30
Jul
2019

როგორ იქცა “მასტერშეფი” ქართველი გურმანების კულინარიულ ტრამპლინად

30 Jul 2019

“მასტერშეფის” გამარჯვებული ცნობილია. კულინარიული შოუს პირველი სეზონის რჩეული ია ძაგანია გახდა. 20 წლის ია ძაგანია შოუმდე საკუთარი კულინარიული სტარტაპის მართვით იყო დაკავებული. სტარტაპი “ამოჭამე” წიწაკის, ხახვისა და სხვა პიკანტური გემოების მურაბებს ამზადებს და არც ექსპერიმენტებს ერიდება. შოუში იამ ჟიური, თავდაპირველად, ხბოს შებოლილი ღვიძლის პაშტეტითა და ფინიკის პიურეთი მოხიბლა. შემდეგ კი, კულინარიულ შერკინებაში გადაეშვა, შოუს სხვა ფინალისტებთან ერთად. როგორც თავად ამობს, “მასტერშეფის” საშუალებით, სურდა საკუთარი შესაძლებლობები უკეთ დაენახა.

ია ძაგანია: “მასტერშეფის უცხოური ანალოგის თითქმის ყველა სეზონი ნანახი მაქვს და როცა გავიგე, საქართველოში იწყებოდა, არც მიფიქრია, ისე გადავწყვიტე მონაწილეობა. მაინტერესებდა ჩემი შესაძლებლობები. ფინალის დროს, ძალიან ვინერვიულე, მეორე კერძის ერთი თეფში დამეშალა. ამას დაერთო დესერტი, რომლის გაკეთებაც ფინალამდე წინა დღეს გადავწყვიტე. აზოტი პირველად გამოვიყენე კულინარიაში…

ჯერ ვერ ვაცნობიერებ, რა ხდება, იმდენად მალე გავიდა ჩემთვის ეს პერიოდი, ალბათ მეტ ყურადღებას ვგრძნობ ხალხის მხრიდან, ეს შეიცვალა, ახლა ძირითად დროს მე და თინა რესტორანს ვუთმობთ და მალე ვაპირებთ გახსნას, მასტერშეფის შემდეგ დავრწმუნდი, რომ სწორი პროფესია ავირჩიე. 

ეს დიდი პასუხისმგებლობაა, ჩემთვის ეს იქნება უდიდესი სტიმული, რომ ქართული კულინარიის განვითარებაში რაღაც წვლილი შევიტანო, ძალიან მინდა უცხოეთში კულინარიის კურსები გავიარო და შემდეგ ჩემი რესურსი ქართულ სამზარეულოს მოვახმარო.”

“მასტერშეფი” – ყველაზე რეიტინგული კულინარიული შოუ ქართულ ტელესივრცეში?

წლებია, ქართულ ტელესივრცეში გასული გადაცემები უმაღლეს სარეიტინგო მაჩვენებლებს ორ ტელეარხზე ქმნიან ხოლმე. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე, სადაც დაახლოებით ოცდაათი ახალი შოუა შექმნილი, “მასტერშეფმა” შეძლო მაყურებლის ყურადღების მიპყრობა, უამრავი გულშემატკივარიც შეიძინა და ორგანიზატორების თქმით, ყველაზე ყურებად შოუდაც იქცა. აღსანიშნავია შოუს რეიტინგი სოციალურ ქსელში. კონტენტს, 55 მლნ-ზე მეტი ნახვა დაუგროვდა. პროექტი საპილოტე იყო, ამის მიუხედავად, პირველსავე სეზონში, სამი თვის განმავლობაში, 150 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა. ფინალს, ფეისბუკის საშუალებით, 94 000-მა ადამიანმა უყურა. ფინალთან დაკავშირებით, საპილოტედ შეიქმნა YouTube არხიც. პირველი სეზონის ბოლო გადაცემას, ლაივ რეჟიმში, 26 000-მა ადამიანმა უყურა, მათგან 12 000-მა ფეისბუკზე, 14 000-მა კი YouTube-ზე. ამ მონაცემების, მაყურებელთა უკუკავშირის საფუძველზე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ “მასტერშეფის” პირველი სეზონი შედგა. აღსანიშნავია, რომ მომდევნო სეზონზე ყველა ეპიზოდის პირდაპირ ეთერში ნახვა იქნება შესაძლებელი როგორც Facebook-ზე, ისე YouTube-ზე.

