in

„ჩვენ კულინარიული შოუს სტანდარტი შევცვალეთ“ – „მასტერშეფი“ ბრუნდება

პირველ არხზე, მარტიდან, „მასტერშეფის“ მესამე სეზონი იწყება. შოუს ბრენდის მფლობელია ჰოლანდიური კომპანია Endemol Shine [The Voice-ის, Big Brother-ის, Black Mirror-ის შემქმნელები]. კულინარიულ შოუს, საქართველოში, ისევ Nova Production წარმოგვიდგენს. როგორი იყო მეორე სეზონი და რა სიახლეებს უნდა ელოდოს მაყურებელი? „მარკეტერი“ გადაცემის პროდიუსერებს გიორგი ხაბურზანიას და დემნა ჯაფარიძეს ესაუბრა.

გიორგი ხაბურზანია: „მასტერშეფის“ პირველმა სეზონმა, საქართველოში, კულინარიული შოუს თამაშის წესები შეცვალა და ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. ამიტომ, მეორე სეზონში ძალიან რთული იყო, ამ სტანდარტის ახალ სიმაღლეზე აყვანა. ზოგადად, მეორე სეზონი, მინიმუმ, არ უნდა ჩამოუვარდებოდეს პირველს. ამიტომ ცოტა შიშის მომენტიც არსებობდა – ყველას დიდი მოლოდინი გვქონდა: ჩვენც, მაყურებელსაც, ჩვენს პარტნიორებს, სპონსორებს და რა თქმა უნდა, პირველ არხს, რომლისთვისაც ეს პროექტი, გასართობი შოუების მიმართულებით, ფლაგმანი აღმოჩნდა. ძალიან გააზრებულად, დიდი დაგეგმვისა და ბევრი შრომის შემდეგ გავიდა მეორე სეზონი, რომელმაც კიდევ უკეთესი შედეგი დადო, როგრც სატელევიზიო, ისე სოციალურ ქსელში. სატელევიზიო შოუებიდან ასეთი დიდი „ინგეიჯმენტი“ არც ერთ სხვა შოუს არ ჰქონდა ამ სეზონზე.

დემნა ჯაფარიძე:  წლებია, რატომღაც, კვირა პოლიტიკური დღეა და სწორედ კვირას დაჯდა „მასტერშეფი“. თანაც, ამ პერიოდში, გამუდმებით Braking News-ები იყო. ყველაფრის მიუხედავად, სატელევიზიო რეიტინგებით, პირველი არხი, პროექტის მიმდინარეობისას, სამეულში იყო. ერთი კვირის განმავლობაში კი – პირველ ადგილზე. ეს, დიდწილად, „მასტერშეფის“ დამსახურებაა და ჩვენთვის ძალიან საამაყოა. ასეთი პრეცედენტი ქმნის საფუძველს, რომ მომავალი კიდევ უფრო საინტერესო ჰქონდეს არხს. ვინც მსგავსი ფორმატის პროექტს აკეთებს – თავად ქმნის თუ ყიდულობს – არავის ვეჯიბრებით. ეს თემა [კულინარიული შოუ] საქართველოში ძალიან პოპულარულია.

„მასტერშეფის“ პირველი სეზონი

ელოდით ასეთ წარმატებას?

დემნა: „მასტერშეფს“ ძალიან მრავალფეროვანი მაყურებელი ჰყავს და ეს ძალიან გვიხარია. მეორე სეზონი პირველზე უკეთესი გამოვიდა. შეიძლება, პირველ სეზონში რაღაცები ჯობდა. მაგრამ კონტეტნტის ნაწილში, მეორე სეზონში არსებითად წინ წავიწიეთ. ჩვენ უბრალოდ ვიცოდით, რომ სწორად მივდიოდით – შევარჩიეთ, გავაკეთეთ სწორი პროდიუსინგი და რეჟისურა. ვიცოდით, რომ უნდა გვყოლოდა კარგი ჟიური და გუნდი. ასევე – მნიშვნელოვანი იქნებოდა გადაცემის თემატურად სწორი დალაგება. რაღაც მომენტში, სარისკო გადაწყვეტილებებიც მივიღეთ. მაგრამ იმდენად მაგარი პროექტია და უკვე ნაცადი ფორმატი, ჩვენ ველოსიპედი არ გამოგვიგონებია, ვიცოდით, რომ „იმუშავებდა“.

როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე მიაღწიეთ ასეთ შედეგს?

