26
Dec
2019

მაშო სამადაშვილი – #პირველისამსახური

26 Dec 2019

ჩემი პირველი სამსახური გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი იყო. მაშინ 19 წლის ვიყავი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის პირველი კურსი ახალდამთავრებული მქონდა, როცა მუზეუმის დირექტორმა,  ლაშა ბაქრაძემ საგამოფენო-საგანმანათლებლო განყოფილებაში სამუშაოდ ამიყვანა. აგვისტო იყო, ძალიან ცხელოდა. ჩემი პირველი დავალება ერთი კარიკატურის პოვნა იყო, რომელსაც ლაშა გამოფენისთვის დიდხანს ეძებდა, მე მთელი თვე საჯარო ბიბლიოთეკაში XX საუკუნის დასაწყისის პერიოდიკის ფურცვლაში გავატარე და როცა უკვე ყველა იმედი გადაწურული მქონდა, ეს კარიკატურა ვიპოვე – აკაკი წერეთელი ბუშტებით ხელში. ალბათ, ბავშვობის შემდეგ არ მქონდა განცდილი ასეთი ეიფორია, გუდიაშვილის და თაბუკაშვილის ქუჩები 3 წუთში გავირბინე და მუზეუმში მივედი თუ არა, სულმოუთქმელად მივახარე ლაშას ჩემი წარმატების შესახებ. იცინოდა, ამოისუნთქე და ისე მომიყევიო, მაგრამ მე ამოსუნთქვაც არ მინდოდა.

მუზეუმში გამოფენების მოწყობა და წიგნების გამოსაცემად მომზადება მევალებოდა. ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი ვიყავი და ყველაფერს დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი: როგორ მუშაობდა სხვადასხვა განყოფილებები, ვეცნობოდი რა ინახებოდა მუზეუმის არქივში, ვკითხულობდი ქართველი მწერლების და პოეტების შესახებ, ძალიან მიყვარდა იქ ყოფნა, თუმცა ჩემთვის დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა ის, რაც ლაშა ბაქრაძემ მასწავლა და რაც უკვე 10 წელია, სხვადასხვა სამსახურებში ყოველდღიურად მახსოვს:

იყავი პერფექციონისტი!  – ეს არ იყო უბრალოდ დავალება, ეს იყო დამოკიდებულება საქმის მიმართ,  ლაშა თვითონ მუშაობდა ასე. ყოველდღიურად, საკუთარი მაგალითით მასწავლიდა, როგორ უნდა იკვლიო ამბავი ბოლომდე, დაინტერესდე და გადაამოწმო ყველა დეტალი, იყო თანმიმდევრული და არასდროს დაკარგო ცნობისმოყვარეობა, აღმოაჩინო რაღაც ახალი.

მართალია, ლიტერატურის მუზეუმში სულ ერთი წელი ვიმუშავე, მაგრამ  ვფიქრობ მთავარი ვისწავლე – ისეთი სიყვარულით უნდა მუშაობდე, რომ მიღწეული დიდი თუ პატარა შედეგისგან სიხარულით გული გიჩქარდებოდეს. მე დღემდე ასე ვარ.

მაშო სამადაშვილი – თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების მენეჯერი.

განხილვა