2019 წლის მაისში ქართულ ტელეეკრანებზე გამოჩნდა შოუ, რომელიც ქართველი მაყურებლისთვის ბევრი და დიდი ემოციების, შთაგონების, მოტივაციის წყაროდ ძალიან სწრაფად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტის პირველი სეზონი იყო, მას 58 მილიონი ნახვა დაუგროვდა. მეგა შოუ „მასტერშეფის“ მეორე სეზონის პრემიერა სულ ახლახანს, 26 ოქტომბერს ონლაინ, youtube-ზე შედგა, რაც სიახლეა ქართული ტელესივრცისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ონლაინ პრემიერამ გაამართლა, რაგან გადაცემის პირველი ეპიზოდი 240 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ნახა.
სწორედ ამ შოუს წყალობით, მაყურებელმა უამრავი ექსპერიმენტი ჩაატარა თავის სამზარეულოში, უგულშემატკივრა მათთვის საყვარელ მონაწილეებს და გაფაციცებით ადევნებდა თვალს გამარჯვებისთვის მებრძოლ კანდიდატებს შორის არსებულ დაძაბულობას. „მასტერშეფი“ ქართველი მაყურებლის ტრადიციად იქცა. იმ ტრადიციად, რომელსაც აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა საინტერესო გაგრძელება – საინტერესო მონაწილეებით, შეფების გურმანული რეაქციებითა და უბრალოდ საინტერესო კერძებით. ასეც მოხდა. გასულ შაბათს ონლაინ, კვირას კი სატელევიზიო ეთერით ქართველი მაყურებელი ბევრ საინტერესო მონაწილეს გაეცნო, ბევრსაც კი – მალე გაეცნობა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელი სტრატეგია Digital the first -ზე, ანუ ონლაინ უპირატესობაზეა აგებული, სადაც ახალი მედიის ყველა ინსტრუმენტია გამოყენებული.
ორიგინალური რეცეპტებისა და შთაგონებული მონაწილეების გულშემატკივრობის ფონზე კი, ახალგაზრდა მომღერლების მიერ შესრულებულ სიმღერებს ვუსმენდით და აქაც ჩვენს ფავორიტებზე ვაკეთებდით აქცენტს. თუმცა, ჯამში, ეს ნამდვილად ის პროექტი იყო, რომელმაც უამრავი საინტერესო ადამიანი გაგვაცნო და უკვე კარგად ნაცნობი კომპოზიციების საინტერესო ვარიაცია მოგვასმენინა.
წელს „საქართველოს ვარსკვლავის“ მეორე სეზონის პრემიერა 26 ოქტომბერს შედგა. მასში საზოგადოებისთვის ახალი და უკვე ცნობილი ადამიანები იღებენ მონაწილეობას, რაც კონკურსს კიდევ უფრო საინტერესო სახეს აძლევს. მათ ახალი შემადგენლობის ჟიური აფასებს: დავით ალადაშვილი, თინათინ ბერძენიშვილი, დათო ევგენიძე და ნათია თოდუა. კასტინგების სერიის შემდგომ, 16 ნოემბრიდან საქართველოს ვარსკვლავის ლაივშოუები თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან პირველი არხის პირდაპირ ეთერში გავა. გარდა ამისა, თუ ხშირად ტელეშოუებში ხმის მისაცემად მობილურზე ნომრის აკრეფვა გვჭირდება, საქართველოს ვარსკვლავში ხმის მიცემა მარტივია და მაყურებელს FB გვერდის საშუალებითაც შეუძლია, თავის რჩეულს ხმა მისცეს.
ალბათ, ბევრ რამეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ პირველ სეზონზე მასტერშეფმა ონლაინ სივრცეში 58 მილიონი ნახვა დააგროვა, საქართველოს ვარსკვლავმა კი – 25 მილიონი.
ზემოთ ნახსენები მეგაშოუების ხილვა სწორედ იმ გადაწყვეტილების ფონზე შევძელით, რომ წინა სეზონზე პირველმა არხმა ქართული, ორიგინალური კონტენტის წარმოება გააორმაგა და 6 -დან 12 საათამდე გაზარდა პირველი არხის ეთერში ადგილობრივი პროდუქციის განთავსება. ყველაფერი ეს კი 2018 წელს წელს მაუწყებლობის შესახებ კანონში შესულმა ცვლილებებმა განაპირობა, რომლის მეშვეობითაც არხმა გარე წარმოების ისეთი პროდუქტები შეიძინა, როგორებიცაა „საქართველოს ვარსკვლავი“, „მასტერშეფი“, სერიალი „იდეალური დედა“, „რა, სად, როდის?!“ და სხვა. დღევანდელ მედიაბაზარზე მხოლოდ პირველი არხი სთავაზობს მაყურებელს საერთაშორისო, ლიცენზირებულ პროექტებს, მათი უპირატესობა საერთაშორისო ბაზარზე გავლილი მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალი სატელევიზიო სტანდარტია, რაც სამწუხაროდ დღევანდელ ტელესივრცეში პრაქტიკულად აღარ არსებობს. დღეს პირველი არხი ფლობს ხუთი საერთაშორისო ფორმატის ლიცენზიას და ნერგავს მაღალ სატელევიზიო კულტურას და სტანდარტს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ შოუების ყურება ქართველი მაყურებლებისთვის ტრადიციად იქცა და მათ უკვე ზუსტად იციან სად გაატარებენ ხშირად შაბათ-კვირის საღამოებს – სახლში, ტელევიზორთან.
[პარტნიორის კონტენტი]