in

Miami Ad School Tbilisi-ს სტუდენტების სწავლის საფასურის ნაწილს ქართული სააგენტოები დააფინანსებენ

ადგილობრივ სააგენტოებთან თანამშრომლობით, Miami Ad School Tbilisi-ს (MAST) 2 წლიანი პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები სტაჟირებას ქართულ სააგენტოებშიც გაივლიან, რომლებიც თავის მხრივ, მათი სწავლის საფასურის ნაწილსაც დაფარავენ.

ქართული სააგენტოების ჩამონათვალი, რომლებიც ინიციატივაში თავიანთი კეთილი ნებით ჩაერთნენ, შემდეგია: JWT Metro, WINDFOR’S Tbilisi, DDB Betterfly, watergunz, Leavingstone, Redberry.

მოგეხსენებათ, Miami Ad School-ის მთლიანი საერთაშორისო სასწავლო პროგრამის დამამთავრებელი ეტაპი სააგენტოებში სტაჟირებას გულისხმობს. სასწავლო პროცესი კვარტლებადაა დაყოფილი და მათგან მე-5, მე-6 და მე-7 კვარტალი სწორედ პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ეთმობა.

Miami Ad School Tbilisi-ს სტუდენტები პირველ 2 კვარტალს თბილისში, კახა ბენდუქიძის კამპუსში ისწავლიან, შემდეგ, მე-3 და მე-4 კვარტალში, სასწავლად Miami Ad School Europe-ში გაემგზავრებიან (ბერლინი ან ჰამბურგი). მე-5 და მე-6 კვარტალში, სტაჟირებას Miami Ad School Europe-ის საერთაშორისო პარტნიორ სააგენტოებთან შეძლებენ. მე-7 კვარტალში საქართველოში დაბრუნდებიან და პრაქტიკულ გამოცდილებას, ამჯერად, უკვე ადგილობრივ სააგენტოებში მიიღებენ.

როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, გარდა პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა, ქართული სააგენტოები სტუდენტებს ფინანსურადაც მხარს უჭერენ, უფრო ზუსტად, თუ სტუდენტი ზემოთ ჩამოთვლილი 6 სააგენტოდან რომელიმეში მოხვდა პრაქტიკებზე, მათ ამ 1 კვარტლის ღირებულებას – 1900 ევროს, სააგენტო დაუფინანსებს. ქართული სააგენტოების ეს ინიციატივა, Miami Ad School Tbilisi-ს საერთაშორისო პორტფოლიო პროგრამის სტუდენტებს დამატებით შანსს აძლევს, სწავლის საფასური მათთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

Miami Ad School-ში მოსახვედრად მთავარია, სრულწლოვანი იყო. როგორც Miami Ad School-ის წარმომადგენელი საქართველოში, გიორგი პოპიაშვილი მარკეტერთან საუბრისას აღნიშნავს: „ეს არაა სკოლა, სადაც მოხვედრა რთულია. თუმცა ჩვენი მხრივ, რა თქმა უნდა, დაინტერესებულები ვართ, რაც შეიძლება დიდი რესურსისა და პოტენციალის მქონე სტუდენტები მივიღოთ. პირველ ნაკადზე ვფიქრობთ, 12-ზე მეტი კანდიდატი არ შევარჩიოთ, რაც ნიშნავს, რომ Miami Ad School Tbilisi-ს 2 წლიან პროგრამაზე ადგილები შეზღუდულია“.

რაც შეეხება სააგენტოებთან სტაჟირებასა და დაფინანსებაზე შეთანხმებას, გიორგი პოპიაშვილი ამბობს, რომ ქართული სააგენტოების მხრიდან, ეს არის შემოქმედებითი სფეროს განვითარების კუთხით ჩადებული ძალიან დიდი რესურსი.

განცხადებების მიღების ვადა 31 აგვისტომდეა, რასაც სექტემბერში ინტერვიუები მოჰყვება და უკვე ოქტომბრიდან, Miami Ad School Tbilisi კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში პირველ სტუდენტებს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ, 2019 წლის სექტემბერში ვვარაუდობდით, რომ თბილისში საერთაშორისო კრეატიული ინდუსტრიის ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლებელი, Miami Ad School შემოდიოდა. 2020 წლის 15 მაისს კი, დაანონსდა, რომ Maiami Ad School Tbilisi (MAST) და თავისუფალი უნივერსიტეტი – Free University, TBC – თიბისისთან პარტნიორობით, არტ-დაირექშენსა და ქოფირაითინგში საერთაშორისო პროგრამებს იწყებდნენ.

პროექტი, რომელიც მაყურებლებს მონატრებულ სპექტაკლებს ღია ცის ქვეშ სთავაზობს – “100 სკამი ცის ქვეშ”

3 სპექტაკლი, რომელიც ვაკის პარკის ღია კინოთეატრში უნდა ნახო – 14-16 ივლისი