ვინც არ მიცნობს, მე ვარ მაშო მარგიშვილი, ილუსტრატორი, დიზაინერი და Masholand-ის აღმომჩენი, რომელიც პარალელური სამყაროა, უამრავი ადგილით, პერსონაჟითა თუ მათი ისტორიებით სავსე. ბოლო ნახევარი წელია, აქტიურად ვარ ჩართული NFT სივრცეში, ხოლო დეკემბრიდან მოყოლებული ჩემს ახალ, პატარა გუნდთან ერთად, Mashoverse-ის პროექტს ვავითარებ. თუმცა, ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებ.
ბოლო დროს, დიდი დაინტერესება გაჩნდა NFT-ის მიმართ. NFT, იგივე Non-Fungable Token, კრიპტოვალუტაზე მიბმული ტექნოლოგიაა, რომელიც 2021 წელს მასობრივად გავრცელდა. მარტივად რომ ავხსნა, NFT ხელშეკრულებაზე დაფუძნებული, მონაცემების გაცვლის ტექნოლოგიაა.
მაგალითად, მე თუ ჩემი ციფრული ნახატი გავყიდე, ამ ნახატს მოყვება ხელშეკრულება, რომელშიც ყველაფერი გაწერილია: ვინ შექმნა NFT, რომელი პროექტის ნაწილია, რამდენად იშვიათი ნამუშევარია, ვინ შეიძინა, ამ ნახატის გამოყენების ვის და რა სახის უფლება აქვს, რამდენად გაიყიდა, ახლა რა ღირებულება აქვს, გადაყიდვის შემთხვევაში, ხელოვანს რამდენი % ერგება და სხვა. ცხადია, ყველას შეუძლია იმავე ნამუშევრის შენახვა და გადაზიარება, თუმცა ციფრულ სამყაროში სამუდამოდ, წარუშლელად აღიბეჭდება, თუ ვის ეკუთვნის მასზე ექსკლუზიური უფლება. გარდა ამისა, NFT შემქმნელები ცდილობენ, პროექტს დამატებითი სარგებელი მოუფიქრონ. მაგალითად, NFT-ის შეძენისას გაუგზავნონ მისი ორიგინალი, დაბრენდილი პროდუქცია, ან, აქტიური ციფრული საზოგადოების შემთხვევაში, სხვა პროექტების White List-ში მოახვედრონ, დამატებითი უფლებები მიანიჭონ, გაუკეთონ ფასდაკლებები, თამაში მიაბან პროექტს, სადაც ფულის გამომუშავების საშუალებას მისცემენ მფლობელებს და სხვა.
აქტიური და მოწესრიგებული პროექტის საზოგადოება (community) უზრუნველყოფს თითოეული კოლექციის წარმატებით ჩაშვებასა და შემდეგ თითოეულ ნამუშევარზე ფასის ზრდას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვთქვათ $100-ის ღირებულების NFT-ის ფასი, ძალიან მალე, შეიძლება $10.000 და მეტი გახდეს. ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული NFT-ის ქონა, ადამიანების პრესტიჟზეც ზეგავლენას ახდენს.
პირველად, NFT-ის შესახებ ზუსტად ერთი წლის წინ გავიგე, თუმცა შეზღუდული დროიდან გამომდინარე, ვერ ჩავერთე. მერე, ზაფხულის განმავლობაში ბევრი ადამიანი, ვინც ჩემს შემოქმედებას იცნობს, დამიკავშირდა და დაინტერესდა ამ მიმართულებით თუ ვაპირებდი Masholand-ის განვითარებას. აგვისტოში დავიწყე ამ სივრცის სიღრმისეული მოკვლევა და მივხვდი, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და სწორედ ის არის რისთვისაც ბოლო 5 წელი ვემზადებოდი. მეტი გამოცდილების მისაღებად, პარალელურად სხვა ადამიანებისთვის NFT ილუსტრაციების კეთებაც დავწყე, რაც ჩემი პროექტის შექმნაში ძალიან დამეხმარა.
NFT სამყაროში ჩასაბმელად ახლა ძალიან კარგი დროა. იმდენად ახალია, რომ შეგიძლია ძალიან მცირე დროში გათვითცნობიერდე და ჩაერთო. ჯერჯერობით, ეს სამყარო ნამდვილი „ჯუნგლებია“, სადაც „ექსპერტი არავინაა“. ყველა ყველასგან ვსწავლობთ და ერთად ვვითარდებით. სანამ NFT სივრცე დარეგულირდების ფაზაზეა, ბევრი საინტერესო, სწრაფი ძვრა და ცვლილება ხდება. არა მარტო შემოქმედებითი ადამიანებისთვისაა მიმზიდველი, არამედ მარკეტოლოგებისთვის, პროგრამისტებისთვის, მენეჯერებისთვის, ინვესტორებისთვის, სხვადასხვა ბრენდებისთვის თუ სხვა.
NFT სივრცეში უკვე უამრავი სხვადასხვა ტიპის პროექტია შექმნილი: შეზღუდულ ნამუშევრებიანი თუ პროგრამულად დაგენერირებული კოლექციები, კოლაბორაციები, თამაშები, მეტა სამყაროები და ა.შ. ყველა მათგანი გარკვეულ უნარსა და ცოდნას საჭიროებს:
მართალია, ხელოვანებს, რომლებიც უკვე ქმნიან ციფრულ ნამუშევრებს, შეუძლიათ უფასოდაც ატვირთონ და გაყიდონ თავისი შემოქმედება, მაგრამ თუ მათ ამ მიმართულებით განვითარების ინტერესი აქვთ, ამისთვის მეტი რესურსი დასჭირდებათ. ჩემი რამდენიმე რჩევა იქნება:
- აუცილებლად გააკეთონ ონლაინ კვლევა NFT-ზე, მასთან დაკავშირებულ ტერმინებზე და ნახონ, რა შექმნილა აქამდე (YouTube, TikTok, Twitter, Discord, Medium, Reddit, სტატიები, პოდკასტები თუ გადაცემები არაჩვეულებრივი გზებია იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოიძიო)
- გააქტიურდნენ სოც.მედიაში (განსაკუთრებით Twitter-ზე), შეუერთდნენ ხოლმე Twitter Space-ებს, თვალი ადევნონ სიახლეებს და გააზიარონ თავისი აზრები.
- რაც უფრო დიდია პროექტი, მით უფრო მეტ ადამიანურ, ფინანსურსა თუ დროის რესურსს საჭიროებს. პროექტის გარშემო საზოგადოების შექმნა, სტრატეგიის შემუშავება და გამუდმებული აქტიურობაც აუცილებელია. მოკლედ რომ ვთქვათ, იმისთვის, რომ პროექტი წარმატებული გახდეს, მის ბუღი უნდა დააყენო (Hype) და შემდეგ ყველა ის დაპირება შეასრულო, რომელსაც საზოგადოების წევრებს პირდებოდი.
NFT სივრცეში შებიჯების წუთებიდან დავიწყე ჩემი უკვე 9-წლიანი პროექტის Masholand ახალი, ციფრული განხრა Mashoverse. ეს პროექტი გააერთიანებს ყველა იმ პერსონაჟს, ადგილსა თუ ამბავს, რაც Masholand-ში ხდებოდა. ვმუშაობთ 6000-იან ქვაჭამიების პროექტზე, რომელიც კეთილი და მხიარული ქვაჭამიების (Stone Eater), პროგრამულად დაგენერირებული კოლექცია იქნება. პარალელურად ვქმნით ციფრულ თამაშს, რომელიც მოგვიანებით NFT კოლექციას მიებმევა. თუმცა, სანამ ამ პროექტს გავუშვებთ, სხვადასხვა სახის კოლაბორაციულ NFT პროექტებს ვაქვეყნებთ. დაახლოებით ერთი თვის წინ, ArtUp – Street Gallery-ის კურატორობით, პირველი, 13 NFT-იანი, მებაღე ქვაჭამიების ანიმირებული კოლექცია გამოვუშვით და ძალიან მალე, სხვა NFT შემქმნელის, PixelReviver-თან ერთად კოლაბორაციასაც დავდებთ.
მოკლედ რომ შევაჯამო, თუ ხარ აქტიური და ინტერესიანი ადამიანი, რომელსაც სიახლეების არ ეშინია, ვფიქრობ NFT სივრცე საუკეთესო მოვლენაა, რაც ბოლო ათწლეულებში გვინახავს. ამავდროულად, იმდენად დინამიური და არაპროგნოზირებადია, რისკიანიცაა. რთულია მის მომავალზე დანამდვილებით რაიმეს თქმა, თუმცა ძალიან საინტერო და მრავლისმომცველი სფეროა, სადაც თუ შეაბიჯე, შენს ცხოვრებაზე გავლენას აუცილებლად მოახდენს.
მაშო მარგიშვილის #აზრები
ფოტო: „კობი“