შოუს ისტორია

“მასტერშეფი” მსოფლიო სატელევიზიო შოუებში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს. დღესდღეობით, შოუ დიდი ბრიტანეთიდან დაიწყო, 1999 წელს. შემდეგ, ფორმატი ეტაპობრივად შეიცვალა, ფრანჩაიზინგი საერთაშორისო მასშტებებზე გავიდა, ზრდასრული კულინარების გარდა, შოუ ცნობილი ადამიანებისთვის, პროფესიონალებისთვის და მოზარდებისთვისაც მოეწყო. 

“მასტერშეფის” გამარჯვებულები, დღეს, ფლობენ თავიანთ სარესტორნო ბიზნესებს, მსოფლიოს გარშემო. შოუ არაერთი ადამიანისთვის გახდა სერიოზული ნახტომი კულინარიულ კარიერაში. “მასტერშეფი” სერიოზული სამომავლო ნაბიჯების პერსპექტივაა ქართველი მონაწილეებისთვისაც. მაგალითად, ია ძაგანია ამ პროფესიის კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვითარებაზე იზრუნებს, სტარტაპის გარდა, გეგმავს საკუთარი რესტორნის გახსნასაც. მანჯის ქათმის ფრთების კერძები კი, ცოტა ხნის წინ, Wolt-ზე დაემატა.

როგორ მოხვდა A კლასის შოუ საქართველოში

შოუს ბრენდის მფლობელია ჰოლანდიური კომპანია Endemol Shine, რომელიც სატელევიზიო პროდუქციის ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეა. მის ტელეშოუებს შორისაა The Voice, Big Brother, Black Mirror… 

საქართველოში კულინარიული შოუების ლიდერი “მასტერშეფი” Nova Productions-მა შემოიტანა. “ნოვა ფროდაქშენსს” ქართულ სატელევიზიო სივრცეში ისეთი პროექტები აქვს განხორციელებული, როგორებიცაა “ვის უნდა 20 000”, “ვარსკვლავების აკადემია”, “ვა ბანკი”, “ნიჭიერი”, “ექიმები”, “იქს ფაქტორი”, “საქართველოს ვარსკვლავი”. ახალმა კულინარიულმა ტელეშოუმ ადგილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბადეში დაიკავა:

“ყოველთვის ვცდილობთ, საქართველოში საუკეთესო, A კლასის ბრენდი შემოვიტანოთ. შეიძლება ითქვას, რომ “მასტერშეფი” კულინარიული ფორმატების მეფეა. თუ გინდა, რომ ამ ჟანრის ტელეშოუ დანერგო, უნდა შემოიტანო საუკეთესო ბრენდი. “მასტერშეფის” სახით, ვიცოდით, რომ ვიწყებდით საუკეთესო ფორმატით. არცერთ ასპექტში არ წავედით კომპრომისზე. ასე რომ, ესაა ახალი უმაღლესი სტანდარტი ბაზარზე და ნებისმიერ სხვა კულინარიულ შოუს მოუწევს ამ სტანდარტზე აწყობა…”

ქართული ხელწერა

ფრანჩაიზინგის ყიდვით, “ნოვა ფროდაქშენსი” დათანხმდა, შეენარჩუნებინა საბაზო კონცეფცია: ლოგო, ფერთა გამა, მონაწილეთა შერჩევის ფორმა და თანმიმდევრობა. ადგილობრივ ბაზარზე მოსარგებად, ორგანიზატორებმა “მასტერშეფს” ქართული სპეციფიკა შემატეს. მაგალითად, თუკი ამერიკულ-ავსტრალიურ ვერსიაში ერთი შეფი დომინირებს, ქართულ “მასტერშეფში” სამი ჟიურის წევრი გამოჩნდა, თანაბარი უფლებამოსილებით. ჟიურის წევრები წარმატებით გაუმკლავდნენ დიდ გამოწვევას, ზუსტად გადმოეცათ კერძების გემო. საბოლოო ჯამში, ქართულმა “მასტერშეფმა” მაყურებელს შესთავაზა რეალითი შოუც, ტალანტ შოუც და კულინარიული შერკინებაც.

ჟიური

ქართული “მასტერშეფი” ჟიურის სამი წევრისგანაა დაკომპლექტებული. ისინი კულინარიის წამყვან პროფესიონალებს შორის არიან. ლუკა ნაჭყებია სურსათის ტექნოლოგი და ლექტორია. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, მისი კონსულტაციით 25-ზე მეტი კვების ობიექტი ამუშავდა. ლევან კობიაშვილი საქართველოს კულინარიული ფედერაციის პრეზიდენტი და მოლეკულური გასტრონომიის სპეციალისტია, სარესტორნო სფეროში 26 წლიანი გამოცდილებით. ხოლო, კონცეპტ სივრცეებით განთქმული კონსტანტინე თელედური, 2018 წელს, Gault&Millau-ს “ახალგაზრდა ტალანტი” გახდა.

