწყეს სააგენტოებმა გაჩენა და პირველი კრეატიული ტალღის ენერგია, დიდ წილად ქვეყანაში ამ ახალი ხილის შემოტანით იყო განპირობებული. საქმის ცოდნა ნაკლები იყო, მაგრამ ჩემი აზრით ენთუზიაზმი და სიყვარული მეტი. დღეს, ინდუსტრია უკვე ფორმირებულია და პროფესიული შეკრებები 500-1000 კაციან დარბაზებს თავისუფლად ავსებს, მაგრამ როგორც დიდებული ჰალ რაინი, აღწერს თავის ეპოქას  Art & Copy-ში – ხალხი ბევრია, მაგრამ ნაგავიც ბევრი კეთდებაო. ცოტაა მაგარი და მათ შორის მართლა მაგარი, მარტო ერთი ორი პროცენტია. ეხლა სულ სხვა დროა, მაგრამ ჩვენთანაც დღეს ასეა, ამიტომ ნიჭის გარდა, შრომა და პროფესიული განათლების მიღება, ძალიან მნიშვნელოვანია. 

თუ აქამდე წაკითხულმა დაგაფიქრათ, არტ დირექტორობა საჩემო საქმე ხომ არ არისო, ერთსაც გეტყვით: არტ დირექტორს მისი ფანტაზია არ უნდა ასვენებდეს. მტანჯველი უნდა იყოს რაღაცის არ მოგონება და ვერ უნდა ისვენებდეს, სანამ იმას რაც თავში უტრიალებს, განხორციელებულს არ ნახავს და სხვას ანახებს. არტ დირექტორს უნდა უყვარდეს თავის ნამუშევრის სხვამდე მიტანა.

ეხლა კი, რაც შეეხება Miami Ad School Europe-ს. ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ონალინ კურსებით და მთლიანობაში ინტერნეტ რესურსების მეშვეობით, პროფესიის დაუფლება დღეს შესაძლებელია, ფიზიკური აკადემიური კურსი, ცოდნის მიღების შეუცვლელ ფორმატად მიმაჩნია. 2 წელი, შენ კონცენტრირებული ხარ შენი პოტენციალის მაქსიმალურად გაფურჩქვნაზე და რაც მნიშვნელოვანია, იგივეზეა კონცენტრირებული დარგის სპეციალისტების მთელი ჯგუფი. პლუს, ბერლინში, ახალ გარემოში დამოუკიდებელი ცხოვრება, პლუს სხვა კრეატიულ ტვინებთან უწყვეტი ინტერაქცია, კონკურენცია და ბევრი სამომავლო პროფესიული გლობალური კონტაქტი. მოკლედ, მე ვხედავ, რომ პროფესიას მართლა იყვარებ და იყვარებ საკუთარ თავსაც ამ პროფესიაში. დღეს რომ 20-ის ან 25-ის ვიყო, იქ მოხვედრა, უდავო პრიორიტეტი იქნებოდა ჩემთვის. რაც შეეხება პერსპექტივებს, იქიდან დაბრუნებულს ვისაც ვიცნობ, ყველა წარმატებით მიუყვება თავის კარიერას. ზოგი აქ, ზოგი ევროპულ სააგენტოებში. ცალკე უნდა აღვნიშნო გუჯეჯა, რომელიც აი იმ ერთ-ორ პროცენტს რო ვახსენებდი, მასეთი ბრწყინვალე ნიჭის პატრონი იყო. გუჯეჯა, ერთ-ერთი პირველი ეზიარა Miami Ad School Europe-ს და დასაფასებელია, რომ სწორედ მისი სახელობის არის საქართველოს ბანკის ეს სტიპენდია. 

სწავლის 100%-იანი დაფინანსება, მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე სკოლაში, უდავოდ ხელიდან არ გასაშვები შესაძლებლობაა და ამასთან ერთად ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიას ძალიან ჭირდება მსგავსი კვალიფიკაციის რეგულარული იმპორტი. ჩვენ მაინც პატარა ქვეყანა ვართ და ამ პროფესიის დასავლური სტანდარტების დაუფლება, მნიშვნელოვანია. მე მგონია, რომ იქიდან აქ დაბრუნებულებს აქვთ რესურსი, მიღებული ცოდნის ლოკალურ ინსაიტებთან შეზავებით, შექმნან ახალი უნიკალური საკომუნიკაციო ენები. ისეთი ნამუშევრების გამოცხობის რესურსი, რომლითაც საერთაშორისო ასპარეზზე გავიყვანთ ქართულ კრეატიულ ინდუსტრიას.

რაც შეეხება იმას, თუ ვისთვის არის ეს კურსი და რისთვის უნდა იყოს აპლიკანტი მზად: როგორც უკვე ვთქვი, სწორი კანდიდატია ის, ვისაც ფანტაზია არ ასვენებს, უკვე აქვს პორტფოლიო, რომლიც მის პოტენციალზე მეტყველებს და ის ვინც მზად არის გაუძლოს მოულოდნელად ბევრ შრომას. ასევე, გაუძლოს ბერლინის ცდუნებებს და მოახერხებს 2 წელი მიზანზე კონცენტრირებას. 2 წელი არ არის ბევრი, იმის გათვალისწიონებით, რომ თქვენ მთელი მომდევნო ცხოვრებისთვის შეიარაღდებით ამ დროში. პორტფოლიოს მნიშვნელობას ხაზს გავუსვამ – პორტფოლიო, იმის გარდა რომ თქვენი პროფესიული რეპრეზენტაციაა, არის თქვენი განვითარების თვალის მიდევნების საუკეთესო საშუალება. რაც უფრო ადრე დაიწყებთ, მით უფრო თვალსაჩინო იქნება, წლების გასვლასთან ერთად საკუთარ პროგრესზე დაკვირვება და შესაბამისად შეფასება.

ეს ისე ინფორმაციისთვის: https://miamiadschool.de/nika2023 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომლის და ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Europe-ის და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, 2019 წელს დაარსდა. პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, მოიპოვონ საქართველოს ბანკის და MASE-ს 100%-იანი დაფინანსება და ისწავლონ ბერლინის Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის და Copywriting-ის ორ წლიან პორტფოლიო პროგრამაზე.

ამისათვის, მათ უნდა გააგზავნონ საკუთარი CV, სამოტივაციო წერილი და პორტფოლიო მეილის მისამართზე [email protected]. საბუთების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. 

ჩარიცხული კანდიდატებიდან სპეციალურად შექმნილი ჟიური ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულს გამოავლენს და ის სწავლას Miami Ad School Europe-ში შემოდგომის სემესტრში დაიწყებს.

იჩქარეთ, დრო 25 ივლისამდე გაქვთ.

კონვერტაციის უფრო მომგებიანი კურსი პროკრედიტ ბანკის მობაილ ბანკშია!

მოგზაურობის 25 წელი — „თეგეტა მოტორსი“ და „ბრიჯსტოუნი“ თანამშრომლობის საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