Mastercard ბარათების დამუშავების ერთ-ერთი გიგანტია, რომელიც მომხმარებელსა და სავაჭრო ობიექტს შორის ფულის გადარიცხვაში ეხმარება. ეს შეიძლება მოხდეს თავად მასტერქარდის ბარათით, ონლაინ ან მობილური ტელეფონით. ტექნოლოგიების დახვეწასთან ერთად, მასტერქარდიც მეტ სიახლეს სთავაზობს ადამიანებს გადახდების გასაადვილებლად.
ისეთი კომპანიის ისტორიის შესწავლა, როგორიც არის Mastercard, გვეხმარება ბიზნესისა და ინვესტიციების მუშაობის გარკვევაში. ისტორია ხშირად მომავალს აყალიბებს, რადგან ფონის გაგება შესაძლო მომავლის განსაზღვრაში გვეხმარება. გადავხედოთ მასტერქარდის ისტორიას და ვნახოთ, როგორ გადავიდა ქაღალდის ფული პლასტიკურზე.
საკრედიტო ბარათები
სანამ უშუალოდ მასტერქარდის განვითარების გზას შევისწავლით, ზოგადად, საკრედიტო ბარათების მნიშვნელობის შესახებ ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. ბოლო 70 წლის განმავლობაში უზარმაზარმა კონკურენციამ და ინოვაციამ ბარათების ინდუსტრია წინ წასწია. ისინი გასულ საუკუნეში, დაახლოებით 50-60-იან წლებში აშშ-ში გამოჩნდა და იმდენად დიდ ინოვაციად გამოცხადდა, რომ რამდენიმე წელიწადში უამრავი ასეთი ბარათი გამოჩნდა, თუმცა ლიდერობა მხოლოდ რჩეულებს ერგოთ.
ახალი მოთამაშე
მაღალი კონკურენციის პირობებში, სადაც ახლად გამოჩენილი გადახდის სისტემის დამკვიდრებას რამდენიმე დიდი კომპანია ცდილობდა, ასპარეზზე ახალი მოთამაშე, Interbank, 1966 წელს გამოვიდა. ეს იყო რამდენიმე რეგიონალური საბანკო ბარათის ასოციაციების ალიანსი. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბანკების უმეტესობამ აირჩია ძალების გაერთიანება, იყო ის, რომ იმ დროს 16 შტატმა შეზღუდა ბანკების ფუნქციონირება ფილიალების მეშვეობით და მოითხოვა უნივერსალური მომსახურება. ეს აზარალებდა ბანკებს, მაგრამ თუ გამოჩნდებოდა ახალი სისტემა, როგორიცაა საკრედიტო ბარათები, ის შეძლებდა დიდ მასშტაბზე გასვლას ისე, რომ მომხმარებლებსაც არ მოუწევდათ სხვადასხვა ოფისში სირბილი. ეს ასევე იძლეოდა საშუალებას, რომ ბანკებს გაეერთიანებინათ კლიენტების ბაზები და სავაჭრო ქსელები, რაც ორივე მხარისთვის კომფორტული იქნებოდა.
რებრენდინგი და სვლა დიდი მიზნებისკენ
1979 წელს ბარათს სახელი გადაერქვა და MasterCard ეწოდა. კომპანიის ჩამოყალიბება წარმატებით მიმდინარეობდა. 1988 წელს მან შეიძინა Cirrus, უმსხვილესი ბანკომატის ქსელი მსოფლიოში. ამით მასტერქარდმა გაამყარა თავისი პოზიციები საბარათე სისტემებში. დაახლოებით ორ წელიწადში მან BritishAccess-ის ბარათებიც შეისყიდა.
1991 წელს MasterCard-მა განაგრძო ზრდა Europay International-თან პარტნიორობით, რათა შემოეტანა Maestro, გლობალური POS სადებეტო ქსელი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ თავიანთი სადებეტო ბარათები ნაღდი ფულის მაგივრად.
2000-იანები
2006 წელს MasterCard International-მა სახელი შეიცვალა და MasterCard Worldwide-ად გადაკეთდა. ეს იმისთვის მოხდა, რომ ოპერაციების უფრო გლობალური მასშტაბი შეეთავაზებინა მომხმარებლისთვის. გარდა ამისა, კომპანიამ წარმოადგინა ახალი კორპორაციული ლოგო და სლოგანი – “The Heart of Commerce”.
იმავე წელს მასტერქარდი New York-ის საფონდო ბირჟაზე გამოჩნდა.
როგორ შოულობს ფულს მასტერქარდი
კომპანიის შემოსავლის წყარო ძირითადად საკომისიოებია, რომლებსაც ის თავის კლიენტებს აკისრებს. ესენი არიან: ბანკები, სავაჭრო ობიექტები და ფინანსური ინსტიტუტები. საკომისიოს ზუსტი სტრუქტურა შეიძლება განსხვავდებოდეს ფაქტორების მიხედვით, როგორიცაა გამოყენებული ბარათის ტიპი, ტრანზაქციის მდებარეობა და ტრანზაქციის ზომა.
Mastercard ასევე გამოიმუშავებს შემოსავალს სხვა სერვისებიდან, როგორიცაა კონსულტაცია, ტრენინგი და მარკეტინგული მხარდაჭერა. ეს სერვისები შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმარონ ბანკებს და სავაჭრო ობიექტებს Mastercard-ით გადახდისას გადაწყვეტილებების ოპტიმიზაციაში და მათი ბიზნესის ზრდის სტიმულირებისთვის. ამ სერვისების საფასური შეიძლება განსხვავდებოდეს ჩართულობის მოცულობისა და მომხმარებლის სპეციფიკური საჭიროებების მიხედვით.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი