ტვიტერში ილონ მასკმა დიდი ამბები რომ დაატრიალა, ამას აღარც თქმა სჭირდება, თუმცა X-ის მფლობელი ჩვენ გაოცებას მაინც არ წყვეტს — პლატფორმაზე წვდომა იმ ჟურნალისტებს შეუზღუდა, რომლებიც საჯაროდ აკრიტიკებდნენ მას… მათ შორის არიან The Intercept-ის, Texas Observer-ის, MintPress News-ისა და TrueAnonPod-ის ჟურნალისტები. ამასთან, მიმების ექაუნთები, რომლებიც Tesla-ს CEO-ზე ხუმრობდნენ: @zei_squirrel და @theliamnissan.
„არ ვფიქრობ, რომ რაიმე ისეთი დავპოსტე, რის გამოც უნდა დავებლოკე, ბოლო თვეებში მხოლოდ რამდენიმე კრიტიკული მოსაზრება დავწერე X-ისა და ილონ მასკის შესახებ…“, — აცხადებს Texas Observer-ის ჟურნალისტი სტივენ მონაჩელი.
მსგავს განცხადებას ავრცელებს MintPress News-ის ჟურნალისტი ალან მაკლეოდი: „ყველანაირი გაფრთხილებისა და ახსნის გარეშე, ტვიტერმა ჩემი ანგარიში დროებით შეაჩერა, მითხრეს, რომ ელ.ფოსტა შემემოწმებინა, მაგრამ არაფერი იყო მოსული. არასდროს მქონია ასეთი შემთხვევა, ამიტომ, ვფიქრობ, მიზეზი პოლიტიკურია, თანაც მათი სამიზნე მემარცხენეების ანგარიშებიც იყო, რომელთა შორისაც Rob Rousseau და Ze_Squirrel არიან“.
ჟურნალისტების პროფილებზე შესვლისას მხოლოდ ფრაზა დაგხვდებათ, რომ მათი ანგარიშები პლატფორმის წესების დარღვევის გამოა შეჩერებული… მართალია, ასე ილონ მასკი კრიტიკასთან ბრძოლას ცდილობს, მაგრამ აშკარაა, თავისივე ქმედებებით უფრო და უფრო მწვავე კრიტიკის საგანი ხდება…