საკომუნიკაციო არხები

სატელევიზიო შოუ აქტიურად შუქდებოდა სოციალური ქსელის საშუალებით. საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი ფეისბუკია და შესაბამისად, ძალისხმევაც სწორედ ამ პლატფორმისკენ იყო მიმართული. სპეციალურად ფეისბუკ მომხმარებლებისთვის, იქმნებოდა ფოტო-ვიდეო კონტენტი, მიმები, ინტერაქტიული პოსტები, რათა შოუსთვის მათაც ედევნებინათ თვალი, ვინც “მასტერშეფს” არ უყურებდა. ამგვარად, შეიქმნა ერთგვარი კომუნა, რომელმაც გააერთიანა კულინარიის მოყვარულები. უკუკავშირის სახით, ფეისბუკ მომხმარებლებმაც დაიწყეს კულინარიული ვიდეოების გადაღება, მიმების შექმნა და ჟიურის ფრაზებით საუბარი.

საპრიზო ფონდი

“მასტერშეფის” სპონსორობის სურვილი არაერთმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ბრენდმა გამოთქვა. მათ შორისაა შოუს გენერალური სპონსორი “m2 – უძრავი ქონება”, რომელიც ახალ განზომილებას სთავაზობს მომხმარებელს, m3-ის სახით. მასტერშეფის პირველ გამარჯვებულს ახალ განზომილებაში, ულტრათანამედროვე მრავალფუნქციურ სივრცეში გადაეცა ბინა, სრულად გარემონტებული, სამზარეულოთი და ტექნიკით. 

ღირებულებები

თუმცა, შოუს მთავარი მონაპოვარი მაინც ღირებულებებია. ქვეყანაში, რომელსაც აქვს მდიდარი სამზარეულო, სადაც თითქმის ყოველ ოჯახში კეთდება გემრიელი კერძი, კულინარიული შოუ იდგა გამოწვევის წინაშე – როგორ წარმოეჩინა ქართული სამზარეულო მისი ტრადიციული ღირებულებებითა და თანამედროვე პერსპექტივით. შოუმ შესაძლებლობა მისცა ორგანიზატორებს, ჟიურის წევრებსა და მონაწილეებს, მაყურებლისთვის სულ სხვა რაკურსით დაენახებინათ ქართული კულინარია. ასევე, “მასტერშეფმა” შექმნა გურმანთა ერთგვარი კომუნა, სადაც კულინარიის მოყვარულებს ერთმანეთთან შთაბეჭდილებების გაცვლა შეეძლებოდათ. როგორც შოუს ორგანიზატორები ამბობენ, შოუს ერთ-ერთი მონაპოვარია ისიც, რომ მისი მიმდინარეობისას არ იგრძნობოდა კონკურენცია, მონაწილეები ერთ გუნდად იყვნენ გაერთიანებულები, ერთმანეთს გულშემატკივრობდნენ და გამოცდილებას უზიარებდნენ.

“მაყურებელს ვაჩვენეთ, რომ ჩვენი ნებისმიერი პროექტი, მუსიკალურით დაწყებული, კულინარიით დამთავრებული, ხარისხზეა ორიენტირებული. შესაბამისად, ჩვენმა ჟიურიმაც თავიდანვე ხარისხის ძიება დაიწყო მონაწილეებში და აჩვენა, რომ ნებისმიერ საქმეს უნდა მიუდგე პროფესიონალურად. მეორე მხრივ, შევძელით წარმოგვეჩინა ქართული სამზარეულო მთელი თავისი ხიბლით. ვაჩვენეთ, რომ ქართულ სამზარეულოს სჭირდება დაუფლება, სწავლა, რომ შეძლო მისი მთელი მსოფლიოსთვის ღირსეულად გაცნობა.

მეორე მხრივ, შოუში მონაწილეობის მიღებად მოსულ ახალგაზრდებში დავინახეთ დიდი მონდომება, პოტენციალი და ხედვა, რომ კულინარიის მიმართულებით ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ,” – ამბობს პროექტის აღმასრულებელი პროდუსერი გიორგი ხაბურძანია.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

 

პარტნიორის კონტენტი

განხილვა