ფეისბუკის კრიპტოვალუტა Libra-ს ასოციაციაში, ივნისისთვის, ანუ მაშინ, როცა სოციალურმა ქსელმა ოფიციალურად წარადგინა საკუთარი კრიპტოვალუტა, 27 ორგანიზაცია იყო გაწევრიანებული. ასოციაციის წევრებს, რომლებიც მსოფლიოს უდიდესი კომპანიები არიან, ლიბრასთვის, ასე ვთქვათ, ზურგი უნდა გაემაგრებინათ და მისი სტაბილურობის, სანდოობისა თუ მოსახერხებლობის გარანტორები უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა, ბოლო დროს, წევრების მხრიდან ასოციაციიდან გასვლის ტენდენცია შეიმჩნევა. ისეთი გადახდების გიგანტები, როგორიცაა Mastercard, Stripe, Visa, ასევე, ლათინური ამერიკის ქვეყნებში მოქმედი საგადასახადო სისტემა Mercado Pago ტოვებენ ლიბრას ასოციაციას. მათ გადაწყვეტილებას კი წინ უძღოდა PayPal-ის გასვლა ლიბრადან. პროექტს ტოვებს eBay-ც.
დიდი ალბათობით, ის, რის გამოც, უკანასკნელ დღეებში, ლიბრას ასოციაცია 27-დან 21 წევრამდე შემცირდა, ამერიკელი რეგულატორების მიერ გატარებული პოლიტიკაა და სავარაუდოდ, უნდა ველოდოთ, რომ ლიბრას დატოვების ტენდენციას კიდევ რამდენიმე მსხვილი კომპანია გაამყარებს…
ლიბრა, ისევე, როგორც ნებისმიერი ტიპის კრიპტოვალუტა, არის იდეოლოგიური ბრძოლის პროდუქტი, ფულზე სახელმწიფოს მონოპოლიის წინააღმდეგ და სავარაუდოც იყო, რომ კორპორაციის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯების მომსწრენი გავხდებოდით. რეგულაციები, რომელიც ლიბრას მისამართით აქტიურია, უამრავ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, კორპორაციას ფულის გათეთრების რისკის გამო ზღუდავენ. ლიბრას, როგორც კორპორაციის მხრიდან კერძო ფულის წარმოქმნის მცდელობისა და შესაძლო რეგულაციების შესახებ სტატია ცოტა ხნის წინ გამოვაქვეყნეთ და მას შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე გაეცნოთ.
ფეისბუკის CEO – მარკ ზაკერბერგი, 23 ოქტომბერს, აშშ-ს ფინანსური სერვისების კომიტეტის წინაშე წარსდგება და მათთან ერთად, ლიბრასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.