in

შეუჩერებელი პროტაგონისტი – Maserati-ის ავტოისტორია

წინა კვირაში ცნობილ იტალიურ ავტომწარმოებელზე, Fiat-ზე მოგიყევით, ამიტომ ამ კვირაში მისი შვილობილი ბრენდით, Maserati-თ გავაგრძელებთ. იგი ცნობილია როგორც სარბოლო, სპორტული და ე.წ. GT (Grand Touring) ტიპის მანქანების წარმოებით. მომხმარებელთა შეფასებებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მასერატის მფლობელები ძალიან კმაყოფილნი არიან საკუთარი არჩევანით. Maserati – ვინც მას მართავს, ძლიერი, მდიდარი და თავდაჯერებულია”, – ამბობენ მასზე. ჩვენ, ტრადიციულად, მივყვებით ამ კომპანიის ჩამოყალიბების ისტორიას და გიამბობთ, როგორ იქმნებოდა ეს ბრენდი.

დასაწყისი

ისტორია 1914 წლის 1 დეკემბერს ბოლონიაში იწყება, როცა ძმებმა მასერატებმა დააარსეს Maserati, მანქანების ბრენდი, რომელიც განკუთვნილი იყო სიდიადისა და სიმდიდრისთვის. ძმებს აქ ჰქონდათ საკუთარი სახელოსნო, სადაც პირველი მანქანის დიზაინზე დაიწყეს მუშაობა. თუმცა მალე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და სახელოსნოს თვითმფრინავის ძრავებზე მოუწია მუშაობა. ამასთან, საინტერესოა ისიც, რომ კომპანიის ერთ-ერთი პირველი პროდუქცია სანთლები იყო. 

როგორც კი ომი დასრულდა, ალფიერი მასერატიმ ოცნების გზაზე დაბრუნება გადაწყვიტა და სპორტული მანქანების წარმოებას შეუდგა. 

პირველი წარმატებები

1920-იან და 30-იან წლებში Maserati-ის ავტოფარეხი აქტიურად მუშაობდა სარბოლო მანქანების წარმოებაზე, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყიდებოდა. 1937 წელს, როდესაც ორსის ოჯახმა გადაიბარა კომპანიის მენეჯმენტი, Maserati თავისი თავდაპირველი შტაბ-ბინიდან ბოლონიაში, გადავიდა მოდენაში, Viale Ciro Menotti-ზე, სადაც მარკის ზოგიერთი ძირითადი სპორტული და GT მანქანები დღესაც იქმნება.

Orsi-Maserati-ის ეპოქის პირველი პროდუქტი გამოვიდა 1938 წლის მარტში. ეს იყო 8CTF, რვაცილინდრიანი მანქანა. ამ მოდელით ბრენდმა თავისი პირველი „ამერიკული გამარჯვება” მოიპოვა და მას შემდეგ მანქანას Boyle Special დაარქვეს. Maserati იყო პირველი იტალიელი მწარმოებელი, რომელმაც მოიპოვა პრესტიჟული ტიტული და თან წარმატების გამეორება მომდევნო წელსაც შეძლო.

40-60-იანი წლები

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ კომპანიას ისევ მოუწია სხვა mode-ზე გადართვა. შეჩერდა სარბოლო მანქანების გამოშვება. საწარმოში სანთლებს და ომისთვის საჭირო სხვადასხვა ნივთს ამზადებდნენ. 

1946 წლის მარტის დასაწყისში, ჟენევის ავტომობილების შოუზე პირველი მასერატი გამოჩნდა, რომელიც არა სარბოლო, არამედ ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოხმარების ავტომობილი იყო. მისი სახელწოდება, ალფიერის პატივსაცემად შეირჩა და იყო A6. A ინიციალია, 6 კი ცილინდრების რაოდენობებს აღნიშნავდა. 

მანქანის დიზაინი და ორიგინალურობა საზოგადოებამ აიტაცა და მალე მისი წარმოება აქტიურად დაიწყო. 

60-იანი წლების დასაწყისში კომპანიამ გამოუშვა მოდელი Tipo 60, რომელიც ცნობილი გახდა მეტსახელით Birdcage. ის არ გამოჩენილა ოფიციალურ რბოლებში Maserati-ს სახელით, თუმცა მას იყენებდნენ ყველაზე პრესტიჟული სარბოლო გუნდები და იმარჯვებდნენ მნიშვნელოვან რბოლებში.

1963 წელს ტურინის საავტომობილო შოუზე Maserati-მ გააოცა ავტოსამყარო Quattroporte-ის, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სედანის წარმოდგენით. მწარმოებელს სარბოლო ძრავის მდიდრულ სედანში დაყენების იდეა Commendatore Orsi-ს ჟურნალისტმა, ჯინო რანკატიმ შესთავაზა.

80-იანი წლებიდან დღემდე 

Maserati Quattroporte ითვლებოდა ელეგანტურობისა და სტილის სინონიმად, იმდენად, რომ 1980-იან წლებში იგი გამოჩნდა ბევრ ფილმში. სილვესტერ სტალონემ ის აირჩია, როგორც მოკრივე როკი ბალბოას მანქანა Rocky III-ში (1982), დევიდ კრონენბერგმა ორ ფილმში გამოიყენა ეს მოდელი: The Fly (1982) და The Dead Zone (1983).

1993 წელს Maserati Fiat Group-მა შეიძინა. ახალ მენეჯმენტზე გადაწყობას რამდენიმე წელი დასჭირდა. 1998 წელს გამოვიდა პირველი კუპე, რომელიც პარიზის ავტოშოუზე წარმოადგინეს. თუმცა, მაშინვე გადაწყდა, რომ კუპე განახლებულიყო მარანელოში წარმოებული ძრავით. ამ რევოლუციური კონცეფციიდან დაიბადა Spyder, მანქანა, რომლითაც Maserati დაბრუნდა შეერთებულ შტატებში. ავტომობილების მწარმოებელი, რომელმაც შეძლო ხარისხისა და უსაფრთხოების ტესტების გავლა აშშ-ში, მზად იყო ნებისმიერი გამოწვევისთვის და შემთხვევითი არ არის, რომ ეს დაბრუნება უყურადღებოდ არავის დარჩენია.

2003 წელს იტალიის მეორე პრეზიდენტმა, კარლო აზელიო ჩამპიმ, Quattroporte თავის ოფიციალურ სახელმწიფო მანქანად აირჩია. განახლებულ მოდელზე ცნობილი იტალიელი დიზაინერი, Pininfarina მუშაობდა. 

2004 წელს მოდელმა MC12 თასების შთამბეჭდავი რაოდენობა დააგროვა. 2005-დან 2010 წლამდე ჯამში 14 ტიტული და 19 გამარჯვება მოიპოვა. 

2005 წელს, სერხიო პინინფარინას 75-ე დაბადების დღის აღსანიშნავად, კონცეფტუალური ავტომობილი Birdcage წარადგინა. ავტომობილს უკიდურესად გამარტივებული დიზაინი, მგზავრების დაცვის კარგი სისტემა და ფუტურისტული ტექნოლოგია ჰქონდა, რითაც თავი დაიმკვიდრა ავტოისტორიაში.

2013 წელს Maserati Ghibli სედანი გამოჩნდა – დიზაინის, სპორტული შესრულებისა და კომფორტის შესანიშნავი კომბინაცია, რომელიც ელეგანტური ავტომობილია, დახვეწილი მასალებით დამზადებული. 

მომდევნო წელს კი ბრენდმა პარიზის ავტოშოუზე Alfieri Concept Car წარადგინა, რომელიც ერთგვარი განაცხადი იყო იმისა, რომ Maserati, თავისი არსით, სპორტული მანქანაა, რომელიც მომავალშიც სარბოლო ავტომობილების მემკვიდრეობის ჩამოყალიბებას გააგრძელებს.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Future Factory, თავისი სახელით თამაშით, ახალ იდენტობას ქმნის

Google რეკლამებს YouTube Shorts-ზე გაუშვებს