Massimo Dutti ესპანური ტანსაცმლის გიგანტური ბრენდია, რომელსაც ყველა კარგად იცნობს. თავისი იტალიური სახელწოდების გამო ის ხშირად იტალიური ბრენდი ჰგონიათ, თუმცა ეს ასე არ არის. ეს არის სავაჭრო ნიშანი, რომელიც Inditex Group-ს ეკუთვნის.
ბრენდს მოკრძალებული დასაწყისი ჰქონდა და ნელ-ნელა გლობალურად გაფართოვდა, ახლა მაღაზიები აქვს მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში. კერძოდ, 75 ქვეყანაშია წარმოდგენილი.
დაფუძნების ისტორია
პირველი მაღაზია 1985 წელს არმანდო ლასაუკამ გახსნა და კაცის ტანსაცმელს ყიდდა. მის კოლექციაში შედიოდა სპორტული ტანსაცმელი, კოსტიუმები, სვიტერები და ჰალსტუხები. იმ დროისთვის ის შედარებით ბიუჯეტურ პროდუქტს სთავაზობდა მომხმარებელს, ვიდრე მსგავსი ესთეტიკის მქონე კაცის ტანსაცმლის სხვა ბრენდები.
მისი აქციები 1991 წელს შეიძინა Inditex-მა. Inditex ძირითადად ფლობდა ევროპულ მოდის ბრენდებს, მათ შორის Zara, Pull and Bear, Bershka და Oysho. ამ შენაძენმა მნიშვნელოვანი შემობრუნება მოახდინა Massimo Dutti-ს ისტორიაში, რამაც ბრენდს მიაწოდა რესურსები და მხარდაჭერა, რომელიც საჭირო იყო მისი პროდუქციის ასორტიმენტისა და საერთაშორისო გაფართოებისთვის.
ახალი მფლობელობის პირობებში, Massimo Dutti დაიყო რამდენიმე კატეგორიად. 1995 წლიდან მან დაიწყო ქალთა ხაზის გამოშვებაც, რომელიც საზოგადოებამ საკმაოდ კარგად მიიღო და დაეხმარა, შეექმნა დახვეწილი და ელეგანტური ტანსაცმლის ბრენდის რეპუტაცია.
მომდევნო წლებში Massimo Dutti განაგრძობდა ზრდას, თავის პორტფოლიოში დაამატა ბავშვთა მოდა და შემოიტანა აქსესუარების სპექტრი, მათ შორის ფეხსაცმელი, ჩანთები და სუნამოები.
გლობალური გაფართოება
Inditex-ის მხარდაჭერით, Massimo Dutti-მ საერთაშორისო გაფართოების ამბიციური გეგმა დაისახა. ესპანეთის გარეთ ბრენდმა გახსნა მაღაზია პორტუგალიაში 1991 წელს და სწრაფად გაფართოვდა მთელ ევროპაში.
2000-იანი წლების დასაწყისისთვის Massimo Dutti უკვე დამკვიდრებული იყო ისეთ დიდ ბაზრებზე, როგორებიცაა: ამერიკა, აზია და ახლო აღმოსავლეთი.
დღეს Massimo Dutti-ს 700-ზე მეტი მაღაზია აქვს 75-ზე მეტ ქვეყანაში, რაც მას მართლაც გლობალურ მოდის ბრენდად აქცევს.
ბრენდის ფილოსოფია და დიზაინი
Massimo Dutti ცნობილია დახვეწილი ესთეტიკით, ხასიათდება სუფთა ხაზებით, ნეიტრალური ფერებითა და მაღალი ხარისხის მასალებით. მისი დიზაინის ფილოსოფია ხაზს უსვამს მუდმივ ელეგანტურობასა და ტენდენციურობას, მიმზიდველს მომხმარებლებისთვის, რომლებიც აფასებენ კლასიკურ სტილსა და გამძლე ხარისხს.
თითოეული კოლექცია საგულდაგულოდ არის დამუშავებული ამ ფილოსოფიის მიხედვით და გთავაზობთ ტანსაცმელს, რომელიც ადვილად შეიძლება ინტეგრირდეს ნებისმიერ გარდერობში.
სოციალური პასუხისმგებლობა
Massimo Dutti და Inditex დაარსების დღიდან დიდ ყურადღებას აქცევენ კორპორაციულ პასუხისმგებლობას. მათ გააცნობიერეს საზოგადოებისა და გარემოს მნიშვნელობა და ჩართული აქვთ ეს კომპონტენტი თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში. ბრენდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა დარწმუნდეს, რომ წვლილი შეაქვს უკეთესი საზოგადოების შექმნაში და თავისი ქმედებით არ აზიანებს, არ აბინძურებს გარემოს.
ხარისხისადმი მუდმივმა ყურადღებამ და სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებამ, ასევე მრავალფეროვანმა კოლექციამ შექმნა ბრენდი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საყვარელია მთელ მსოფლიოში.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი