გლობალური ფინანსური სისტემა რუსეთის ეკონომიკისთვის შეზღუდვების დაწესებას განაგრძობს. ამის მიზანი კი უკრაინის დახმარებაა. სანქციებს საკრედიტო ბარათების კომპანიები Visa და Mastercard-იც შეუერთდნენ, ისინი ზოგიერთ რუსულ ბანკს საკუთარ ქსელში ბლოკავენ. ცხადია, ეს შეზღუდვა ყოველდღიურად შეაწუხებს რუსებს, განსაკუთრებით კი საშუალო ფენას, რომ აღარაფერი ვთქვათ ქვეყნის ოლიგარქებზე…
“სანქციების შედეგად, რამდენიმე ფინანსური დაწესებულება დავბლოკეთ Mastercard-ის გადახდის ქსელიდან. მარეგულირებლებთან მუშაობას კი მომდევნო დღეებშიც გავაგრძელებთ”, — განაცხადეს Mastercard-ის წარმომადგენლებმა.
რუსეთის მოსახლეობას საკრედიტო ბარათების არქონა უკვე აწუხებს… სოციალურ ქსელში გავრცელდა მოსკოვის მეტროში გადაღებული ფოტო, სადაც ადამიანებს რიგში დგომა უწევთ, ისინი ბარათით სწრაფად ვეღარ იხდიან და შეფერხებული პროცესი რიგებზე აისახება. ეს ყველაფერი კი მაშინ მოხდა, როცა დასავლეთმა რუსეთის მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოებიდან — SWIFT გათიშვაზე დაიწყო საუბარი.
“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის ტრაგიკულ სცენებს ღრმა მწუხარებით ვუყურებდით, ჩვენ იმ უამრავი ოჯახის გვერდით ვართ, რომელთაც უკრაინაში მშვიდობა და უსაფრთხოება სურთ”, — ვკითხულობთ Visa-ს განცხადებაში.