გიორგი: თავიდანვე ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით – კულინარიული შოუები უკვე არსებობდა სხვადასხვა არხებზე, თუმცა, ასეთი რეიტინგი არც ერთს არ ჰქონია. დარწმუნებულები ვიყავით ამ ფორმატის წარმატებაში, რადგან ის მთელს მსოფლიოში „მუშაობს“. მაგრამ სადღაც გვეშინოდა, მსგავსმა პროექტებმა რომ არ გაამართლეს საქართველოში, ჩვენს შემთხვევაშიც ასე არ მომხდარიყო. ერთგვარი „ჩელენჯი“ იყო გადაცემის პირველ არხზე გასვლაც. იმ არხებს, სადაც მანამდე მსგავსი გადაცემები გადიოდა, ყოველთვის მეტი რეიტინგი ჰქონდა საწყის პოზიციაზე და სეზონები მაინც ჩავარდა. მაგრამ როგორც ვნახეთ, ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი პირიქით მოხდა. პირველ რიგში, ასეთი წარმატება ფორმატის დამსახურებაა. კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც ჩემი აზრით, შესრულებაა. შემდეგ არის კონტენტი, მის შექმნაში დიდი შრომა ჩაიდო და ეს ყოველთვის ფასდება. მესამე – ძალიან კარგი ჟიური. მგონია, რომ რაც კი ოდესმე სატელევიზიო შოუში ჟიური ყოფილა, ეს საუკეთესო კომბინაციაა. შესაძლოა, ვიღაცას მეტად მოსწონს, ვიღაცას ნაკლებად, მაგრამ მათ კომპეტენციაში და შეფასებაში ეჭვი არავის შეუტანია. ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს შემადგენლობა უნდა იყოს ყველა მომდევნო სეზონზე. წარმატების კიდევ ერთი კომპონენტი კასტინგი და კონკურსანტები არიან. სწორედ ისინი განაპირობებენ, მეტწილად, სეზონის ავ-კარგიანობას. იმის მიუხედავად, მთავარი თემა კულინარიაა – რომელიღაც კერძი კარგი გამოდის, რომელიღაც – არა, საბოლოო ჯამში, მაყურებელი, მაინც კონკრეტულ კონკურსანტს გულშემატკივრობს, ეს კი თავის აზარტს მატებს შოუს.

„მასტერშეფის“ მეორე სეზონი

დემნა: მადლობა მინდა ვუთხრა, პირველ არხს – თიკო ბერძენიშვილს და მთლიანად ბორდს, რომ იყიდეს ეს ფორმატი და თავიდანვე ჩაგვრთეს ჩვენც. მის ადაპტაციაშიც აქტიურად ვმონაწილეობდით. Copy-paste-თ ამ ფორმატის გადმოღება შეუძლებელია. ფაქტობრივად, გადაცემა ჩავარდნილი არც ერთ ქვეყანაში არ არის. ეს თავიდანვე იძლევა საფუძველს, რომ შენთანაც რაღაც ბაზისი ექნება. მაგრამ ასეთი პოპულარობა, ძალიან დიდი ხანია არც ერთ შოუს არ ჰქონია. როგორც ჩანს, ჩვენში ზის კულინარიის მიმართ ინტერესი, მრავალფეროვანი სუფრა გვაქვს, სხვადასხვა კუთხეები ეჯიბრებიან ერთმანეთს. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ჟიურიზე. ისინი ძალიან კომპეტენტურები და პროფესიონალები არიან. ყველას თავისი მიმართულება აქვს და საბოლოოდ ერთმანეთს ავსებენ. არ ქმნიან ზედმეტ გაუგებრობებს. არიან  სამართლიანები, მომთხოვნები და კეთილები. მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო სეზონზე, რეიტინგი, კიდევ უფრო გაიზრდება.

„მასტერშეფის“ ჟიური

მასტერშეფისმესამე სეზონი როდის იწყება?

გიორგი: მესამე სეზონს მარტიდან ვიწყებთ. ახლა მიმდინარეობს შერჩევის აქტიური პროცესი. გვაქვს პრე-კასტინგი. ყველა მსურველი მოდის, ვხდებით. შემდეგ კი, მათ შორის შევარჩევთ შოუს სატელევიზიო ნაწილის მონაწილეებს.

რა სიახლეებს შესთავაზებთ მაყურებელს მესამე სეზონზე?

გიორგი: სიახლე ის გვაქვს, რომ გავაუმჯობესეთ კულინარიული მიმართულების პროდიუსინგი. პირველ ორ სეზონში გვყავდა კონსულტანტი. დავალებებს ვათანხმებდით ჟიურისთანაც. მესამე სეზონიდან კი ჩვენი კონსულტანტი შოუს კულინარიული მიმართულების პროდიუსერი გახდება და უფრო მეტად იქნება ჩართული. როცა მესამე და მეოთხე სეზონს აკეთებ, იგივე დავალებებს ვერ გამოიყენებ. რაღაც უნდა გაართულო, რაღაც პირიქით – გაამარტივო. ამისთვის მუდმივი შრომაა საჭირო. სწორედ ამის ხარჯზე გამოდის კარგი პროდუქტი.

„მასტერშეფის” პირველი სეზონის გამარჯვებული ია ძაგანია

კიდევ რა იქნება განსხვავებული?

დემნა: არსებითად შევცვლით დამოკიდებულებას კონკურსანტებთან, ასევე კასტინგის პრინციპს. რაც ჩვენი შოუ გადის, ბევრმა დიასახლისმა დაიწყო სუფრის მორთვა, გაფორმება, რაღაცნაირად, ტრენდული გახდა. ამას უკუკავშირისას ხშირად გვეუბნებიან. მესამე სეზონში გვინდა, რომ მაყურებლისთვის კიდევ უფრო გასაგები გახდეს, რას ნიშნავს კულინარიის ტექნიკური მხარე და რას ნიშნავს შემოქმედება. დავალებები, ამ მიმართულებით, კიდევ უფრო საინტერესო იქნება.

გიორგი: აქამდე თუ სატელევიზიო ნაწილს იწყებდა ათეული, მესამე სეზონიდან იქნება 12 კონკურსანტი. ვამატებთ cooking station-ს. ეპიზოდების რაოდენობა არ შეიცვლება, მაგრამ კონკურენციის გასამძაფრებლად, იქნება დავალებები, რის შემდეგაც შეიძლება განახევრდეს მონაწილეთა რაოდენობა, ან ორი კონკურსანტი გავარდეს, ან – სამი. შოუს ეს ეპიზოდი განსაკუთრებით ემოციური და დრამატული იქნება. ყოფილა მომენტები, როდესაც მონაწილეებსაც ჰქონიათ განცდა, რახან არ ვარდებოდნენ შედარებით მოდუნებულან. ამიტომ, ახლა იქნება ნაკლები ადგილი, მეტი კონკურენცია.

“მასტერშეფის” მეორე სეზონის გამარჯვებული ნუცა სურგულაძე

თქვენ რა მოლოდინები გაქვთ?

გიორგი: ჩვენ ტელე-პროდუქტს ვქმნით და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ პირველი არხი, სატელევიზიო რეიტინგებში პირველ ადგილზე „მასტერშეფის“ დამსახურებით გავიდა. ამის გამეორება მართალია, რთული იქნება, მაგრამ რაკი ერთხელ გავაკეთეთ, ნიშნავს, რომ შესაძლებელია ისევ ასეთი შედეგის მიღწევა. გარდა ამისა, გვინდა ინტერნეტში მეტი „ინგეიჯმენთი“ გვქონდეს. ეს მზარდი ბაზარია და ყველა მიმართულებით ლიდერობა გვინდა. ვაპირებთ, „ინსტაგრამში“ უფრო მეტად გამოვჩნდეთ. მომხმარებლებისგან იყო მოთხოვნა, კერძების Glamour Shoot-ები უფრო აქტიურად განთავსდეს „ინტაგრამზე“. ინტერნეტით მომხმარებელთა სეგმენტაცია ხდება, ამიტომ გვინდა, ყველას ინტერესი დავაკმაყოფილოთ – ვინც Facebook-ზეა, შეიძლება არ იყოს Instagram-ზე, ვინც Tik-Tok-ზეა, არ იყოს YouTube-ზე და ა.შ. ამიტომ, ყველა არხში კიდევ უფრო მეტად გავაქტიურდებით.

დემნა: მესამე სეზონი იქნება ხარისხით უფრო სტაბილური. არსებითს ცვლილებებს ვგეგმავთ კონტენტის მიმართულებით. ვინაიდან, მაყურებელთა შორის, ახალგაზრდები გამოჩნდნენ და იუმორით აიტაცეს ჩვენი შოუ, ვაპირებთ Tik-Tok-ის გააქტიურებას. სოციალურ მედიაში ცვლილებებით, რა თქმა უნდა, გადაცემა მიიღებს კიდევ უფრო რეიტინგს, მაგრამ რაკიღა ასეთი პოპულარულია, გვინდა მთლიანად მოვემსახუროთ და დავაკმაყოფილოთ ყველა სეგმენტის ინტერესი. გარდა ამისა, სადაც მაყურებელმა დაგვზოგა, მაგრამ ჩვენ უკეთ ვიცით, რა არის ხარისხობრივად და კონცეპტუალურად დასახვეწი, ამასაც აუცილებლად გავაკეთებთ.

 

[პარტნიორის კონტენტი]

„ავერსის კლინიკაში“ ტვინის ღრმა სტიმულაციის (DBS) ოპერაციები ჩატარდება

Menu.ge-ს განახლებული აპლიკაცია და „ქეშბექი“ ყველა მომხმარებლისთვის